ავტორი: ეკატერინე ბასილაია
თენგიზ ჩიტიაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნებიდან” 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მანამდე, 2016-2020 წლებში ის -შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო, უფრო ადრე, 1994-2014 წლებში კი – პროკურორი. დეკლარაცია პირველად აქვს შევსებული 2022 წლის იანვრის ბოლოს, მას შემდეგ,რაც მერად აირჩიეს. სხვათა შორის, ჩიტიაშვილის მერად არჩევამდე 1 წლით ადრე, სწორედ მისი დამსაქმებელი კომპანიის ერთ-ერთი მეწილე და ბიძინა ივანიშვილის ძმის ბიზნესპარტნიორი, ზაალ (ზაზა) დუგლაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა იმავე, ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქიდან. ეს ის დუგლაძეა, რომლის პირველ ტურში ვერგამარჯვებასაც ხაშურის მაშინდელი მერი, გიორგი გურასპაშვილი შეეწირა.
თენგიზ ჩიტიაშვილი 51 წლისაა, დაბადებულია თბილისში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. დეკლარაციაში ოჯახის წევრად მითითებული ჰყავს მხოლოდ მეუღლე.
ხაშურის მერი თავად უძრავ ქონებას არ ფლობს. საცხოვრებელი სახლი აქვს მეუღლეს, ნინო კაპანაძეს, რომლისთვისაც 2018 წელს თბილისში, აწყურის ქუჩაზე უჩუქებიათ 37 კვ.მ ბინა. იქვე აღნიშნულია, რომ ბინის ღირებულება 90 000 ლარია.
თენგიზ ჩიტიაშვილი ფლობს მოძრავ ქონებას, მას 2020 წელს 30 000 ლარად უყიდია 2000 წელს გამოშვებული ავტომანქანა “BMW” 528i.
დეკლარაციის თანახმად, არც თავად ხაშურის მერი და არც მეუღლე არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, არ მონაწილეობენ სამეწარმეო საქმიანობაში, არ მიუღიათ იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო.
თენგიზ ჩიტიაშვილს “საქართველოს ბანკიდან” 2020 წელს გამოტანილი აქვს 21 090 ლარის სამომხმარებლო სესხი, რომელიც 2025 წელს უნდა დაფაროს.
დეკლარაციის შევსების დღეს “საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 3800 ლარი ჰქონდა, ხოლო ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 2 400 ლარი ედო. მისი მეუღლის საბანკო ამონაწერი აღნიშნული არ არის.
ხელფასის გრაფა ჩიტიაშვილს შევსებული არ აქვს. თუმცა, ცოტა ქვევით გრაფაში, სადაც საკუთარი და ოჯახის წევრების 3000 ლარს ზევით შემოსავლი უნდა ჩაიწეროს, აღნიშნულია, რომ მერს 2021 წელს მიუღია 3 204,51 ლარის, 10 401,75 ლარისა და 34 160 ლარის ხელფასი სამი სხვადასხვა წყაროდან. იქვე აღნიშნულია ისიც, რომ მეუღლეს, ნინო კაპანაძესაც მიუღია 1500 ლარის ხელფასი. ამ გრაფაში სავალდებულო არ არის და შესაბამისად, არც წერია, თუ რა სამუშაოდან მიიღეს ხაშურის მერმა და მისმა მეუღლემ ეს შემოსავლები.