“დაუმარცხებელი სტალინიზმის მემკვიდრეობა” საქართველოს მუნიციპალიტეტებში

2470

“საქართველო, დარწმუნებული ხარ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გინდა სტალინის ამ სუვენირებით? ბოლოს და ბოლოს, რასაც პუტინი უკრაინაში ახლა აკეთებს, დაუმარცხებელი სტალინიზმის მემკვიდრეობაა. თბილისის აეროპორტის მაღაზია. სირცხვილია”.

რასა იუკნევიჩიანე, ევროპარლამენტარი

ავტორი: მაგდა პოპიაშვილი

სტალინიზმის მემკვიდრეობა მხოლოდ თბილისის აეროპორტში გახსნილ კერძო მაღაზიებში, ანდა საბჭოთა ბელადის მშობლიურ გორში, ერთი გულდამწვარი სტალინელის, გიორგი კანდელაკის კაფე “ჟოზეფში” კი არ გვხვდება, არამედ მთელს ქვეყანაში და სახელმწიფო ამ ვითარების შესაცვლელად, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს.

სოფლები, დაბები, უბნები, ქუჩები – საქართველოს საბჭოთა ტოტალიტარიზმის სიმბოლოები დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგაც შემორჩა. თუ გასული საუკუნის 90-იან წლებში საბჭოთა ტოტალიტარული ტოპონიმიკის შეცვლა აქტიურად მიმდინარეობდა, რის შემდეგაც არაერთმა ქალაქმა თუ სოფელმა, უმეტესად, ძველი, საბჭოთა ოკუპაციამდელი სახელი დაიბრუნა, ახლა ეს პროცესი, პრაქტიკულად, შეჩერებულია. ეს მაშინ, როცა 90-იანი წლებისგან განსხვავებით, ახლა ამ საკითხს კანონმდებლობა არეგულირებს – “თავისუფლების ქარტია” პირდაპირ ამბობს, რომ ამ კანონის ერთ-ერთი მიზანია “კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა“…

ქვეყანაში გვაქვს ოთხი სახელმწიფო უწყება, რომელიც ამ საკითხებზე უნდა მუშაობდეს – საქართველოს მთავრობა, მუნიციპალიტეტების საკრებულოები, “თავისუფლების ქარტიის” შესაბამისად სუს-ში შექმნილი სპეციალური კომისია და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამთავრობო კომისია, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხელმძღვანელობს, მაგრამ, ამის მიუხედავად, საქართველოში არსებული ათამდე დასახლება და 50-მდე ქუჩა ჯერ კიდევ იმ ადამიანთა სახელებს ატარებს, რომლებიც ოკუპაციისა და რეპრესიების პირდაპირი შემოქმედები იყვნენ, ათამდე დასახლების სახელწოდება გასაბჭოებასთან ასოცირდება, თხუთმეტამდე დასახლების სახელწოდება კი საბჭოთა იდეოლოგიის იდეალიზებას ემსახურებოდა.
იოსებ სტალინი

სოფელი სტალინისუბანი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის და 2014 წლის აღწერის მონაცემებით, 956 ადამიანი ცხოვრობს. ცხადია, ძნელი მისახვედრი არაა, ამ დრომდე ვის სახელს ატარებს სოფელი, რომელსაც, როგორც ირკვევა, მანამდე “განახლება” რქმევია.

ფილიპე მახარაძე

ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20%-იც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ჯერაც გვაქვს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედისა და რევკომის თავმჯდომარის, ფილიპე მახარაძის სახელობის სოფელი – ფილიპოვკა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. ოკუპაციამდე ამ სოფელს პატარა კარწახი რქმევია. ზუსტად 100 წლის წინათ, 1922 წელს, არტაანში მცხოვრები გლეხების 60 კომლს თხოვნით მიუმართავს საქართველოს სსრ ცაკ-ის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძისთვის, რათა ამ უკანასკნელს მათთვის საცხოვრებელი ადგილი გამოეყო. იმავე წლის 12 აგვისტოს მახარაძეს მათთვის ახალქალაქის მაზრის სოფელ პატარა კარწახში გამოუყვია ადგილი და სწორედ ამის გამო, მახარაძის პატივსაცემად, სოფელს ფილიპოვკა დაარქვეს. ისტორიული სახელი კი, როგორც ხედავთ, ამ დრომდე არ დაუბრუნებია.

