მთავარი არხი: ზუგდიდში “ოცნებიდან” რწმუნებულებს და ა(ა)იპ-ის თანამშრომლებს უშვებენ

618

ზუგდიდში “ქართული ოცნების” საჯარო მოხელეები თანამდებობებს ტოვებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. არხის ცნობით, მიზეზი, სავარაუდოდ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ნარკოტიკულ თრობაზე მიღებული დადებითი პასუხია. შემოწმების შედეგად, რომელიც 1 თვის ინტერვალში საჯარო მოხელეებს ჩაუტარდათ, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება 10 სოფლის რწმუნებულსა და ზუგდიდის ა(ა)იპ -ის თანამშრომლებს დაუდასტურდათ.

ზუგდიდის მერი “მთავარ არხთან” ამ ინფორმაციას უარყოფს.

“დაახლოებით 12-მდე რწმუნებულია გათავისუფლებული. ეს პიროვნებები გახლდათ მერის წარმომადგენლები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით, ზოგიერთს ამოეწურა ხელშეკრულების ვადა, ზოგიერთზე განახლების თვალსაზრისით ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, რომ ახალი კადრები მოსულიყვნენ. არცერთს არ დადასტურებია მოხმარება”, – ამბობს ზუგდიდს მერი, მამუკა წოწერია. 

წოწერიას უარყოფის მიუხედავად, “მთავარი არხის” ინფორმაციით, “ოცნება” საჯარო მოხელეებს, რომლებსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდასტურდათ, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებების საკუთარი ნებით დაწერას სთხოვს.