ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი: ბაღის ტერიტორიაზე დამატებითი სადრენაჟე სისტემა მოეწყობა

564

წინა სტატია

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორის ზვიად ქარჩავას განცხადებით, ბაღის ტერიტორიაზე დამატებითი სადრენაჟე სისტემა მოეწყობა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს.

„იცით, რომ გასულ კვირას უხვმა ნალექმა წყლის დაგროვება გამოიწვია. დაიტბორა ბოტანიკური ბაღის სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორია. იმ ტერიტორიაზე არ არის სადრენაჟო სისტემა განვითარებული. ამ ეტაპისთვის ეს პრობლემა მოგვარებულია, გუშინდელი წვიმს დროს არ იდგა წყალი. ორად ორი შემთხვევა იყო, როდესაც უხვი ნალექის დროს დადგა წყალი. ამჟამად მერიას შეთანხმებული ვართ, მიმდინარეობს მოლაპარაკება და დაგეგმილია, რომ მოეწყოს სადრენაჟო სისტემა იმ პრობლემურ ადგილებზე“, – განაცხადა ზვიად ქარჩავამ.

ცნობისთვის, გასულ კვირას ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში. დაიტბორა ბაღის გარკვეული ნაწილი, წაიქცა 7 მრავალწლოვანი ხე, დაზიანდა ბოტანიკური ბაღის ღობე.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია საკრებულოს სხდომაზე მიიწვიეს. მათი თქმით, ბოტანიკური ბაღის განადგურება მიზანმიმართულად მიმდინარეობს.