მარნეულის მერია სამოქალაქო ჩართულობის გასაძლიერებლად ევროპის საბჭოს პროექტში მიიღებს მონაწილეობას

375

მარნეულის მუნიციპალიტეტსა და ევროპის საბჭოს შორის პროექტ „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება, ადგილობრივ დონეზე საქართელოში“ ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა. “რადიო მარნეულთან“ საუბრისას ევროპის საბჭოს პროექტის ოფიცერმა პელაგია მახაურმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოსა და პროექტის ფარგლებში შერჩეულ 15 მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი 22 სექტემბერს გაფორმდა.

„მემორანდუმში გამოკვეთილია რამდენიმე მიმართულება რომლის ფარგლებშიც მოხდება შერჩეულ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა. ძირითადად სამი მიმართულება გვაქვს. პირველი ეს არის ექსპერტული მხარდაჭერა მუნიციპალიტეტებისათვის, იმისთვის რომ მათ გააძლიერონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის სამართლებრივი ჩარჩო, პოლიტიკის ჩარჩო და ასევე სამოქალაქო ჩართულობის ფორმების იმპლემენტაციის პრაქტიკა. მეორე მიმართულება ეს არის, თვითონ მუნიციპალიტეტის ორგანოების, მერიების, საკრებულოების თანამშრომლების კვალიფიკაციის და უნარების გაძლიერება სამოქალაქო ჩართულობის თემატიკასთან დაკავშირებით. მესამე მიმართულება არის უკვე ცნობიერების ამაღლების მიმართულება, რაც გულისხმობს როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამშრომლების, ასევე სამოქალაქო სექტორის და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას სამოქალაქო ჩართულობის თემატიკასთან დაკავშირებით“. – განაცხადა პელაგია მახაურმა.

ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება, ადგილობრივ დონეზე საქართელოში“ ოფიცერმა განმარტა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის, ისევე როგორც პროექტში მონაწილე ყველა მუნიციპალიტეტის შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდა.

„გამოცხადებული იყო კონკურსი სადაც, გაწერილი იყო ის კრიტერიუმები, რომლებიც მუნიციპალიტეტებს უნდა დაეკმაყოფილებინათ და ასევე წარედგინათ ინტერესის გამოხატვის წერილები. კრიტერიუმები ძირითადად ეხებოდა, რა თქმა უნდა, იმას, რომ მუნიციპალიტეტი უნდა საჭიროებდეს სამოქალქო ჩართულობის პრაქტიკის მიმართულებით გაძლიერებას და თუ რამდენად ერგება ეს საჭიროებები პროექტის მიზნებსა და შესაძლებლობებს. ასევე, მუნიციპალიტეტს უნდა ეჩვენებინა საკონკურსო განაცხადში, რომ ჰქონდა სურვილი და მზაობა იმისთვის რომ ამ მიმართულებით პროექტთან ეთანამშრომლა. ასევე, უპირატესობა ენიჭებოდა შესაბამისი რესურსების არსებობას, სადაც ადამიანური რესურსებიც იგულისხმება. ასევე უპირატესობა ენიჭებოდა მუნიციპალიტეტებს სადაც ეთნიკური უმცირესობის დიდი რაოდენობაა წარმოდგენილი“.

პელაგია მახაურის განმარტებით მემორანდუმი პროექტის დასრულებამდე, 2023 წლის ბოლომდე, გაგრძელდება. რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, მოახდენს თუ არა პროექტის მიმდინარეობაზე გავლენას მარნეულის მუნიციპალიტეტის ღიაობის დაბალი ინდექსი და ფაქტი, რომ მედიის წარმომადგენლებს ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალჩინოსნებისაგან ინტერვიუს აღების შესაძლებლობა არ აქვთ, მახაური კომენტარს ვერ აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ მათთვის მთავარია, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან არის პროექტში მონაწილეობის მზაობა, რაზეც მომორანდუმზე ხელის მოწერაც მეტყველებს და აიმედოვნებს, რომ ევროპის საბჭოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტს წარმატებული თანამშრომლობა ექნებათ.