როგორი უნდა იყოს თანამედროვე სათემო ბიბლიოთეკები – კივიტას გეორგიკას პროექტი რეგიონებში

2628

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

“დღეს ახალგაზრდები მხოლოდ წიგნისთვის ბიბლიოთეკაში ნაკლებად მივლენ. ახალგაზრდები ბიბლიოთეკას უნდა ხედავდნენ ადგილად, სადაც შეუძლიათ, მეგობრებთან ერთად საკუთარი ინიციატივები განავითარონ, იმუშაონ პროექტებზე, საფუძველი ჩაუყარონ იმას, რაც შემდგომ საკუთარი სოფლის, დაბისა თუ ქალაქის განვითარებას წაადგება. ბიბლიოთეკაში მისვლის ბევრი მიზეზი არსებობს, შესაძლოა, მიდიოდეს მოხალისეობრივი თვალსაზრისით, რომ სხვას გაუზიაროს თავისი ცოდნა. მაგალითად, ასწავლოს კომპიუტერის, ინტერნეტის მოხმარება, ჩაატაროს ტრენინგი, ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა ღონისძიებას. ფანტაზიის ამბავია,” – როგორი უნდა გახდეს თანამედროვე სათემო ბიბლოთეკები საქართველოში, ამ თემაზე droa.ge-სთან საერთაშორისო ასოციაცია “კივიტას გეორგიკას” პროექტის მენეჯერი ქეთევან აბაზაშვილი საუბრობს.

– მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორია დღეს ქართული ბიბლიოთეკები, რა კეთდება და რა ძირითადი პრობლემებია ამ მიმართულებით?

– ბიბლიოთეკების უპირველესი პრობლემა, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით იგრძნობა, ინფრასტრუქტურული სიმწირეა – ბიბლიოთეკაში შედიხარ და თითქოს საბჭოთა კავშირში ბრუნდები. მხოლოდ ძველი, მტვრიანი წიგნები და არანაირი თანამედროვე ინვენტარი, ხშირ შემთხვევაში, ერთი კომპიუტერიც კი არ აქვთ. გამონაკლისები არსებობს, თუმცა, ეს არის ცალსახა პრობლემა ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამიტომ, 2020 წელს, როცა პანდემია ახალი დაწყებული იყო, ჩვენმა ორგანიზაციამ, “კივიტას გეორგიკამ”, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან თანამშრომლობით, ბიბლიოთეკების გაძლიერების პროექტი დავიწყეთ, რომელსაც ერქვა “მაღალმთიან რეგიონებში სათემო ბიბლიოთეკების დახმარება პანდემიის პირობებში, ონლაინსერვისების გასაზრდელად”. ჩვენი სამიზნე იყო მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და იმერეთის 9 მუნიციპალიტეტის 26 ბიბლიოთეკა. თიანეთის მუნიციპალიტეტში 4 ბიბლიოთეკა, ამბროლაურში – 3, ცაგერში – 3, ონში – 5, ლენტეხში – 2, ტყიბულში – 3, დუშეთში – 2, ბაღდათში – 2, წყალტუბოში – 2 ბიბლიოთეკა აღვჭურვეთ ციფრული ტექნიკით, გადავეცით კომპიუტერები, პრინტერები, ჩავურთეთ ინტერნეტი, დიჯიტალური სერვისების ბარათის წამკითხველები და სხვა.

ამ ონლაინსერვისების გააქტიურებამ თითქოს ახალი სიცოცხლე შეიტანა სოფლებში. ვიგებდით,  რომ, მაგალითად, რაჭის მივარდნილ სოფელში მოხუცი ბებო-ბაბუები საზღვარგარეთ მყოფ ახლობლებს სკაიპით ესაუბრებოდნენ, ხოლო ლენტეხის ერთ სოფელში, სადაც ინტერნეტი მასობრივად არ არის, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, ამ სერვისის დახმარებით, ჩააბარა გემის კაპიტნის ონლაინგამოცდა.

