მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აივნის ჩამოშლის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის თავშესაფრის უზრუნველსაყოფად თანხები მეორედ გამოყო. მერიამ სასტუმროს მომსახურებისათვის ხელშეკრულება სასტუმრო კავკაზთან 17 ივლისიდან გააგრძელა და 37 800 ლარი გადაიხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„განხორციელდეს, ქ. მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩა N1-ში არსებული მრავალბინიან საცხოვრებელი სახლიდან გასახლებული 24 მოქალაქის დროებით, მათი უსაფრთხო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის სასტუმროში გადაყვანის მიზნით, (ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საფრთხე ემუქრება/ ექმნება ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით) სასტუმრო მომსახურების გადაუდებელი აუცილებლობით გამარტივებული შესყიდვა. „ – წერია მარნეულის მერის, კენან ომაროვის ბრძანების წერილში.
გამარტივებული ტენდერის სმიხედვით, მოსახლეობას სასტუმროში განთავსება საცხოვრებელი კორპუსის სახურავისა და აივნების რეაბილიტაციამდე მოუწევთ. ამ ეტაპზე, სავარაუდო თარიღად 15 კალენდარული დღე განიხილება, თუმცა როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, შესაძლოა სასტუმროში განთავსების დღეები გახანგრძლივდეს და თახის გამოყოფა დამატებით გახდეს საჭირო.
28 ადამიანი სასტუმრო „კავკაზში“ თავდაპირველად 1-ლი ივლისიდან თექვსმეტი დღით გადაიყვანეს, რაშიც მერიამ 40 000 ლარი გადაიხადა. ახალი ხელშეკრულების პირობები 24 ადამიანზეა გათვლილი. მუნიციპალიტეტმა თანხა ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოჰყო.
26 ივნისს მარნეულში ნარიმანოვის ქუჩა N1-ში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის აივანი ჩამოინგრა, რამაც მეოთხე სართულის აივნის ნგრევაც გამოიწვია. აივნების ნგრევის შედეგად ორი ქალი გარდაიცვალა. მათგან ერთ-ერთი ორსულად იყო, ექიმებმა ბავშვის გადარჩენა მოახერხეს.
აივანჩამონგრეული კორპუსის მდგომარეობა ლევან სამხარეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეისწავლა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობას გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები ესაჭიროება.
საცხოვრებელი კორპუსის სახურავისა და აივნების რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენისათვის 14 160 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა მერიამ უკვე განახორციელა.