სამხარაულის ბიურომ ჩამონგრეული აივნების კორპუსის შესწავლა დაასრულა – რა წერია დასკვნაში

409

ლევან სამხარეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ქალაქ მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩა N1-ში არსებული მრავალბინიან საცხოვრებელი კორპუსი შეისწავლა. დასკვნის მიხედვით, შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები ესაჭიროება. სარდაფებში ჩამავალი წყლების გამო შესაძლოა განვითარდეს დეფორმაციები, რაც საფრთხეს უქმნის მდგრადობას. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

“შენობის სახურავზე და სადარბაზოებში კიბის უჯრედებში მოწყობილი წყლის ავზების გამო გადახურვის კონსტრუქციებზე საგრძნობლად მომატებულია დატვირთვები, რაც საფრთხეს უქმნის აღნიშნული კონსტრუქციების მზიდუნარიანობას. ამასთან ერთად, ავზებიდან დაღვრილი და დაზიანებული სახურავის ფენილიდან შენობაში შეღწეული წყლების გამო ძლიერ დაზიანებულია გადახურვის ფილები და მათი არსებული სახით ექსპლუატაცია არასაიმედოა. იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს შენობის უსაფრთხო ექსპლუატაცია, მიზანშეწონილად მიგვაჩნია განხორციელდეს შენობის სახურავზე და სადარბაზოებში კიბის უჯრედებში მოწყობილი წყლის ავზების დემონტაჟი და სახურავის ფენილის შეცვლა , რათა გამოირიცხოს შენობაში წყლის შემოღწევა და სარდაფებში ჩადინება. ამასთან ერთად, უნდა შეიცვალოს გადახურვის დაზიანებული ფილებიც. ზემოთაღნიშნული სამუშაოების ჩატარებამდე შენობის ექსპლუატაცია არასაიმედოა“ – წერია ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაშ.

ნარიმანოვის N1-ში არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელს ასევე დაზიანებული აქვს კორპუსს ეზოს მხრიდან შენობის ფასადზე მოწყობილ აივნები. მათზე არსებული დაზიანებებიდან გამომდინარე, აკრძალულია აივნებით სარგებლობა.

საცხოვრებელი კორპუსის სახურავისა და აივნების რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენისათვის 14 160 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა მერიამ უკვე განახორციელა.

გთავაზობთ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის მიერ შესწავლილ საცხოვრებელი კორპუსისი ფოტომასალას, რომელიც მერიის გამარტივებულ შესყიდვაშია ატვირთული.