ავტორი: ეკატერინე ბასილაია
გიორგი ნემსაძე “ქართული ოცნებიდან” ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის ყოფილი ფეხბურთელია, საჯარო სამსახურში თანამდებობას პირველად არ იკავებს, თუმცა, ქონებრივი დეკლარაცია პირველად, რატომღაც, 2022 წლის იანვარში, მერად არჩევის შემდეგ აქვს შევსებული.
2006-2014 წლებში ნემსაძე თბილისის საკრებულოს წევრი იყო, მათ შორის, 2013-2014 წლებში თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – თბილისის” თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
გიორგი ნემსაძეს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, თუმცა, დეკლარაციაში ოჯახის წევრად მხოლოდ მეუღლე ჰყავს მითითებული.
ცაგერის მერი სხვადასხვა წლებში ნაყიდ 14 უძრავ ქონებას ფლობს. მათ შორისაა 5 საცხოვრებელი სახლი, 3 კომერციული ფართი, 3 მიწის ნაკვეთი, 2 ავტოფარეხი და 1 არასაცხოვრებელი ფართი.
გიორგი ნემსაძეს 2019 წელს 150 000 აშშ დოლარად თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე უყიდია 93,2 კვ.მ საცხოვრებელი სახლი; 2018 წელს უყიდია სამი საცხოვრებელი სახლი: 60,3 კვ.მ სახლი თბილისში, სლავა მეტრეველის ქუჩა N 4-ში – 60 000 აშშ დოლარად; ამავე მისამართზე 55,1 კვ.მ სახლი – 56 000 აშშ დოლარად და დაბა ბაკურიანში 36,08 კვ.მ სახლი – 40 000 აშშ დოლარად. ამ სამივე სახლის 50%-ს ნემსაძე ფლობს, მეორე ნაწილი კი მეუღლის, რუსუდან ნემსაძის სახელზეა გაფორმებული.
ასევე 50-50%-იანი წილით ფლობენ ნემსაძე და მისი მეუღლე თბილისში, ატენის ქუჩაზე მდებარე 204,31 კვ.მ სახლსაც, რომელიც 2011 წელს 350 000 აშშ დოლარად შეუძენიათ. ამავე ქუჩაზე ცოლ-ქმარი, ანალოგიური წილობრივი მონაწილეობით, ფლობს 2 კომერციულ ფართს, რომელიც 2008 წელს შეუძენია: ნემსაძის ოჯახს ერთი – 155,86 კვ.მ ფართი 300 000 აშშ დოლარად უყიდია, ხოლო მეორე – 220 კვ.მ ფართი – 500 000 აშშ დოლარად.
ნემსაძე, მეუღლესთან და ოთარ და მანანა ჭიპაშვილებთან ერთად, კიდევ ერთი კომერციული ფართის 25%-იანი წილის მფლობელიცაა. 156,3 კვ.მ. ფართი თბილისში, სლავა მეტრეველის ქუჩაზე მდებარეობს, უძრავი ქონება 2021 წელს 300 000 აშშ დოლარად არის ნაყიდი.
ცაგერის მერი 100%-იანი წილით ფლობს სამი მიწის ნაკვეთსაც. ნემსაძეს 2011 წელს 150 000 აშშ დოლარად უყიდია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ტიბაანში 46 771 კვ.მ ნაკვეთი, რაზეც 12 შენობა-ნაგებობა დგას; 2010 წელს 30 000 აშშ დოლარად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში – 600 კვ.მ ნაკვეთი, სადაც 272.34 კვ.მ. შენობა-ნაგებობა დგას; ასევე 2010 წელს 150 000 აშშ დოლარად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში უყიდია 600 კვ.მ ნაკვეთი.
ნემსაძე 50%-იანი წილით ფლობს არასაცხოვრებელ ფართს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, რომელიც 2007 წელს 10 000 აშშ დოლარად უყიდია. ფართის ოდენობა აღნიშნული არ არის. მითითებულია ის, რომ მეორე, 50%-იანი წილის მესაკუთრე სახელმწიფოა.
ნემსაძე ასევე ფლობს 2 ავტოფარეხს. თბილისში, ატენის ქუჩაზე, 35,5 კვ.მ. ავტოფარეხი 2008 წელს 15 000 აშშ დოლარად უყიდია, ხოლო ასევე თბილისში, მეტრეველის ქუჩაზე არსებულ 16 კვ.მ, ავტოფარეხში 2016 წელს 10 000 აშშ დოლარი გადაუხდია.
ცაგერის მერი ფლობს 4 მოძრავ ქონებას. მას 2019 წელს 30 000 აშშ დოლარად უყიდია ამავე წელს გამოშვებული ავტომანქანა mazda; ასევე 20 000 აშშ დოლარად უყიდია ამავე წელს გამოშვებული ავტომანქანა mitsubishi; 2016 წელს 55 000 აშშ დოლარად უყიდია ავტომობილი volkswagen touareg; ხოლო 2004 წელს 25 000 აშშ დოლარად უყიდია ავტომანქანა mercedes benz.
