აუდიტი: ახალციხის მერიამ რეკომენდირებულზე ორჯერ მეტი მანქანა შეიძინა

449

ახალციხის მუნიციპალიტეტს მთავრობის დადგენილებით რეკომენდირებული 6-7 სამორიგეო ავტომანქანის ნაცვლად 25 სამორიგეო და 13 კერძო ავტომობილი აქვს. გარდა ამისა, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას აღემატება. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018-2019 წლებში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საშტატო რიცხოვნობიდან გამომდინარე, ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 6-7 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა. მუნიციპალიტეტი 2018 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 19 სამორიგეო მანქანით, ხოლო 2019 წელს – ბალანსზე რიცხული 25 სამორიგეო და 13 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატებოდა რეკომენდებულ ოდენობას, 2019 წელს მერიამ კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით დამატებით შეისყიდა 6 ერთეული მანქანა. მათ შორის ერთი მერის მოადგილისთვის.

წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2018-2019 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 249.5 ათასი ლარის ღირებულების 113 ტონა საწვავი. სატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის ჩასხმა ხორციელდებოდა „აგაი“ სისტემის გამოყენებით. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა საწვავის ხარჯვა ცალკეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიხედვით. მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესწავლის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ცალკეულ ავტომანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, მათ შორის, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას აღემატება.

აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები. გამოვლინდა, რომ ზოგიერთ ავტომანქანაზე „აგაი“ სისტემის ჩიპი მყარად არ იყო დამაგრებული. შესაბამისად, შესაძლებელია „აგაი“ სისტემის ჩიპის გამოყენება სხვა მანქანებზეც. აღნიშნული გარემოებები წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმისა და მისი არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.

აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მერიამ ვერ წარმოადგინა „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის“ შესაბამისად მიღებული სამართლებრივი აქტი. მთავრობის დადგენილება თვითმმართველობებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი შესრულება.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა და განისაზღვრება საწვავის ხარჯვის კონტროლის მექანიზმები. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციას, საწვავის და მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას. ამასთანავე, მიზანშეწონილია შემუშავებული წესი თავსებადი იყოს საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებასთან. მუნიციპალიტეტმა გამოავლინოს არაავტორიზებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმის ფაქტები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს სათანადო ღონისძიებები.