მარნეულის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, შამქირის რაიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

203

მარნეულის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, შამქირის რაიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს ხელი, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და შამქირის რაიონის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა რაშად ტაგიევმა მოაწერეს.

„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მუნიციპალიტეტებს შორის კიდევ უფრო მეტად გაამყარებს მეგობრობასა და თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს დაძმობილებულ ქალაქებს შორის არსებული ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას და სექტორული კავშირების გაფართოებას.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის დელეგაცია სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე. ქართული დელეგაციის წევრები, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვსა და დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვაგიფ სეიდბეკოვს შეხვდნენ. მოინახულეს „მარადიული ჩირაღდნის“ ძეგლი და შეჰიდთა ხეივანში საფლავებს პატივი მიაგეს. საქართველოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტს 15 ივლისს დაასრულებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.