სერგეი კიროვი და სერგო ორჯონიკიძე

საქართველოსა და კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ერთ-ერთი ორგანიზატორის, დახვრეტებში კარგად გაწაფული სერგეი კიროვის სახელს ამ დრომდე საქართველოში სამი სოფელი ატარებს: სოფელი კიროვი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელი კიროვაკანი – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში და სოფელი კიროვკა მარნეულის მუნიციპალიტეტში.

საინტერესოა, რომ მარნეულში, სოფელ კიროვკის მეზობლად არსებულ ორ სოფელს – ლენინის სახელობის ულიანოვკას და მარშალ ბუდიონის მოსახელე ბუდიონოვკას სახელები 2 წლის წინათ, 2019 წელს შეეცვალა: ულიანოვკას – ვერხვიანი, ბუდიონოვკას კი მეწამულა ეწოდა, კიროვკას კი, რომელსაც, ერთი ვერსიით, მანამდე “მამეი” ერქვა, სახელი ამ დრომდე შეუნარჩუნდა.

რამდენიმე დღის წინ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოფლისთვის სახელის შეცვლის საკითხზე იმსჯელა, თუმცა, მას, მოსახლეობის მოთხვნის მიუხედავად, ისტორიული სახელი, სავარაუდოდ, არ დაუბრუნდება. საკრებულომ გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამთავრობო კომისიას, რომელმაც თანხმობა უნდა მისცეს და მთავრობას შესაბამისი გადაწყვეტილება შესთავაზოს, 2 ვერსია გაუგზავნა – “მწვანე გორა” და “მეგობრობა”. ახლა კომისიამ უნდა თქვას, რომელი სახელწოდება უფრო ახლოსაა სოფლის ისტორასთან. არადა, როგორც უკვე ვთქვით, სოფლის ისტორიული სახელი, რომელიც ჯერ კიდევ 1771 წელს, გერმანელი მკვლევრის, იოჰან გულტენშტეინის კვლევებშიცაა მოხსენიებული, – მამეი ცნობილია, მოსახლეობაც მას სწორედ ამ სახელით მოიხსენიებს ხოლმე და სწორედ ამ სახელის დაბრუნებას ითხოვენ წერილით, რომელიც მარნეულის საკრებულოს რამდენიმე დღის წინ გაუგზავნეს.

ასევე, ცნობილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვის ძველი, ისტორიული სახელწოდებაც – “მერე”, თუმცა, ამ დრომდე დასახლებისთვის სახელის შეცვლა აქაც ვერ მოხერხდა.

ანდრეი ჟდანოვი

საბჭოთა ეპოქის კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, 1930-40 წლების რეპრესიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, კომპარტიის ცეკას აგიტაციისა და პროპაგანდის სამმართველოს ხელმძღვანელის, ანდრეი ჟდანოვის სახელს ატარებს სოფელი ჟდანოვი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. სოფელში, რომელსაც 1939 წლამდე ეჟოვაკანი ეწოდებოდა, 2014 წლის აღწერის მონაცემებით, 393 ადამიანი ცხოვრობს.

სტეფანე შაუმიანი

მარნეულის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე დიდ დაბას, რომელშიც 3000-ზე მეტი მცხოვრებია, კავკასიის საქმეთა საგანგებო კომისრის, სტეფანე შაუმიანის სახელი ეწოდება. დაბა, ამავდროულად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრია და მასში კიდევ სამი სოფელი შედის. მართალია, შაუმიანი, სხვა კომისრებთან ერთად, დახვრიტეს, თუმცა, იყო დრო, როცა ლენინის პირდაპირი დავალებით, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ბოლშევიკური წესრიგის დამყარება სწორედ მას ევალა. ამ და დანარჩენი 25 წითელი კომისრის სახელი საქართველოს სხვა ქალაქებშიც მრავლად იყო, თუმცა, დიდი ხანია, დედაქალაქმაც (შაუმიანის გამზირი ქეთევან დედოფლის გამზირად, მეტრო “26 კომისარი” მეტრო “ავლაბრად” და ა.შ. გადაკეთდა) და სხვა დასახლებებმაც “შაუმიანი” წითელი ისტორიის სანაგვეზე მოისროლეს, მაგრამ მარნეულში დაბამ სტეფანე შაუმიანის სახელი, სამწუხაროდ, ამ დრომდე შეინარჩუნა.

შაუმიანისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხზე მსჯელობა მხოლოდ ახლა დაიწყო – მარნეულის საკრებულომ, კიროვკასთან ერთად, შაუმიანისთვის ზემო შულავერის დარქმევის წინადადებით გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამთავრობო კომისიას მიმართა და ახლა მის პასუხს ელოდება.

ალექსანდრე მიასნიკიანი

საქართველოში ჯერ კიდევ დაფასებულია შაუმიანის მეგობარი ალექსანდრე მიასნიკიანიც, რომლის სახელობის სოფელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მიასნიკიანი 1921-1922 წლებში სომხეთის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი სახელობის სოფლები ჩვენი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ დარჩა, ისევე, როგორც ამ დრომდე დგას ერევანში მისი ძეგლიც, თუმცა, საქართველოს ერთ-ერთი სოფლისთვის მიასნიკიანის სახელის დატოვება, ცხადია, გამართლებული ვერ იქნება.

მიხეილ კალინინი

ერთ-ერთი ცნობილი ბოლშევიკის და საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსნის, მიხეილ კალინინის სახელს ატარებს ამ დრომდე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კალინინო. სოფელი ასევე, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრია. გარდა იმისა, რომ ეს ბოლშევიკი რევოლუციონერი სიცოცხლის ბოლომდე არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა, ცნობილია, რომ 1934 წლის 1 დეკემბერს სწორედ კალინინის ხელმოწერით გამოქვეყნდა დადგენილება, რომელიც “სტალინური ტერორის” იურიდიულ საფუძვლად იქცა.

გერმანიის კომუნისტური პარტიის ლიდერის, ერნსტ ტელმანის სახელს ატარებს ამ დრომდე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ტელმანი. ეს გერმანელი კომუნისტი ადოლფ ჰიტლერის მთავარ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა და სწორედ მისი ბრძანებით დაიხვრიტა 1944 წელს. ცნობილია, რომ ტელმანი სტალინის ერთგული თანამოაზრე იყო და მის ციხიდან დახსნას “პროლეტარიატის ბელადი” დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა.

გარდა ამ “საბჭოთა მოღვაწეებისა”, საქართველოში კვლავაც არის დასახლებები, რომელთა სახელებიც პირდაპირ გასაბჭოებასთან არის ასოცირებული. ასეთებია, მაგალითად, 3 სოფლის სახელწოდება “ოქტომბერი”, რომელიც მათ ე.წ. “დიდი ოქტომბრის რევოლუციის” აღსანიშნავად ეწოდა. ოქტომბერი ამ დრომდე ჰქვია ქედის, თერჯოლისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში არსებულ სოფლებს. აქედან მხოლოდ ზუგდიდში მოითხოვეს ადგილობრივმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა სოფლისთვის სახელწოდების შეცვლა, თუმცა, თავად დასახლების მცხოვრებთა წინააღმდეგობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უმოქმედობის გამო, სოფელს სახელი ამ დრომდე უნარჩუნდება. ცნობილია სოფლის ისტორიული სახელწოდებაც – “ცაიშიშ კახათი”, თუმცა, სოფლის მცხოვრებლების წარმოდგენით, ოქტომბერი შემოდგომის ერთ-ერთ თვეს, შესაბამისად კი, ხვავს და ბარაქას ნიშნავს და არა – ოქტომბრის რევოლუციას.

