მარნეულში სოფელ კიროვკის მოსახლეობა სოფლისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხზე საერთო კრების ჩატარებას ითხოვს

452

მარნეულში სოფელ კიროვკის მოსახლეობა სოფლისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხზე საერთო კრების ჩატარებას ითხოვს. საინიციატივო ჯგუფმა მუნიციპალიტეტის მერიას დღეს ოფიციალურად მიმართა და დასახლების საერთო კრების მოწვევის მიზნით, რეგისტრაციის გავლა ითხოვა.

კიროვკელებს სურთ, რომ მათ სოფელს ძველი, საბჭოთა ოკუპაციამდელი სახელი – მამეი ეწოდოს. ამ საკითხთან დაკავშირებით მარნეულის საკრებულომ 18 აპრილს გამართულ სხდომაზე უკვე იმსჯელა. მაშინ საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნინო ბერიძემ თქვა, რომ მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, მოსახლეობასთან ერთად, ხუთი სახელიდან ორი შეარჩია. აღნიშნულ სოფელს “მწვანე გორა” ან “მეგობრობა” დაერქმევა. ადგილობრივი თვითმმართველობა ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც სახელების შეცვლაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების კომისიის დასტური მოუვათ.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: “დაუმარცხებელი სტალინიზმის მემკვიდრეობა” საქართველოს მუნიციპალიტეტებში

სხდომის გამართვიდან მალევე კიროვკის მოსახლეობამ სოფლის სახელის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების შეჩერება მოითხოვა. მოსახლეობის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება სოფლის მცხოვრებთა აზრს არ გამოხატავს. პროცედურების შეჩერებასთან დაკავშირებით მოსახლეობამ მერს და საკრებულოს ოფიციალურად მიმართა. ადგილობრივებმა კიროვკის ამომრჩეველთა დაახლოებით 30% – 185 ხელმოწერა შეაგროვეს და არქივიდან ამოიღეს მასალები, სადაც კიროვკა “მამეიდ” არის მოხსენიებული. ტექნიკური საკითხების მოგვარებაში მათ დახმარებას პლატფორმა “სალამი” უწევს.

ახლა მოსახლეობა საერთო კრების ჩატარებას და საკუთარი პოზიციის ოფიციალურად დაფიქსირებას აპირებენ. ამის უფლებას მათ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ანიჭებთ. კოდექსის 85​2-ე მუხლის თანახმად, დასახლების საერთო კრება მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმაა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესებში ქმედით ჩართულობას. საერთო კრების მოწვევის უფლება კი, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ერთად, მოსახლეობასაც აქვს.

მერიამ ინიციატორთა განცხადება სამ დღეში უნდა დაარეგისტრიროს, ან უარი უთხრას. რეგისტრაციაზე უარი კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვა-გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის, ან საერთო კრების უფლებამოსილებას. განცხადების რეგისტრაციის შემთხვევაში, საინიციატივო ჯგუფი საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის შედგენას დაიწყებს, რის შემდეგაც სოფლის მოსახლეობას დასახლების საერთო კრების ჩატარება ოფიციალურად შეეძლება.

ჯერჯერობით, უცნობია, დაარეგისტრირებს თუ არა მარნეულის მერია საინიციატივო ჯგუფის განცხადებას. მისი გადაწყვეტილების შესახებ 3 სამუშაო დღეში გახდება ცნობილი.