მარნეულის სოფელ კიროვკას და სოფელ შაუმიანს სახელები შეეცვლება

1130

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკას და შაუმიანს სახელები გადაერქმევა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი სოფლების სახელწოდებების შეცვლის საკითხზე 18 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს.

როგორც საკრებულოს აპარატის უფროსი, ნინო ბერიძე ამბობს, მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მოსახლეობასთან ერთად, კიროვკას შემთხვევაში ხუთი სახელიდან ორი შეარჩია. აღნიშნულ სოფელს „მწვანე გორა“ ან „მეგობრობა“ დაერქმევა. რაც შეეხება შაუმიან, სოფელს ზემო შულავერი ეწოდება. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობა, რაც სახელების შეცვლაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების კომისიის დასტური მოუვათ.

„საუბარი შეეხო როგორც კიროვკას, სადაც გამოიკვეთა ხუთი სახელი, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე დაკავშირებული იყო ამ სოფელთან. აქედან დღეის მდგომარეობით შესაბამისმა კომისიამ არიჩია ორი სახელი. „მწვანე გორა“ და „მეგობრობა“ ორივე გადაიგზავნება გეოგრაფიული ობიექტების სამთავრობო კომისიაში და რომელიც უფრო ახლოს იქნება ამ სოფლის ეტიმოლოგიასთან და სოფელთან ისტორიულად, ჩვენ მოგვივა რეკომენდაცია იმ სოფლის სახელის დარქმევაზე. ჩვენ შაუმიანზეც გვქონდა გაგზავნილი, რომ, დარქმეოდა დიდი შულავერი, თუმცა მოგვივიდა რეკომენდაცია სამთავრობო კომისიიდან, რომ დიდის აღმნიშვნელი სიტყვა არ გამოვიყენოთ სოფლების და დასახლებული პუნქტების სახელდებების დროს. კომისიამ ეს საკითხიც შეისწავლა. მოსახლეობასთანაც იყო კონსულტაციები და ეწოდება ზემო შულავერი ესეც გაიგზავნება სამთავრობო კომისიაში და საკრებულო შემდეგ განმეორებით უკვე იმსჯელებს და მიანიჭებს ამ საკითხებს” – ამბობს ნინო ბერიძე

საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს. მათ შორის სოფლებში ქუჩების სახელდების და მასწავლებლებისათვის მგზავრობის საფასურის საკითხი. ყველა საკითხზე დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.