რა ქონებას ფლობს ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე

536

წინა სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

ნინო ლიპარტელიანი “ქართული ოცნებიდან” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე პირველადაა და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციაც პირველად თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ შეავსო – 2022 წლის იანვარში.

ნინო ლიპარტელიანი 53 წლისაა, დაბადებულია ხაშურში. ის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტისა და გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორია.

დეკლარაციაში ოჯახის წევრად მითითებული ჰყავს მხოლოდ მეუღლე.

ნინო ლიპარტელიანს უძრავი ქონება არ გააჩნია. უძრავ ქონებას ფლობს მისი მეუღლე, ანზორ ნადირაშვილი, რომელსაც ხაშურის სოფელი ვაყაში 528 კვ.მ საცხოვრებელი სახლი მემკვიდრეობით 2005 წელს მიუღია. ეზოში დგას 191.20 კვ.მ სახლი და 57.10 კვ.მ შენობა-ნაგებობა.

არც ნინო ლიპარტელიანს და არც მისი მეუღლეს ავტომანქანა არ ჰყავთ.

თავად ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული არ არის. ორ შპს 100%-იანი წილით ფლობს მისი მეუღლე. ანზორ ნადირაშვილი 2018 წელს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში დარეგისტრირებული შპს “ბილდ+”-ის მფლობელი და დირექტრია. მას გასულ წელს ამ შპს-დან 3 000 ლარის შემოსავალი მიუღია. გარდა ამისა, ფლობს 2016 წელს სოფელ ვაყაში დარეგისტრირებულ შპს “დასა”-ს, რომლის დირექტორიცაა და საიდანაც გასულ წელს 9 000 ლარის შემოსავალი მიუღია.

რაც შეეხება ნინო ლიპარტელიანის შემოსავლებს, მას გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორის პოზიციიდან 2021 წელს 14 996,8 ლარის ანაზღაურება მიუღია; საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის პოზიციიდან – 2 840 ლარის ანაზღაურება; ასევე 2021 წლის მაისში “ტოლერანტობის ცენტრის” ტრენერის პოზიციიდან აქვს მიღებული 301,44 ლარი.

ლიპარტელიანი საკრებულოს თავმჯდომარედ 2021 წლის 3 დეკემბერს აირჩიეს და ამ ერთ თვეში 2045,22 ლარის ანაზრაურება აქვს მიღებული.

გარდა ამისა, ხელშეკრულების გრაფაში აღნიშნულია, რომ მას საცხოვრებელ ბინაზე სამკვიდრო მოწმობა აქვს გაცემული 2009-2010 წლის ვადით და 30 000 ლარის შემოსავალი მიუღია.

დეკლარაციის შევსების დღეს ნინო ლიპარტელიანს “ლიბერთი ბანკის” სამომხმარებლო ანგარიშზე 1201 ლარი ჰქონდა, ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე – 50,77 ლარი, ხოლო სახელფასო ანგარიშზე – 1264,76 ლარი.

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მეუღლე არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, ასევე, არ მიუღიათ იმ ღირებულების საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაეწერათ.