ავტორი: ეკატერინე ბასილაია
ჭაბუკი ჭაბუკიანი ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის საჯარო სამსახურში თანამდებობას პირველად იკავებს და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2022 წლის თებერვალში აქვს შევსებული.
ჭაბუკი ჭაბუკიანს ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და დედა. ის ფლობს 5 უძრავ ქონებას. მათ შორის, ერთი ნაყიდი აქვს, დანარჩენი 4 კი მემკვიდრეობით მიუღია ცაგერის სოფელ დეხვირში.
ჭაბუკი ჭაბუკიანს 2000 წელს მემკვიდრეობით მიუღია 1302 კვ.მ, 1207 კვ.მ და 959 კვ.მ მიწის ნაკვეთები სოფელ დეხვირში. ამ ნაკვეთებიდან პირველს 60%-იანი წილით ფლობს, თანამესაკუთრეა ლაშა ჭაბუკიანი. მომდევნო 2 მიწის ნაკვეთში 99%-იანი წილით აქვს საკუთრებაში, დარჩენილი 1%-ის მფლობელი აღნიშნული არ არის. ჭაბუკიანი ამავე სოფელში 99%-იანი წილით ფლობს ასევე კიდევ 4425 კვ,მ მიწის ნაკვეთს, რომელიც 2020 წელს ასევე მემკვიდრეობით მიუღია. არც ამ შემთხვევაშია მითითებული დარჩენილი 1%-ის მესაკუთრე. მას 2018 წელს 45000 აშშ დოლარად უყიდია 103,35 კვ.მ ბინა ქალაქ თბილისში, გლდანი II მიკრო/რაიონში, რომელსაც სრულად, 100%-ით ფლობს.
ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახს ავტომობილი არ ჰყავს.
დეკლარაციის შევსების დღეს ჭაბუკიანს “საქართველოს ბანკის” საკრედიტო ანგარიშზე 110,86 ლარი ჰქონდა, ხოლო „ლიბერთი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე – 290,35 ლარი.
დედის “ლიბერთი ბანკის” საპენსიო ანგარიში ცარიელია. ხოლო მეუღლეს, სოფო სილაგაძეს “თი–ბი–სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 311,54 ლარი ედო, ხოლო “ვი-თი-ბი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე – 94,2 ლარი.
ჭაბუკი ჭაბუკიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ტრენერი იყო.
საარჩევნო სისტემების ტრენერობიდან 2021 წლის იანვარ-აპრილში 270,14 ლარის ანაზღაურება მიუღია. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობიდან 2021 წლის იანვარ-აგვისტოში – 9459,22 ლარი. შემდეგ დეკემბერში ის უკვე საკრებულოს თავმჯდომარეა და ამ თანამდებობიდან მას ერთ თვეში 1945,33 ლარის ანაზღაურება მიუღია.
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და განვითარების სწავლების ცენტრი ტრენერი გასულ წელს ყოფილა მეუღლეც სოფიკო სილაგაძე და მას 2021 წლის განმავლობაში 5120,3 ლარის ანაზღაურება აქვს მიღებული.
სოფიკო სილაგაძე მუშაობს თბილისში. მას 216 -ე საბავშვო ბაღის სპეც. პედაგოგის პოზიციიდან 2021 წელს 6154 ლარის ანაზღაურება მიუღია, ხოლო თბილისის 69-ე საჯარო სკოლის საქმისმწარმოებლის პოზიციიდან – 5746,66 ლარი;
ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახს არ აქვს აღებული სესხი, არ ფლობს ფასიან ქაღალდებს, არ მიუღია იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო. ასევე, მიწის ნაკვეთების ფლობის მიუხედავად, დეკლარაციის თანახმად, ოჯახს სოფლის მეურნეობიდან შემოსავალი არ მიუღია.