მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ მოლაოღლში შიდა გზების დაგებისათვის გათვალისწინებული 400 000 ლარი სხვა სოფლებში სასმელი წყლის მოწყობის პროექტებზე გადაანაწილა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
2021 წლის პირველ დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ბიუჯეტში აღნიშნული იყო რომ წელს მოლაოღლის შიდა გზების დაგებისათვის 400 000 ლარი დაიხარჯებოდა. თუმცა, ირკვევა, რომ 2022 წელს სოფელში შიდა გზები არ დაიგება. მარნეულის მერიის ინფორმაციით, 2022 წლის დაგეგმილ პროექტებში მერიამ პრიორიტეტად წყლის პრობლემა განსაზღვრა.
„გაცნობებთ, რომ მერიის წინაშე მდგარი პრობლემებიდან გამომდინარე, 2022 წლის დაგეგმილ პროექტებში მერიამ პრიორიტეტად განსაზღვრა წყლის პრობლემა, რომლის მოგვარებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში ამ ეტაპისთვის შეძენილია საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც შემდგომ წლებში ეტაპობრივად იქნება განხორციელებული“, – აღნიშნულია მარნეულის მერიიდან ოფიციალურ წერილში.
როგორც “რადიო მარნეულს“ მერიაში განუცხადეს, სოფელ მოლაოღლის ნაწილში შიდა გზები წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიგება. საუბარია სოფლის შიდა გზების ერთ მონაკვეთზე, რომელზეც ბეტონის საფარის გზა მოწყობა, რაც შეეხება სოფლის სხვა შიდა გზებს, მერიაში განმარტავენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მომდევნო წლებში გამოყოფენ თანხას.