სამუსიკო სკოლა, შესაძლოა, რუსთაველის 124–ში გადავიდეს – ახალციხის მერის ინიციატივა

427

დღეს ახალციხის „საზოგადოებრივი დარბაზის“ პირველი სხდომას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილიც ესწრებოდა. მან დარბაზის წევრებს გაუზიარა ინიციატივა, რომ ახალციხის სამუსიკო სკოლა ახლადრეაბილიტირებულ, რუსთაველის 124–ში მდებარე ტერიტორიაზე გადავიდეს. არსებული მიშენება კი დაინგრეს და მის ადგილას გამწვანებული ეზო მოეწყოს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, ამჟამინდელ სამუსიკო სკოლის შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მიშენებული აქვს ახალი შენობა, რომელიც ისტორიულ ნაგებობას უმახინჯებს იერსახეს და გარკვეულწილად, უკარგავს მას ისტორიულ მნიშვნელობას. მერის განცხადებით, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საუკუნენახევრის ისტორიის მქონე შენობა რეაბილიტირდება და იქ საგამოფენო და სხვა კულტურული ღონისძებებისთვის საჭირო სივრცეები მოეწყობა.

სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციაზე, ახალციხის ყოფილმა მერმა, ზაზა მელქიიძემ ჯერ კიდევ 2018 წელს ისაუბრა. მან თქვა, რომ შენობა 2019 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით გარემონტდებოდა, თუმცა აღნიშნული სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალციხის სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადებისთვის ტენდერი 32 000 ლარზე  2020 წლის 2 მარტს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „სითი არტ“ – თან მერიამ ხელშეკრულება 28 000 ლარზე გააფორმა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით ტაბატაძის თქმით, ამჟამინდელი მერის, ირაკლი ლაზარაშვილის ინიციატივა სამუსიკო სკოლასთან დაკავშირებით, მისასალმებელია. მას ვკითხეთ, რა ბედი შეიძლება ეწიოს საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტს, რომელშიც მუნიციპალიტეტმა ორი წლის წინ 28 ათასი ლარი გადაიხადა. დავით ტაბატაძის თქმით, იგი დოკუმენტს არ იცნობს და კომენტარსაც ვერ გააკეთებს.

„როგორც ერთ–ერთი მოქალაქე, ძალიან მომეწონა იდეა. თუ პროექტი შედგება, რა თქმა უნდა,  ეს შესათანხმებელი იქნება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან. სამწუხაროდ არ მაქვს ეგ მონაცემები და ვერაფერს გიპასუხებთ“,–ამბობს იგი.

მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა, დარბაზის წევრებს სთხოვა, რომ აღნიშნულ ინიციატივაზე საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გაუზიარონ მუნიციპალიტეტს.

ცნობისთვის, „საზოგადოებრივი დარბაზი“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ლომიძის ინიციატივით შეიქმნა. მისი თქმით, დარბაზის მუშაობა ხელს შეუწყობს მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას მუნიციპალიტეტის საქმიანობაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.