ახალციხის სამუსიკო სკოლას სარეაბილიტაციოდ ამზადებენ

1317

წინა სტატია

ავარიული სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა. XIX საუკუნის შენობას კულტრურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის მომზადებისთვის ტენდერით 32 000 ლარია გათვალისწინებული. თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო. წინადადებები მიღება ორ მარტს დასრულდება. თანდართული დოკუმენტების მიხედვით კი, პროექტით განსაზღვრული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 800 000 ლარია.

შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომ მომზადებული პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში უნდა შეთანხმდეს.

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე სამუსიკო სკოლა ორი შენობისაგან შედგება. შენობის ის ნაწილი, რომელსაც საუკუნენახევრის ისტორია აქვს, ამორტიზებული და სახიფათოა. 80-ანი წლების შემდეგ, როცა შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდა, სკოლაში რემონტი აღარ ჩატარებულა.

სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის შესახებ ახალციხის მერმა ჯერ კიდევ 2018 წელს ისაუბრა. მაშინ ზაზა მელიქიძემ თქვა, რომ შენობა 2019 წელს გარემონტდებოდა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით.

კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა 1829–1833 წლებში აშენდა და ორბელიანებს ეკუთვნოდათ.