გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 50 800 ჰა-ზე ეროვნული პარკი დაარსება კიდევ ერთხელ დაანონსა. მთავრობაში ჯერ კიდევ 2018 წელს გვპირდებოდნენ, რომ 2019 წლისთვის რაჭას ეროვნული პარკი და ბუნების რამდენიმე ძეგლი ექნებოდა.
“დღეს მთავრობამ მოიწონა საქართველოს კანონის პროექტი რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰექტარზე დაარსდება ეროვნული პარკი. ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, პირველ რიგში იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი უნიკალური ბუნება და ბიომრავალფეროვნება, ვიზრუნოთ მასზე, ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა რეგიონისთვის, რომ იქ განვითარდეს შესაბამისი ეკოტურისტული სერვისები, დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მიიღონ შემოსავალი და განავითარონ ბიზნესი”, – თქვა ოთარ შამუგიამ.
მისივე განცხადებით, დაფინანსება მთავრობას გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან, ასევე, კავკასიის ბუნების დაცვის ფონდიდან აქვს, რისი ნაწილიც რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებას მოხმარდება.