ინფრასტრუქტურა არ არის ერთადერთი პრობლემა, რის წინაშეც ჩვენი ბიბლიოთეკები დგანან. განვითარების მხრივ დიდი დაბრკოლებაა საბიბლიოთეკო პერსონალის ანაზღაურება, რაც, უმეტესად, მიზერულია და ამასთან, ასიმეტრიულიც, დამოკიდებულია მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის კონკრეტული ორგანოს წარმომადგენლის პრიორიტეტებზე. მაგალითად, ახლა, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, ვახორციელებთ პროექტს “საჯარო ბიბლიოთეკებისა და სკოლების დაკავშირება მაღალი სათემო მონაწილეობისთვის”, რომელშიც 7 მუნიციპალიტეტიდან 7 საჯარო სკოლა და 7 საჯარო ბიბლიოთეკაა ჩართული. როგორც ბიბლიოთეკების წარმომადგენლებისგან ვიცი, შესაძლოა, ერთგან ხელფასი 400 ლარი იყოს, სხვაგან კი – 120. რა თქმა უნდა, ეს, გარკვეულწილად, უსამართლობის შეგრძნებას იწვევს, როდესაც კონკრეტული ინდივიდების განწყობასა და პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რა შესაძლებლობები და მოტივაცია ექნებათ ბიბლიოთეკარებს.

ერთ მაგალითს მოვიყვან, ზემოთ ნახსენები პროექტის ფარგლებში, რომელიც სკოლებისა და ბიბლიოთეკების დაკავშირებას ეხება, კონფერენციაზე ვუმასპინძლეთ პოლონელ ბიბლიოთეკარს, რომელიც საქართველოში გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდა, მეორე დღეს პოლონელი სტუმარი პროექტის მონაწილე ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში უნდა ჩაგვეყვანა ადგილობრივ ბიბლიოთეკარებთან შესახვედრად, თუმცა, ბიბლიოთეკარი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მერიიდან საყვედური მიიღეს, რადგან დაგეგმილი სტუმრობა მერთან ბევრად ადრე უნდა შეეთანხმებინათ. საბედნიეროდ, პირადი კონტაქტების გამოყენებით, შეხვედრა მაინც შედგა.

– ზოგადად, რას აკეთებენ, ან არ აკეთებენ მუნიციპალიტეტები ბიბლიოთეკებისთვის? თუნდაც, ამ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში რა ხდება ამ მხრივ?

– რა კეთდება მუნიციპალიტეტის მხრიდან გამიჭირდება გითხრათ. მაგალითად, იმავე მუნიციპალიტეტში ქალაქის ბიბლიოთეკაზეა საუბარი და სრულად საბჭოური ინფრასტრუქტურა და ძველი წიგნის ფონდია. ბიბლიოთეკა განკარგავს გარკვეულ თანხებს, რაც, უმეტესწილად, პერიოდულად წიგნების შეძენას ხმარდება. ინფრასტრუქტურა სრულიად მოძველებული და არაფუნქციურია. უფრო მეტიც, ბიბლიოთეკას საკუთარი საპირფარეშოც კი არ აქვს, რაც, დამეთანხმებით, ყველასთვის დიდი დისკომფორტია. ისევ ამ ქალბატონისგან ვიცი, რომ ბავშვების მონაწილეობით იქნება, თუ მასწავლებლების მონაწილეობით, ყველა სახის ღონისძიება მერიასთან უნდა შეათანხმოს და უმრავლეს შემთხვევაში, სრულად დამოკიდებულია მერიაზე.

– ბიბლიოთეკები რა სახის ღონისძიებებს ატარებენ?

– არ მსურს ვინმეს ეწყინოს, მაგრამ ეს ღონისძიებები, ძირითადად, ტრაფარეტული ხასიათისაა. პოეზიის საღამოები, ან წიგნის განხილვა/პრეზენტაცია, რაც, თავისთავად, ძალიან კარგია, თუმცა, აქ მთავრდება მოქალაქეების მონაწილეობა და ბიბლიოთეკების, როგორც სხვადასხვა სერვისის მიმწოდებლების, პოტენციალის მქონე აქტორის როლი. თანამედროვეობაში ბიბლიოთეკა უნდა იყოს თემის ინტერესების გამტარებელი, თემსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის კავშირების წამახალისებელი, საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურული საკითხების გადაწყვეტაში აქტიური როლის შემსრულებელი… ამ ფუნქციებს ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ.

– კონკრეტული მაგალითებით შეგიძლიათ მითხრათ, რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ბიბლიოთეკებს დღეს?

