დადიანების სასახლეთა მუზეუმი და ეზო “მეჯლისის” გამო დაიხურება

374
დადიანების სასახლე

“საშობაო მეჯლისის” გადაღებებთან დაკავშირებით დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი და მისი ეზო დღეიდან რამდენიმე დღით დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა არ ეხებათ მეცნიერებსა და მკვლევარებს და მათთან შეთანხმებული შეხვედრები დაგეგმილ რეჟიმში განხორციელდება. ამასთან, შეთანხმებული გრაფიკის გათვალისწინებით ჩატარდება ყველა საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც დაგეგმილია 5-9 ოქტომბრის განმავლობაში.

“29 სექტემბრიდან მიმდინარეობს სამუშაოები პროექტისთვის “საშობაო მეჯლისი დადიანების სასახლეში”. მოგახსენებთ, რომ დაგეგმილი გადაღებების გამო, 5-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით მუზეუმი დაიხურება დამთვალიერებლებისთვის და გადაიკეტება მუზეუმის წინ მდებარე ტერიტორია. 11 ოქტომბერს კი მუზეუმი ახალი გამოფენით გიმასპინძლებთ. გამოფენასთან დაკავშირებულ დეტალებს უმოკლეს ვადაში გაცნობებთ. მუზეუმის ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის!”, – ვკითხულობთ მუზეუმის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დადიანების სასახლეთა ეზოში ე.წ საშობაო მეჯლისის გადაღებებისთვის დეკორაციების მონტაჟი რამდენიმე დღის წინ დაიწყო.