მარნეულის მერია: 30-წლიანი პაუზის შემდეგ, სოფლებში, ხიხანსა და შაუმიანში სარწყავი სისტემა ამოქმედდა

761

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაუმიანისა და ხიხანის მოსახლეობა 30 წლიანი პაუზის შემდეგ, სარწყავი წყლით წელს პირველად ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ ხიხანსა და შაუმიანში საირიგაციო ქსელი 3 ათეული წელია არ ფუნქციონირებს. საქართველოს მელიორაციის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად, აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

„სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა სატუმბი სადგურების მშენებლობა, მილსადენების, წყალგამანაწიებელი კვანძების, წყალშემკრებებისა და სხვა სამელიორაციო ნაგებობების მოწყობა. პროექტის ღირებულებამ 3,8 მილიონი ლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ ზაურ დარგალთან, მარნეულის მერ კენან ომაროვთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან, „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორ თენგიზ ნასარიძესთან და რეგიონის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მარნეულში იმყოფებოდა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ხიხანის მოსახლეობას შეხვდნენ და რეაბილიტირებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა ადგილზე დაათვალიერეს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.