– უპირველესად, ეს ფუნქცია წარმომიდგენია, როგორც სასკოლო პროცესის არაფორმალური განათლების კუთხით მხარდაჭერა. ბავშვებს სკოლაში ასწავლიან სამოქალაქო განათლებას, ეს არის თეორია, იმაზე თუ  როგორ უნდა იყვნენ აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები. როცა ბავშვები სკოლის სივრცეს ტოვებენ, ეს ცოდნა პრაქტიკაში ვეღარ გადმოდის. სამოქალაქო განათლების გაკვეთილებიდან მიღებული ცოდნა და მოტივაცია თითქოს იკარგება, როცა ახალგაზრდები რეალობაში, საკმაოდ ბევრ ბარიერს აწყდებიან ადგილობრივი ჩართულობისა და მონაწილეობის კუთხით. შესაძლებელია, რომ ბიბლიოთეკამ იკისროს მათი მხარდაჭერის როლი. ადგილობრივ საზოგადოებას დაანახოს, რომ ის არის საიმედო დასაყრდენი ადგილობრივი განვითარების პროცესებში და რომ ბიბლიოთეკას, როგორც  მუნიციპალურ ერთეულს, შეუძლია, მოქალქეებს დაეხმაროს ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში, ან შესთავაზოს პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებული სერვისები, მაგალითად, უზრუნველყოს სივრცე, ან ცოდნის მიწოდება ისეთ საკითხებში, როგორიც, მაგალითად, საპროექტო განაცხადის მომზადებაა, ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

ამის თქმის საფუძველს მაძლევს ცალკეული ქვეყნების გამოცდილება. მაგალითად, პოლონეთის ქალაქი გდინია, რომელსაც საჯარო ბიბლიოთეკის 19 ფილიალი აქვს და ჯამში 68 ბიბლიოთეკარი მუშაობს. როგორც ამ ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელისგან შევიტყვეთ, ამ ბიბლიოთეკას წარმოუდგენლად აქტიური და ფართო სოციალურ-კულტურული ფუნქცია აკისრია.

ის ამბობდა, რომ ბიბლიოთეკები ადგილობრივი მოსახლეობისთვის უამრავი სახის ტრენინგს მასპინძლობს, მათ შორის, ძალადობის, ბულინგის, თუ მსგავს აქტუალურ სოციალურ თემატიკაზე. საქართველოში უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს და სავსებით შესაძლებელია, შედგეს პარტნიორობა ამ კუთხით, ბიბლიოთეკები გავიდნენ კონტაქტზე რეგიონში არსებულ ექსპერტებთან და თემის წევრებისთვის ორგანიზება გაუწიონ შეხვედრებს, ტრენინგ-სემინარებს და ასე შემდეგ.

ძალიან კრეატიული და მიმზიდველი მაგალითები გაგვიზიარა. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით თანამედროვე სტანდარტების შენობები აქვთ, რომელშიც არის როგორც კომპიუტერული ტექნიკა, ისე, მაგალითად, მედია-კუთხე და სამონტაჟო სივრცე პოდკასტების მოსამზადებლად, ბიბლიოთეკით მოსარგებლე მოქალაქეს შეუძლია, იქ საკუთარი მედიაპროდუქტი შექმნას. ასევე, საბიბლიოთეკო ცხოვრება ინკულზიურია, სპეციალური საჭიროებების მქონე მოქალაქეებისთვის სრულფასოვანი სერვისის მიწოდებისთვის გდინიას ბიბლიოთეკის თანამშრომლები გადამზადებულები არიან.

-დიდი ქალაქის გამოცდილება საინტერესოა, თუმცა, საქართველოს სოფლებისთვის გამოსადეგი, ალბათ, უფრო პატარა დასახლებების გამოცდილებაა და ამ მხრივ თუ ითქვა რამე?

