ბასილაია: დასკვნა ყველა ეტაპზე დადებითი იყო, შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის დროს არ გაეცათ თანხმობა ჩაბარებაზე

338

წინა სტატია

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით ვაკის პარკის მცირე კასკადისა და  შადრევნის რეაბილიტიაციის პროექტის დასკვნა ყველა ეტაპზე ცალსახად დადებითი იყო და შესაბამისად, მერიის თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის დროს ჩაბარებაზე თანხმობა არ გაეცათ.

ბასილაიას განცხადებით ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და მერიის ინტერესი არის მიზეზების გამოკვლევა, თუ რატომ არ იმუშავა ამა თუ იმ უსაფრთხოების მექანიზმმა.

“გამოძიებასთან სრულად ვთანამშრომლობთ და ნებისმიერი ჩვენგანი მზად არის, აგოს პასუხი, თუკი რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება.

რაც შეეხება ამ პროექტს – ჩვენ არ შევისყიდეთ ცალკე შადრევანი, ცალკე ელექტროგაყვანილობა ან რამე კომპონენტი. ჩვენ შევისყიდეთ სრულყოფილი კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ყველა საჭირო კომპონენტს მოიცავდა. როდესაც პროექტის განხორციელება დაიწყო, გარკვეული ეტაპები დედაქალაქს ჩაბარდა. ყველა ასეთი ეტაპი არის დაექსპერტებული და ჩაბარებული. მათ შორის, შადრევნის ნაწილი. თვითონ შადრევნის ნაწილის საექსპერტო დასკვნა არის ხუთას გვერდზე მეტი. ეს დასკვნა სახელმწიფო შესყიდვების საიტზე დევს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს ნახოს.

რაც შეეხება ჩვენს სამსახურებს – ჩვენი სამსახური ამოწმებს აკრედიტირებული არის თუ არა ექსპერტი აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობის შემოწმების უფლება და ასევე, დასკვნის შინაარსს ამოწმებს, არის თუ არა დასკვნა დადებითი. დასკვნა ცალსახად ყველა ეტაპზე იყო დადებითი. ცალსახად ყველა ეტაპზე დასკვნაში ნახსენები იყო, რომ შესრულებული სამუშაო პროექტს შეესაბამება და ეს პროექტი ქვეყანაში ყველა არსებული სამშენებლო ნორმის მიხედვით არის შესრულებული. შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის დროს ჩაბარებაზე თანხმობა არ გაეცათ.

თბილისის მუნიციპალიტეტს ამ შემთხვევაში არ და ვერ ეყოლებოდა ყველა დარგის ექსპერტი, რომ შესაბამისი ექსპერტიზის ექსპერტიზა მომხდარიყო,” – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

როგორც თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა გამოკითხვაზე მისვლისას განაცხადა, შადრევანი ექსპერტიზის მიერ არაერთხელ შემოწმდა და მერიის სამსახურმა მრავალჯერ დატესტა.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. მისივე განცხადებით, თუ მას მომხდარში რაიმე დანაშაული მიუძღვის, მზად არის, კანონის წინაშე პასუხი აგოს.

ცნობისთვის, შადრევანი, რომელმაც 13 ოქტომბერს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ 12 ოქტომბერს გახსნა. ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის კი 6.5 მილიონი დაიხარჯა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.