დეკლარაციის შევსების დღეს ცაგერის მერს “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 15 000 აშშ დოლარი ჰქონდა; “თი-ბი-სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე – 5 000 ლარი. ხოლო მის მეუღლეს, რუსუდან ნემსაძეს, “თი-ბი-სი ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე – 15 000 ლარი;
გიორგი ნემსაძეს 2019 წელს “საქართველოს ბანკიდან” აღებული აქვს 120 000 ლარის ავტოსესხი, რომელიც 2024 წელს უნდა დაფაროს. ამ ვალის დასაფარავად მას 2021 წელს 50 000 ლარი გადაუხდია.
რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ცაგერის მერის სახელთანაა დაკავშირებული 7 შპს, ხოლო მისი მეუღლე ფლობს ერთ შპს-ს. ამ შპს-ებიდან ნემსაძეს წინა წელს შემოსავალი მხოლოდ ორიდან აქვს მიღებული.
გიორგი ნემსაძეს 19,58 %-იანი წილი გააჩნია 1995 წელს დაფუძნებულ შპს “პალიასტომში”. მეწილეები არიან: ვაჟა ნემსაძე და ნინო კიბორძალიძე. მათი წილის ოდენობა აღნიშნული არ არის. ამ შპს-დან 2021 წელს ნემსაძეს 20 000 ლარის შემოსავალი მიუღია;
ცაგერის მერს 10%-იანი წილი აქვს 2009 წელს დარეგისტრირებულ შპს “იბერია ავტოში”. მისი მეწილეა “იბერია ბიზნეს ჯგუფი”. ამ შპს-დან 2021 წელს ნემსაძეს 120 000 ლარის შემოსავალი მიუღია. აღნიშნულია, რომ ამჟამად კომპანია გასხვისებულია;
ნემსაძეს 26%-იანი წილი გააჩნია 2015 წელს ქალაქ წნორში დარეგისტრირებულ შპს “ავტო ტესტირებაშიც”. აქ მეწილეები არიან ნოდარ ლოლაშვილი და პაატა კასაბური. აღნიშნულია, რომ ამჟამად კომპანია გასხვისებულია;
გიორგი ნემსაძე 2005 წლიდან 100%-იანი წილით ფლობს შპს “ნემსაძე და კომპანიას”, რომელიც თბილისშია დარეგისტრირებული. ნემსაძე ამ შპს-ს დირექტორიცაა; ასევე, 2005 წლიდან 15%-იანი წილით ფლობს შპს ფეხბურთის კლუბ “გორს”, სადაც მეწილეები არიან ნუგზარ გელაშვილი, გელა ჩხეიძე, გოჩა ლომიძე, ზურაბ ხორგუაშვილი და თამაზ ციცქიშვილი; 2005 წლიდან 33%-იანი წილით ფლობს შპს “ქართული ღვინის კოლექციას”. ამ კომპანიის მეწილეები არიან: სულხან ხუცაიძე და ალბერტ სიაშვილი. ამ სამ შპს-ის გასწვრივ აღნიშნულია, რომ ეს საწარმოები წლებია, ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს.
შპს-ს ფლობს მეუღლეც, რუსუდან ნემსაძე, რომელიც 2006 წლიდან 100%-იანი წილით ფლობს შპს “ზოდიაქოს”. იქვე მითითებულია, რომ საწარმო ამჟამად პანდემიის გამო არანაირ ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს.
რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, როგორც დეკლარაციაში წერია, გიორგი ნემსაძე, ცაგერის მერად არჩევამდე, საფეხბურთო კლუბ “დინამო თბილისის” მთავარი მწვრთნელი იყო და მას ამ პოზიციიდან 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 102 333,01 ლარის ანაზღაურება მიუღია. იქვე მითითებულია ისიც, რომ ამ თანხიდან 28 000 ლარის შემოსავალი დინამოს სპორტული დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის დროს მიიღო, სადაც ივნის-სექტემბერში მუშაობდა.
მერად არჩევის შემდეგ ნემსაძეს 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში 2 739,32 ლარს ანაზღაურება აქვს მიღებული.
ცაგერის მერს გასულ წელს შემოსავალი სახლის გაყიდვითა და უძრავი ქონების გაქირავებითაც აქვს მიღებული. 2021 წელს საცხოვრებელი სახლის გასხვისებით 130 000 აშშ დოლარი მიუღია, ხოლო უძრავი ქონების გაქირავებიდან 15 240 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. მას ასევე გაუცვლია სახლი, თუმცა, ამ გაცვლით შემოსავალი არ მიუღია.
უძრავი ქონება, ასევე, გაქირავებული აქვს მეუღლეს, რუსუდან ნემსაძეს და ამ გაქირავებიდან მას 2021 წელს 15 240 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.