ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის ქალაქ ვალბრჟიხს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა

414

ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის ქალაქ ვალბრჟიხს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა და ქალაქ ვალბრჟიხის მერმა რომან შზელემეიმ მოაწერეს.

მემორანდუმში ნათქვამია, რომ “ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ვალბრჟიხს საერთო ევროპული ღირებულებები, ქვანახშირის ინდუსტრიულ მრეწველობაზე დაფუძნებული ეკონომიკა, თვალწარმტაცი მთიანი ბუნება და დიდი ტურისტული პოტენციალი აერთიანებს. სწორედ ეს მსგავსებები შეიძლება იქცეს ამ ორი ქალაქის სასარგებლო თანამშრომლობის და მრავალმხრივ გამოცდილებათა გაცვლის საფუძვლად. მხარეები ერთმანეთს მხარს დაუჭერენ ადგილობრივი მთავრობის მმართველობის დარგში, ასევე, გაცვლიან საკუთარ ქალაქებში ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სფეროებში მიღებულ გამოცდილებებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს, გაცვალეს იდეები და მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები დაგეგმეს.

ქ. ვალბრჟიხში მიღება მეშახტეთა მფარველის, წმინდა ბარბარეს დღესასწაულზე მოეწყო. ოფიციალურ მიღებას, ასევე, ესწრებოდნენ გერმანიის და პოლონეთის სხვადასხვა ქალაქების დელეგაციები. დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს შახტში გარდაცვლილთა ხსოვნას, დაესწრნენ სადღესასწაულო წირვას და საზეიმო ვახშამს.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02rCqBgDV4P1trNLtwzzNY89Rys1qFqe5xgoq87rPRHQHbUtPX2PMcDQ3EPP1zirPkl&id=100069662927164