ბოლშევიკური მე-11 წითელი არმიის უკვდავსაყოფად და გასაბჭოების აღსანიშნავად, საქართველოში ამ დასახელების არაერთი ქალაქი და სოფელი გაჩნდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მათმა ნაწილმა სახელი შეიცვალა (მაგ. ყოფილი წითელწყარო დედოფლისწყარო გახდა), თუმცა, ამ დრომდე წითელარმიელთა სახელობის რამდენიმე სოფელი მაინც შემოგვრჩა. მაგალითად, წითელუბანი და წითელიწყარო – გორის მუნიციპალიტეტში, წითელი სოფელი და წითელსოფელი ქარელისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, წითელგორი – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, როგორც სრულიად ახალი, გრანდიოზული და დიადი ეპოქის დასაწყისის აღსანიშნავად, გაჩნდა სოფლებიც – განთიადი, განახლება, გამარჯვება, კავშირი და სხვა. ამ დასახლებათა ერთ ნაწილს სახელწოდება დღემდე უნარჩუნდება. მაგალითად, სოფელი განთიადი ამ დრომდე ხუთ სოფელს ჰქვია ხელვაჩაურის, ოზურგეთის, დმანისის, ზესტაფონისა და წალკის მუნიციპალიტეტებში. ერთგვარი კურიოზია ისიც, რომ წალკის მუნიციპალიტეტში ეს საბჭოთა დასახელება სოფელს სულ რაღაც 12 წლის წინ – 2010 წლის 20 ნოემბერს უწოდეს, მანამდე მას “თიაქილისა” ერქვა.  სოფელი განახლება გვაქვს ქვეყნის სამ მუნიციპალიტეტში – დმანისის, ხულოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშივე გვაქვს სოფელი წინსვლა, სოფელი გამარჯვება – დედოფლისყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლები – განათლება, კავშირი და შეერთება, რაც ცალსახად საბჭოთა იდეოლოგიის სიმბოლოებია.

“ქუჩებისათვის სახელების მიმნიჭებელ კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ზუგდიდის საქალაქო და რაიონული კომიტეტის თხოვნის საფუძველზე, ქ. ზუგდიდის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ქუჩას მიეკუთვნოს გამოჩენილი პოლიტიკოსის, ქართველი ხალხის სახელოვანი შვილის, ი.ბ. სტალინის ერთგული თანამებრძოლის, ლავრენტი პავლეს ძე ბერიას სახელი, დაბადების 96-ე წლისთავთან დაკავშირებით” – ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სწორედ ეს ტექსტი გვხვდება გადაწყვეტილებაში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 4 წლის შემდეგ, 1995 წლის 2 მარტს ზუგდიდის გამგეობამ მიიღო. სწორედ ამ გადაწყვეტილებით, ზუგდიდში გაგარინის ქუჩას ბერიას ქუჩა ეწოდა, ხოლო გაგარინის სახელი ქალაქის მარცხენა სანაპიროს ქუჩას მიანიჭეს.

უკვე რამდენიმე წელია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, თანამოაზრეებთან ერთად, ქუჩის ტოპონიმიკის შეცვლას და მისთვის 2016 წელს  საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭებას ითხოვს, ამ ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ბერია “მსოფლიო ისტორიაში მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, რომელმაც საბჭოთა პერიოდში საქართველოს სასარგებლოდ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო”, ამიტომაც ქუჩა მის სახელს უნდა ატარებდეს, უკიდურეს შემთხვევაში კი, მას ძველი – გაგარინის სახელი უნდა დაუბრუნდეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ამ შემთხვევაშიც უმოქმედოდ არიან და ამ საკითხზე მოსახლეობასთან კომუნიკაციას თავს არიდებენ. ამასობაში კი “თავისუფლების ქარტიის” მოთხოვნა ისევ ირღვევა და ამას, სამწუხაროდ, არავინ იმჩნევს.

ლენინის, სტალინის, ბერიას, მახარაძის, ორახელაშვილის, ლესელიძის, კიროვის, მიქოიანის, ძერჟინსკის, შაუმიანის, კალინინის, ჟდანოვის, ბახტაძისა თუ წითელარმიელთა ქუჩებს ჩვენს მუნიციპალიტეტებში ისევ “უკვდავყოფენ”.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ტოტალიტარიზმის შემოქმედთა სახელები ქვეყნის მასშტაბით 50 ქუჩას შემორჩა, მათ შორის, დედაქალაქს. კვლევის თანახმად ირკვევა, რომ 1924 წლის აჯანყების ჩახშობასა და რეპრესიებში მონაწილე კონსტანტინე ლესელიძის სახელს, საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მეტი – 25 ქუჩა ატარებს, მათ შორის, თბილისში, გლდანში არსებული ერთ-ერთი ქუჩაც, რომელსაც ეს სახელი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას შემდეგ მიენიჭა, რაც ძველ თბილისში არსებულ ლესელიძის ქუჩას კოტე აფხაზის სახელი ეწოდა.

იოსებ სტალინის სახელი, მის მშობლიურ ქალაქში არსებული ქუჩის გარდა, საქართველოს მასშტაბით, კიდევ 6 ქუჩას ჰქვია, კიროვის სახელს 4 ქუჩა ატარებს, ორახელაშვილის, მიქოიანის, ძერჟინსკისა და შაუმიანის 2-2, ხოლო ბერიას, მახარაძის, კალინინის, ჟდანოვის, ბახტაძისა და წითელარმიელების – თითო ქუჩაა შემორჩენილი.

გარდა ამ ცალსახად პრობლემური ტოპონიმიკისა, საქართველოში შემორჩენილია ოკუპანტი რუსეთის დედაქალაქის – მოსკოვისა (თბილისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ხაშური) და სხვა ქალაქების ქუჩებიც (სანქტ-პეტერბურგის ქუჩა ზუგდიდსა და სენაკში, ვოლგოგრადის ქუჩა ზუგდიდში და ა.შ.).

6 წელია, თბილისში მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლას ითხოვენ. თბილისის საკრებულო ყოველ ჯერზე აცხადებს, რომ საკითხს იხილავს, თუმცა, ამ დრომდე გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

2017 წელს ეს მოთხოვნა დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს, 1 500 ხელმოწერასთან ერთად, გიორგი ვაშაძემ წარუდგინა. მისი ინიციატივით, გამზირს, მოსკოვის ნაცვლად, საქართველოს გამზირი უნდა დარქმეოდა.

2018 წელს Manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომელშიც მოქალაქეები დედაქალაქში მდებარე მოსკოვის გამზირისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭებას მოითხოვდნენ. პეტიციას 10 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი, ხოლო საკრებულოში იგივე ინიციატივა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციამ წარადგინა. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა მაშინ თქვა, რომ მოსკოვის გამზირთან დაკავშირებით მსჯელობა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, თუმცა, გამზირისთვის სახელის გადარქმევას შესაბამისი პროცედურების გავლა სჭირდებოდა, მათ შორის, გასათვალისწინებელი იყო იმ ათასობით ადამიანის პოზიცია, რომელიც აღნიშნულ გამზირზე ცხოვრობს. პეტიციის საპასუხოდ, თბილისის მერი კახა კალაძე კი, დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა და ოკუპაციას შეწირულ მოქალაქეთა სახელების უკვდავსაყოფად, სკვერის გაკეთების ინიციატივით გამოვიდა.

2019 წელს მოძრაობამ – “რუსეთი ოკუპანტია” აქცია-პერფორმანსი გამართა, რომლის დროსაც ახალგაზრდებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 170 მეომრის გვარები წარადგინეს და მოითხოვეს, რომ მოსკოვის გამზირს ამ ადამიანებიდან ერთ-ერთის სახელი მინიჭებოდა. ამის საპასუხოდ ახლა უკვე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ თქვა, რომ საკრებულოში მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევის საკითხი დღის წესრიგში დგას და გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საზოგადოება ამის შესახებ შეიტყობს.

2022 წლის თებერვლის ბოლოს, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ცხადია, საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციამ კიდევ ერთხელ მოითხოვა მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევა, თუმცა, ამჯერად ოპოზიცია ფიქრობს, რომ გამზირს უკრაინის დედაქალაქის – კიევის სახელი უნდა მიენიჭოს.

