მარნეულში 3 წლის წინ აშენებული ტურისტული ჯიხურის ამოქმედების დრო კვლავ უცნობია

303

მარნეულში ტურისტული ჯიხურის გახსნის კონკრეტული დრო კვლავ უცნობია. ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განმარტავენ, რომ ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ახლო მომავალში დაიწყებს მუშაობას. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

„პროცესი დაწყებულია, ინვენტარით აღჭურვაც მიმდინარეობს. ამაზე მუშაობს მერია. ასევე, გამოიყოფა კადრი და გადამზადდება. უახლოეს მომავალში გაიხსნება (რედ.ტურისტული ჯიხური)“ – ამბობენ მერიაში.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 2019 წელს ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აშენდა, თუმცა შენობით სარგებლობა დღემდე შეუძლებელია. ჯიხურის მოწყობაზე საუბარი ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მაშინ შენობის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ტენდერი მერიამ გამოაცხადა და 977 ლარი დახარჯა.

ცენტრის მშენებლობის ვალდებულება საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აიღო და 2019 წლის თებერვალში 65 118 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვბულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულება 59 746 ლარად შესთავაზა და ცენტრის მშენებლობა 2019 წლის აპრილში დაიწყო. ტურისტული ჯიხური იმავე წელს აშენდა.

ჯიხურის გახსნაზე საუბარი ბოლოს 2020 წლის ივნისის თვეში იყო, მაშინ მარნეულის მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა ტურიზმის საკითხებში, ელგუჯა კუპატაძემ გვითხრა, რომ ცენტრში გარკვეული სამუშაოები იყო დასასრულებელი და მისი გახსნა ივლისის თვეში იგეგმებოდა.

ტურისტული საინფორმაციო ჯიხური ვერც ივნისის თვეში გაიხსნა და ცენტრის ფუნქციონირებას შენდეგ უკვე პანდემიამ შეუშალა ხელი.