– ჩეხეთის მაგალითი იყო პატარა ქალაქიდან, ვოდნანიდან, სადაც, თუ არ ვცდები, სულ 6000 ადამიანი ცხოვრობს. კონფერენციაზე ჩეხურ გამოცდილებაზე ონლაინ გვესაუბრა ქალაქის ბიბლიოთეკის დირექტორი. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მათი მცდელობები, რომ ბიბლიოთეკა გასცდეს შენობის ფარგლებს, ჰყავთ მოპედები და სოფლებში თავად დააქვთ წიგნები მათთვის, ვისაც ბიბლიოთეკაში მისვლა სხვადასხვა მიზეზის გამო ურთულდება. ასევე, კონკრეტული აქტივობების ორგანიზებით, კონკრეტული პროფესიული თუ სათემო საზოგადოებების ფორმირებას და მჭიდრო კავშირების შექმნას უწყობენ ხელს. მაგალითად, დეკრეტში მყოფი მშობლების საზოგადოება, მასწავლებლების საზოგადოება, რომლებიც ბიბლიოთეკის სივრცეს ერთმანეთთან დასაკვშირებლად იყენებენ. ამგვარად ხელს უწყობენ მოქალაქეების მიერ ინიციატივების გაჩენას ან კონკრეტული პრობლემის გადაჭრისთვის ადამიანთა მობილიზებას.

-ახალგაზრდები რამდენად აქტიურად არიან ჩართულები?

– როგორც მათ მოხსენებეში იყო ნათქვამი, საკმაოდ აქტიურნი არიან, ამზადებენ კომპიუტერულ სერვის-კურსებს, მოხალისე ახალგაზრდები უფროსი და ხნიერი ასაკის ადამიანებს ასწავლიან უცხო ენებს.

ასევე  ჩეხეთის ქალაქ ვოდნანის ბიბლიოთეკა აქტიურად იყენებს ეზოს საზოგადოებრივ სივრცედ, აქვთ დიდი ეკრანი, სადაც მოქალაქეები სრულიად უსასყიდლოდ სხვადასხვა ღონისძიებებს აწყობენ, ამ ყველაფრის რეალიზება ჩვენთანაც შესაძლებელია, გარე ტერიტორია ხშირად სრულიად აუთვისებელია.

-დაფინანსების წყარო საიდან აქვთ?

– ბიბლიოთეკები ამ ორ ქვეყანაშიც მუნიციპალური დაფინანსებაზე არიან. რადგან ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრებიც არიან, უფრო მეტი პროგრამა აქვთ ხელმისაწვდომი, აქვთ გრანტები, სხვადასხვა ადგილობრივი ფონდებისგან დახმარება, ასევე, შემოწირულობებიც. თუმცა, მათი ფონდების მოძიების გზები მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია, აქვთ ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორების გრანტები, დაფინანსება სხვადასხვა ფონდისგან, ასევე, ჰყავთ  შემომწირველებიც.

– საქართველოში, იმ 26 ბიბლიოთეკაში, სადაც თქვენ ორგანიზაციას პროექტი ჰქონდა, არის თუ არა ახალგაზრდების ინტერესი და რითი შეიძლება დაინტერესდნენ?

– დღეს, როცა წიგნი გაციფრულდა, ბიბლიოთეკის მიმზიდველობა პირდაპირ კავშირშია ონლაინსერვისებზე ხელმისაწვდომობასთან, შესაბამისად, ინტერნეტ-სერვისების შემდგომ გააქტიურებაზე. ძალიან პესიმისტურ ნოტაზე რომ არ ვისაუბროთ, მინდა, პოზიტიური მაგალითებიც ვახსენო. გამოვყოფდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ოფურჩხეთის  ბიბლიოთეკას, იქ ჩასვლისას პირველი, რაც თვალშისაცემია, ესაა კარგი ინფრასტრუქტურა, ფერადი გარემო და ეს, დიდწილად, ამ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელისა და თანამშრომლების აქტიურობის დამსახურებაა. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი აქტიურია, მორგებულია თანამედროვე საჭიროებებს და როგორც თავად გვითხრა, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობაზე დაყოლიებასაც ახერხებს.

– რა ხდება სოფელ ოფურჩხეთის ბიბლიოთეკაში?

– ამ სოფელში ერთ-ერთ დიდ კომპანიას ჰესი უნდა აეშენებინა. ბიბლიოთეკის დირექტორმა ამ კომპანიის სოციალური საკითხების ჯგუფთან წარმატებით ითანამშრომლა, შედეგად მათ ბიბლიოთეკის ძირითადი ფართი სრულიად გაარემონტეს და ახალი ინვენტარით აღჭურვეს. ბიბლიოთეკაში ერთი შეხედვითაც შეიმჩნევა თემის მაცხოვრებელთა, განსაკუთებით კი, სკოლის მოსწავლეების სიმრავლე. ახალგაზრდებს მოსწონთ ეს ფერადი სივრცე და გული მიუწევთ იქ. ეს აქტიურობა, ასევე, შესაძლოა, ნაწილობრივ განპირობებული იყოს იმითაც, რომ სკოლა მოპირდაპირე მხარესაა. სოფლად სკოლისა და ბიბლიოთეკების ტერიტორიული სიშორე ხშირად ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ბიბლიოთეკა ცარიელია.

– თქვენ ახსენეთ ახალი პროექტი საჯარო სკოლებისა და ბიბლიოთეკების დაკავშირებაზე. კონკრეტულად, რას ითვალისწინებს ეს პროექტი?

– ახლა მიმდინარეობს პროექტი “საჯარო ბიბლიოთეკებისა და სკოლების დაკავშირება მაღალი სათემო მონაწილეობისთვის”. პროექტის მონაწილეა 7 მუნიციპალიტეტი: წყალტუბოს სოფელ ოფურჩხეთის ბიბლიოთეკა, ზესტაფონის სოფელ ქვედა საქარას ბიბლიოთეკა, თიანეთის საჯარო ბიბლიოთეკა, ასევე თიანეთში, ახალსოფლის ბიბლიოთეკა, თელავში – იყალთოს ბიბლიოთეკა, გურჯაანის სოფელ ველისციხის ბიბლიოთეკა და ქალაქ რუსთავის ბიბლიოთეკა. პროექტი მხარდაჭერილია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ და საბიბლიოთეკო კომპონენტში ვთანამშრომლობთ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან.

როგორც უკვე აღვნიშნე, 20 აპრილს თბილისში ჩატარდა კონფერენცია, კონფერენციაზე მოხდა ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი ბიბლიოთეკებისთვის. ამ პროექტში მონაწილე 7-მა ბიბლიოთეკამ მაის-ივნისში უნდა უმასპინძლოს ახალგაზრდების საჯარო შეხვედრებს ე.წ “სამოქალაქო  დღის წესრიგების” შესამუშავებლად. შეხვედრების დროს სკოლის მოსწავლეებმა უნდა მოახდინონ ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირება და პრიორიტეტებად დაალაგონ ისინი. გვსურს, რომ მათ ნამუშევარს დოკუმენტის ფორმა მივცეთ და გადავცეთ ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს. გვინდა, ბიბლიოთეკების საშუალებით, დავეხმაროთ მათ მერიასთან თუ საკრებულოსთან კომუნიკაციაში.

ამავე პროექტის ფარგლებში, გასულ წელს ბიბლიოთეკარებს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ტრენინგი ჩაუტარდათ, რათა უფრო კარგად გარკვეულიყვნენ თვითმმართველობის კომპეტენციებში, პასუხისმგებლობებსა და ექსკლუზიურ უფლებებში, რომ უფრო მოქნილად იურთიერთონ ადგილობრივ ხელისუფლებებთან. ვგეგმავთ, რომ ივნისში ერთ სივრცეში შევკრიბოთ ბიბლიოთეკარები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გავუზიაროთ ჩეხეთის პრაქტიკა ადგილობრივი განვითარების აქტორების თანმიმდევრული და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ, რათა მათაც უკეთ დაინახონ ასეთი პარტნიორული ურთიერთობების სიკეთე საზოგადოებისთვის.

– ადგილობრივი თემის განვითარებასა და თვითმმართველობასთან ურთიერთობაზე როცა საუბრობთ, ჩვენი ბიბლიოთეკარები რამდენად კომპეტენტურები არიან ამ მიმართულებით?

– რეალობა ასეთია, რომ დღეს, უმეტესად, ბიბლიოთეკის პერსონალს უჭირს, უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებსა და საჭიროებებს. ხშირად მხოლოდ მოვალეობა სრულდება. აქ მიზერული ანაზღაურების პრობლემაც დგას. ასეთი ხელფასით რთულია, დააინტერესო ახალგაზრდა, უფრო მოტივირებული ადამიანი, რომ სათემო ბიბლიოთეკაში იმუშაოს. ჩვენი დაკვირვებით, ბიბლიოთეკების აქტიურობა პროექტებზეა დამოკიდებული. რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები სთავაზობენ, ისინი მოდიან თანამშრომლობაზე, მაგრამ პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად აფერხებს მათ შემდგომ აქტიურობას მდგრადობის თვალსაზრისით.

– თქვენ ორგანიზაციას როგორ ესახება, როგორი უნდა გახდეს ქართულ სოფლებში ბიბლიოთეკები, რომ ადგილობრივი ახალგაზრდები დააინტერესოს?

– დღეს ახალგაზრდები მხოლოდ წიგნისთვის ბიბლიოთეკაში ნაკლებად მივლენ. ახალგაზრდები ბიბლიოთეკას უნდა ხედავდნენ ადგილად, სადაც შეუძლიათ, მეგობრებთან ერთად საკუთარი ინიციატივები განავითარონ, იმუშაონ პროექტებზე, საფუძველი ჩაუყარონ იმას, რაც შემდგომ საკუთარი სოფლის, დაბისა თუ ქალაქის განვითარებას წაადგება. ბიბლიოთეკაში მისვლის ბევრი მიზეზი არსებობს, შესაძლოა, მიდიოდეს მოხალისეობრივი თვალსაზრისით, რომ სხვას გაუზიაროს თავისი ცოდნა. მაგალითად, ასწავლოს კომპიუტერის, ინტერნეტის მოხმარება, ჩაატაროს ტრენინგი, ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა ღონისძიებას. ფანტაზიის ამბავია.

– რამდენად არის შანსი, რომ ასე შეიცვალოს ბიბლიოთეკის როლი სოფლებში?

– ეს დამოკიდებულია ორმხრივ სურვილზე და თანამშრომლურ მიდგომაზე: ერთი მხრივ, ბიბლიოთეკების ხელმძღვანელობის სურვილზე და მოტივაციაზე, რომ განვითარდნენ და მეორე მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის სწორ პრიორიტეტებზე, მხარი დაუჭირონ ბიბლიოთეკებს, გაზარდონ მათი დაფინანსება. თვითმმართველობის მიდგომა უნდა გახდეს ლიბერალური და ბიბლიოთეკებისთვის, თავიანთი საქმიანობის არეალში, მეტი დამოუკიდებლობისა და ინიციატივების შესაძლებლობების მინიჭება უნდა მოხდეს.

– იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც თქვენი პროექტი ხორციელდება, როგორია ადგილობრივი თვითმმართველობის დამოკიდებულება, არსებობს ნება, რომ ბიბლიოთეკები უფრო თანამედროვე გახდეს?

– მიმდინარე პროექტში ბიბლიოთეკები და სკოლები კონკრეტულ აქტივობებში წამოგვყვნენ და როგორც ჩანს, ეიმედებათ თავიანთი ადგილობრივი თვითმმართველობები. მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს სკოლამ ბიბლიოთეკაში მოაწყო შეხვედრა საკრებულოს არჩეულ დეპუტატთან. ჩვენ ამ სკოლის მოსწავლეებს მცირე პროექტებს ვუფინანსებთ. საუბარი იყო საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, ზებრა გადასასვლელის დახაზვაზე. საჭირო ინვენტარი უნდა შეგვეძინა და დეპუტატთან შეხვედრის შემდეგ გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტი ამ საჭიროებებს თავად დააფინანსებდა. ამ შეხვედრაზე ბავშვებმა ისაუბრეს ადგილობრივი თემის პრობლემებზე, მათ მონაწილეობაზე, თანამშრომლობაზე და ძალიან სასიკეთოდ მენიშნა ეს ყველაფერი. რასაკვირველია, ამ ახალგაზრდების მოტივაცია აქტიური მოქალაქეობის კუთხით ამ შეხვედრის და წარმატებული თანამშრომლობის შემდგომ უფრო გაიზარდა. პროექტის მონაწილე 7 მუნიციპალიტეტს თუ შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათთან თანაშრომლობა კეთილსაიმედოა.

როცა ადგილობრივ განვითარებაზე ვსაუბრობთ, ფაქტი ერთია, რომ საზოგადოებაში ბიბლიოთეკის როლი უნდა შეიცვალოს, ბიბლიოთეკა თემის ცხოვრებაში უფრო აქტიური უნდა გახდეს, რადგან მას ეს პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.