საინტერესოა, რომ, თუ აქამდე საკრებულო, სიტყვიერად მაინც, მზადყოფნას გამოთქვამდა, საკითხი განეხილა, ამჯერად უკვე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მმართველი პარტიიდან, ზურაბ აბაშიძემ, ტრადიციული თითის გაშვერით, განაცხადა: “თუ ვისაუბრებთ იმაზე, სირცხვილია თუ არა ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთ გამზირს ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის – მოსკოვის სახელი ერქვას, ამაზე მარტივი პასუხი მაქვს – 2008 წელს, როდესაც მოხდა საქართველოს უმნიშვნელოვანესი კუთხეების ოკუპაცია, მაშინ ის ძალა იყო ხელისუფლებაში, ვინც ახლა ამ ქუჩის სახელის გადარქმევას ითხოვს. მაშინ რატომ არ გადაარქვეს სახელი?”
და მოსკოვის გამზირი, ამდენი ინიციატივის არსებობის მიუხედავად, ისევ დარჩა მოსკოვის გამზირად…

ვინ არის ვალდებული, იზრუნოს ტოტალიტარული ტოპონიმიკის აღმოფხვრაზე?

კომისია N1 – ასე დავარქვით უმთავრეს კომისიას, რომელიც, “თავისუფლების ქარტიის” თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია შექმნილი და სწორედ ის არის ვალდებული, შეაგროვოს ინფორმაცია იმ სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, აგრეთვე, მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების შესახებ, რომლებიც შეიცავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიებისა და პროპაგანდის ელემენტებს, თუ ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს. ამავე კომისიას ევალება, ამ სიმბოლიკისა თუ ტოპონიმიკის აღმოსაფხვრელად უფლებამოსილ პირს მიმართოს. ხოლო თუ უფლებამოსილი პირი არ შეასრულებს კომისიის მითითებას, ან არაჯეროვნად შეასრულებს მას, დაეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგებლობა კი, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით”, პირველ ჯერზე – გაფრთხილება, შემდეგ კი 1000-ლარიანი ჯარიმაა.

idfi-ის კვლევის თანახმად, სუს-ის კომისია 2015 წლამდე მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა და “თავისუფლების ქარტიით” გათვალისწინებული რეესტრის შექმნის მექანიზმები განიხილა. სუს-იდან ახლახან მიღებულ წერილში კი ვკითხულობთ: “საკუთარი საქმიანობის განხორცილების ფარგლებში, “თავისუფლების ქარტია” საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე და ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ზემოხსენებული კომისია მყისიერად რეაგირებს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის გამოყენების, ასევე, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების შესაძლო გაღვივების ფაქტებზე”.

ამ “მყისიერი რეაგირების” დასადასტურებლად კი სუს-ის კომისია ინფორმაციაში მიუთითებს, რომ: 2016 წელს ორ უფლებამოსილ პირს გაუგზავნა მიმართვა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის აღმოფხვრის მიზნით; 2017 წელს, სამ მიმართვასთან დაკავშირებით, ინიციატორებს ეცნობათ სათანადო ინფორმაცია; 2018 წელს – 5 უფლებამოსილ პირს მიმართა კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკისა და კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების აღმოფხვრის მიზნით; 2019 წელს ანალოგიური მიმართვით 32 უფლებამოსილ პირს მიმართა; 2020 წელს 36 პირს გაეგზავნა მიმართვა, 2021 წელს კი – 39 პირს. კვლევის ავტორთა ინფორმაციით, კონკრეტულად ვის რა მითითება მისცა კომისიამ, სუს-მა ეს ინფორმაცია ორგანიზაციას არ მისცა.

საინტერესოა, რომ, კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნულ კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს. სუს-იდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით კი ირკვევა, რომ 2020-2021 წლებში კომისიის სხდომა საერთოდ არ ჩატარებულა და “საქართველოს პარლამენტის წევრებს მასში მონაწილეობა არ მიუღიათ”.

ის, რომ ამ კომისიაში წევრის ყოლის უფლება ფრაქციებსაც აქვთ, პარლამენტში დღეს არსებული თუ ყოფილი ფრაქციების წარმომადგენლებმა საერთოდ არ იციან. არადა, აღნიშნული კომისია, ტოპონიმიკის ცვლილებებისა თუ ტოტალიტარული სიმბოლოების გამოყენების კონტროლის გარდა, ვალდებულია, მოიძიოს ინფორმაცია და აწარმოოს იმ პირთა რეესტრი, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ, ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან. მას, ასევე, უფლება აქვს, გაასაჯაროოს იმ პირთა ვინაობა და მონაცემები, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ, ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან, ახლა კი “თავისუფლების ქარტიით” აკრძალული თანამდებობა უკავიათ და ნებაყოფლობით, კანონით დადგენილ ვადაში არ განაცხადებენ უარს ამ თანამდებობაზე. რეაგირება მოახდინოს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის გამოყენების, ასევე, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების შესაძლო გაღვივების ფაქტებზე. ამგვარ ფაქტებს კი, სათანადო მუშაობის შემთხვევაში, დღევანდელ საქართველოში არაერთს მოიპოვებდნენ. 

ამასობაში კი, სუს-იდან idfi-სთვის გაგზავნილი წერილით ირკვევა, რომ “იმ პირთა რეესტრი, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ს სპეციალურ სამსახურებთან, ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები ყოფილი სსრკ-ს სპეციალურ სამსახურებთან მათ ფარულ კავშირზე მიუთითებს, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით არსებობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში”.

მთავრობა, კომისია N2, საკრებულო – ეს ის სამი უწყებაა, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღები, ან გადაწყვეტილების მიღების თანამონაწილეა

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს “ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება”. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა მუნიციპალიტეტს რაღაც უფლება თან აქვს და თან – არა.

ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ საკუთარი უფლებამოსილება ექსკლუზიური და სრულია, ანუ, გასაგებად რომ ვთქვათ, მუნიციპალიტეტი მის უფლებამოსილებაში არსებულ საკითხებს ერთპიროვნულად, სხვა უწყებების ჩაურევლად უნდა წყვეტდეს, თუმცა, რა ერქვას, მაგალითად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის რომელიმე ქუჩას, ან გორის მუნიციპალიტეტის რომელიმე სკვერს, ან ქუთაისის რომელიმე ისტორიულ უბანს, ან ხობში არსებულ სტალინისა და ბერიას ქუჩებს გადაერქვას თუ არა სახელი – ამის შესახებ საკრებულო გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ სამთავრობო კომისიიდან მიღებული დადებითი დასკვნის შემთხვევაში იღებს.

სწორედ ესაა კომისია N2, რომელსაც ასე ჩვენ დავარქვით, თორემ ისე ერთობ გრძელი და გაუგებარი სახელი აქვს – “გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისია”.

სწორედ ამ კომისიის სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის საფუძველზე შეძლო, მაგალითად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, სტალინის ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას, ხოლო ბერიას ქუჩისთვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭება. არადა, ამ ქუჩებისთვის სახელწოდების შეცვლის ინიციატორი იყო ადგილობრივი ნუგზარ შონია, რომელიც საკითხს 15 წელი აყენებდა, აგროვებდა ხელმოწერებსაც, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, 2020 წელს, შონია საკითხის დადებითად გადასაწყვეტად მაშინდელ სახელმწიფო რწმუნებულს, ალექსანდრე მოწერელიას შეხვდა. სწორედ ამის შემდეგ სამთავრობო კომისიამ ქუჩებისთვის სახელების შეცვლაზე დადებითი დასკვნა გასცა, ხოლო საკრებულომ ჯერ საჯარო განხილვები მოაწყო, შემდეგ კი განკარგულებაც გამოსცა. აი, ასე მუშაობს ეს ერთი კონკრეტული ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომლითაც, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, ადგილობრივი თვითმმართველობა კანონის ძალით არის აღჭურვილი.

