დეპუტატი ანა წითლიძე წალენჯიხის მერის ავტომანქანის დაწვას, მისი დაშინების მცდელობად აფასებს. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ გია ხარჩილავას მიმართ იყო არაერთი მუქარა, რაზეც მანამდე არ უსაუბრიათ, რომ თუ არ გაჩერდებოდა, არ შეწყვეტდა დაწყებულ რეფორმებს, არ შეწყვეტდა მხილებას კორუფციული გარიგებების და სქემების, რაც იყო წალენჯიხაში “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, მას ექნებოდა პრობლემები. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ანა წითლიძის განმარტებით, უახლოეს პერიოდში მერი გეგმავდა ბრიფინგებს ამ თემებზე და მზად ჰქონდა პროკურატურისთვის გადასაცემი მასალები, ავტომანქანის აფეთქება კი “საეჭვოდ დაემთხა” დაგეგმილ ბრიფინგებს.
“ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში და ამაში ახალი არაფერია, სადაც “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ოპონენტებს ებრძვის ასეთი რუსული მეთოდებით – აფეთქებებით, მანქანების დაწვით, მუქარით და ძალადობით”, – აღნიშნა ანა წითლიძემ.
კითხვაზე, ვინ ემუქრებოდა მერს, დეპუტატმა განმარტა, რომ მსგავსი გზავნილები ძირითადად მოდის ყოველთვის ხელისუფლებისგან.
მანვე განმარტა, რომ ისინი წალენჯიხაში, ადგილზე გაეცნობიან საქმის დეტალებს, შეხვდებიან პოლიციას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ყველაფერს გააკეთებენ დამკვეთების და შემსრულებლების დასასჯელად.
ენმ-ს წარმომადგენელი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ გამოიძიონ ეს საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვლიან, რომ შსს და ხელისუფლება მომხდარის თანამონაწილეა.
მანვე მიმართა რეაგირებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს.
თავის მხრივ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა, მისი ავტომანქანის დაწვის ფაქტს გარკვეულ აქტად აფასებს, რომელიც რაღაც გზავნილს მოიცავს. მისი თქმით, წალენჯიხა არის ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტი, რომელიც რეფორმებს ახორციელებს, ანტიკორუფციულ სქემებს შიფრავს და ამხელს და შესაძლოა ამან ვიღაც გააღიზიანა.
წალენჯიხის მერის ავტომანქანა მერის სახლთან, გამთენიისას დაიწვა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს.