საქართველოს მთავრობა უხეშად არღვევს ღია მმართველობის დეკლარაციით გათვალისწინებულ პრინციპებს – არასამთავრობოები

514

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს მთავრობის უმოქმედობით, რომლის შედეგად, ღია მმართველობის პროცესი საქართველოში ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში შეჩერებულია.

“ღია მმართველობის პროცესის ცხადი კრიზისი ქვეყანაში 2018 წლიდან გამწვავდა, სწორედ მაშინ, როდესაც საქართველო, თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, ღია მმართველობის გლობალურ სამიტს მასპინძლობდა. მთავრობის მხრიდან არასამთავრობო სექტორის წინადადებების მნიშვნელოვანი ნაწილის იგნორირების გამო ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები იძულებული გავხდით მიგვემართა OGP-ის საერთაშორისო სამდივნოსთვის, სწრაფი მოქმედების მექანიზმის (RRM) ამოქმედების მოთხოვნით. შედეგად, ღია მმართველობის პროცესის კოორდინაციამ იუსტიციის სამინისტროდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა, ხოლო მთავრობამ აიღო ვალდებულება ფასადური თანამშრომლობის პროცესი რეალურად თანაშექმნის (co-creation) პროცესად გარდაქმნილიყო და ამბიციური რეფორმების დაგეგმვაში სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანი მონაწილეობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

ამ პროცესის შედეგი იყო, რომ ახალი სამდივნოს მიერ, ფორუმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, შეიქმნა მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის კარგ პრაქტიკაზე დაფუძნებული ახალი ფორმატი – ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობენ. ეს ნამდვილად დადებითი ცვლილება იყო, რომელიც ახალ საუკეთესო პრაქტიკას დაამკვიდრებდა და, განხორციელების შემთხვევაში, არსებობდა პოტენციალი, საქართველო კვლავ ღია მმართველობაში მოწინავე ქვეყანათა რიგში აღმოჩენილიყო, თუმცა, სამწუხაროდ ეს ცვლილება მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. საბჭოს შექმნიდან თითქმის ორი წლის თავზე არც ერთი შეხვედრა არ გამართულა. მეტიც, საქართველომ ჩააგდო სამოქმედო გეგმის სრული ციკლი და ორი წელია ქვეყანას OGP-ის ფარგლებში არცერთი რეფორმა არ დაუგეგმავს და არ განუხორციელებია.

2020-2021 წლებში საქართველოს მთავრობამ ფორმალურად ორჯერ სცადა პროცესის აღდგენა. პირველად – როცა 2020 წლის თებერვალში ფორუმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ახალი სამოქმედო გეგმისთვის ვალდებულებების წარდგენა, ხოლო მეორედ – როცა 2021 წლის ივლისში წარდგენილი ვალდებულებების განახლება მოითხოვა. ორივე შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განსაზღვრულ ვადებში წარადგინეს ვალდებულებათა პაკეტი. თუმცა, 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სამთავრობო უწყებების პოზიცია ჯერ კიდევ უცნობია. ამ პროცესში არ გამართულა არც ერთი საკონსულტაციო და სამუშაო შეხვედრა. შედეგად, 2021 წლის 13-17 დეკემბერს დაგეგმილ ღია მმართველობის სამიტზე საქართველო ვერაფრით წარსდება.

საქართველო, რომელიც ჯერ კიდევ OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრია, უხეშად არღვევს როგორც ღია მმართველობის დეკლარაციით გათვალისწინებულ პრინციპებსა და ასევე, OGP ღირებულებებს.

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმისა და საკოორდინაციო საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ აღადგინოს ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესი და უზრუნველყოს მასში არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედითი ჩართულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველასთვის ცხადი გახდება, რომ ღია მმართველობის პროცესი, მისი მისია და ღირებულებები საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.

ამასთან, დამატებით მივმართავთ OGP-ის საერთაშორისო სამდივნოს, პროცესის აღდგენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოს ამ ხანგრძლივი კრიზისის მოგვარებაში და მოუწოდოს საქართველოს მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”,  “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, “მწვანე ალტერნატივა”, ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” და “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”.