ცალკე საკითხია ქალაქისთვის, სოფლისთვის თუ დაბისთვის სახელის დარქმევა ან გადარქმევა – ამის უფლება მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ აქვს. ქალაქს, დაბას და სოფელს, ისევ ამ ლეგენდარული სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, სახელს არქმევს ან უცვლის საქართველოს მთავრობა, ხოლო მუნიციპალიტეტს და მის ადმინისტრაციულ ცენტრს – მთავრობის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ამ პრობლემური დასახელების მქონე სოფლისა თუ დაბის ტოპონიმიკის შეცვლის ვალდებულება პირდაპირ საქართველოს მთავრობას აკისრია. შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ უნდა გადაარქვას, მაგალითად, მარნეულის საკრებულომ შაუმიანს ან კიროვკას სახელი, როცა “გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” კანონით, მას ამის უფლება, უბრალოდ, არ აქვს და მხოლოდ საკითხის ინიცირება შეუძლია. თუმცა, საკრებულომ ერთხელ უკვე კანონი დაარღვია, როცა 2019 წლის  21 მაისის განკარგულებით, ულიანოვკასა და ბუდიონოვკას სახელები შეუცვალა, სამართლებრივი ზედამხედველობის უფლების მქონე საქართველოს მთავრობამ კი კანონთან შეუსაბამო ეს განკარგულება ვერც კი შეამჩნია, იმიტომ, რომ მას მხოლოდ ნორმატიული აქტების, ანუ დადგენილებების კონტროლი ევალება.

როგორც ხედავთ, ტოტალიტარული ტოპონიმიკისგან ქვეყანა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 31 წლის გასვლის შემდეგაც სრულად ვერ გათავისუფლებულა. ეს პროცესი, მეტ-ნაკლები განსხვავებებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთმა ქვეყანამ გაიარა. ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბჭოთა ტოპონიმიკა თითქმის სრულად აღმოიფხვრა. უკრაინაში მიდგომა უფრო ზომიერი იყო, თუმცა, idfi-ის კვლევის თანახმად, 2013-2014 წლების “ევრომაიდანის”, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებული ომის შემდეგ, დეკომუნიზაციისა და დერუსიფიკაციის გაცილებით მასშტაბური და რადიკალური ტალღა აგორდა. თუ 2014 წლამდე უკრაინაში მხოლოდ 9 ქალაქს შეეცვალა სახელი, 2015 წლის შემდეგ სახელი 30-ზე მეტ ქალაქსა და სასოფლო დასახლებულ პუნქტს გადაერქვა. დასახელება შეეცვალა არაოდიოზური საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერსონების სახელის მატარებელ ქალაქებსაც კი და შეიცვალა მეორე მსოფლიო, ე.წ. “დიდი სამამულო ომის” აღქმაც, ხოლო ყველაფერი “საბჭოური” არადემოკრატიულ და რუსულთან გაიგივდა, როგორც ქვეყანასთან, რომელმაც უკრაინას ჯერ 2014 წელს წაართვა ტერიტორიები, ახლა კი, ორ თვეზე მეტია, ფართომასშტაბიან ომს სუვერენული ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აწარმოებს.

თავად რუსეთში და, ასევე, მის პარტნიორ და მთავარ დასაყრდენ ბელარუსში დეკომუნიზაცია არც კი დაგეგმილა. შესაბამისად, კომუნისტური სახელწოდებები, იშვიათ შემთხვევებში, მხოლოდ ქალაქებსა და სოფლებს შეეცვალათ, ხოლო ქუჩებს კვლავ საბჭოური სახელწოდებები რჩება.

საქართველოშიც, 1990-იანი წლების გადავლის შემდეგ, პროცესი, პრაქტიკულად, გაჩერებულია. უფრო მეტიც, საზოგადოების ერთი ნაწილი დღემდე კამათობს და ეწინააღმდეგება საბჭოთა ტოტალიტარული ტოპონიმიკის შეცვლას, სტალინი კვლავ ბელადია, ბერია კი – გამოჩენილი მოღვაწე, რომელმაც “ქართველ ხალხს ბევრი გაუკეთა”. სახელმწიფო კი, კანონმდებლობის არსებობის, ამ სფეროში მოქმედი უამრავი უწყების – მთავრობისა და მისი სამთავრობო კომისიების, მუნიციპალიტეტებისა და მათი შესაბამისი კომისიების არსებობის მიუხედავად, ვერ ახერხებს, აწარმოოს ეფექტური საინფორმაციო კამპანია მოწინააღმდეგეთა დასარწმუნებლად და გადადგას მიზანმიმართული ნაბიჯები იმისათვის, რომ 30 წლის შემდეგ მაინც დაასრულოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსული საქართველოში.