TI: აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირებიდან 24-ს ქონებრივი დეკლარაცია ხარვეზით აქვს შევსებული

361

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, 62 პირიდან 24-ს ქონებრივი დეკლარაცია ხარვეზით აქვს შევსებული.

მათივე ინფორმაციით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ 2020 წლის კვლევაში გამოკვეთილი ხარვეზები არ გაითვალისწინა. მათი ინფორმაციით, ქონებრივი დეკლარაციის შევსებას, თანამდებობის პირები არაჯეროვნად უდგებიან.

„სამწუხაროა, რომ ამ კვლევაში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც მოხვდნენ. ეს კვლევა წინა კვლევებთან შედარებით უარესია, იმიტომ რომ 62 შესწავლილი დეკლარაციიდან 24-ში, თითქმის 40 პროცენტში ხარვეზი აღმოჩნდა. რაც ტენდენციას ავლენს. წინა კვირას გამოვაქვეყნეთ მუნიციპალიტეტებზე კვლევები და იქაც მრავლად არის დარღვევები, ეს უარყოფით ტენდენცია უმაღლეს საბჭოსა და მთავრობაშიც გაგრძელდა, არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე. ფაქტია თანამდებობის პირები ჯეროვნად არ ავსებენ ქონებრივ დეკლარაციას, ეს არის გამოწვეული არაჯეროვანი მიდგომიდან თუ შესაბამისი ინფორმაციის უქონლობიდან, ეს გამოსაკვლევია. ცხადია, საჯარო სამსახურის ბიუროს მივმართავთ, რათა გამოვლენილი ხარვეზები შეისწავლოს, დარღვევის შინაარსიდან და სიმძიმიდან გამომდინარე მიიღოს რეაგირება ამ თანამდებობის პირების მიმართ”, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა მალხაზ ჭკადუამ.