რას ფლობს ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარე – იოსებ რობაქიძის ქონებრივი დეკლარაცია

607

წინა სტატია

ავტორი: რუსა მაჩაიძე

ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარე “ქართული ოცნებიდან” იოსებ რობაქიძე ამ პოსტს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების შემდეგ იკავებს. თუმცა, მანამდე, წინა მოწვევის საკრებულოში, ის კომისიის თავმჯდომარე იყო. შესაბამისად, რობაქიძე ქონებრივ დეკლარაციას 2017 წლის არჩევნების შემდეგ ყოველწლიურად ავსებს. ოჯახის წევრად კი ხუთივე დეკლარაციაში მხოლოდ მეუღლე ჰყავს მითითებული.

ბოლო დეკლარაციის თანახმად, იოსებ რობაქიძე არის ტყიბულში 3 მიწის ნაკვეთის, თბილისში ბინის და საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების ერთადერთი მფლობელი. ამ სამი მიწის ნაკვეთიდან ერთი, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტში, საწირე-სამტრედიაში მდებარეობს და 1 600 კვ.მ-ია, შარშან, 2021 წლის მაისში, 3 000 ლარად უყიდია. მეორე, სოფელ სამტრედიაში მდებარე 1 491 კვ.მ მიწის ნაკვეთის მფლობელად 2019 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტის “თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ” მიიჩნია. მესამე, ასევე სოფელ სამტრედიაში მდებარე 1 501 კვ.მ მიწის ნაკვეთი კი, 2022 წლის დეკლარაციით, 2019 წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული. თუმცა, 2020-2021 წლების დეკლარაციებით, მას სოფელ სამტრედიაში ზუსტად 1 501 კვ.მ მიწის მემკვიდრეობით მიღების თარიღად 1997 წელი უწერია. ეს მიწა საერთოდ არ არის ნახსენები 2019 წლის დეკლარაციაში და 2018 წლის დეკლარაციაში წერია, რომ მისთვის 2008 წელს უჩუქებიათ სოფელ სამტრედიაში მდებარე 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მაგრამ მჩუქებელი არ არის მითითებული. ძნელი სათქმელია, ეს 2008 წელს ნაჩუქარი მიწა 1997 თუ 2019 წელს მემკვიდრეობით მიღებული მიწაა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ 2019-2022 წლების დეკლარაციებიდან ეს ნაჩუქარი მიწა გამქრალია და ისიც გაურკვეველია, მემკვიდრეობით მიღებაზე რაც უწერია, რეალურად რომელ წელს აქვს მიღებული.

ყველა, 2018-2022 წლების დეკლარაციებით, იოსებ რობაქიძე არის თბილისში, დიდ დიღომში (პეტრიწის ქ.1) მდებარე 47 კვ.მ ბინის 100%-იანი წილის მფლობელი, რომელიც 2006 წელს 15 000 ლარად უყიდია. ის, 2015-2016 წლებიდან, ასევე, ფლობს ამავე მისამართზე რეგისტრირებულ, 49.2 კვ.მ. საცხოვრებელ და 17.42 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართებს, რომლებსაც შეძენის ფორმად უწერია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა“, გადახდილ თანახად კი – 0 ლარი.

რობაქიძის მეუღლე ფლობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სამტრედიაში მდებარე 3 114 კვ.მ მიწის ნაკვეთს და ამ მიწაზე მდებარე  333.5 კვ.მ სახლს, რომელიც 2014 წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული. 2018-2022 წლების დეკლარაციების მიხედვით, იოსებ რობაქიძეს და მის მეუღლეს ამ წლებში არანაირი უძრავი ქონება არც გაუყიდიათ და არც არანაირი ფორმით არ გაუსხვისებიათ.

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, იოსებ რობაქიძე, 2022 წლის დეკლარაციის თანახმად, არის შპს “კოქსის” 16.6% წილის მფლობელი. მითითებული აქვს, რომ ეს შპს 2007 წლიდან არ ფუნქციონირებს, შესაბამისად, არც წილი გადაუცია ვინმესთვის სამართავად და კომპანიიდან არც შემოსავალი უფიქსირდება. 2019-2021 წლების დეკლარაციებში მითითებული აქვს, რომ ამ შპს-ს 16.5%-იან წილს ფლობს, 2018 წლის დეკლარაციაში კი ამ შპს-ზე საერთოდ არაფერი უწერია. მას, ასევე, მითითებული აქვს, რომ ზაალ გიორგობიანთან ერთად ფლობს შპს “სზ ჯგუფის” 50%-ს, რომელიც 2014 წლიდან აღარ ფუნქციონირებს და შესაბამისად, არა აქვს შემოსავალი. მისი მეუღლე დარეგისტრირებულია ინდმეწარმედ და 2020 წლის ჩათვლით, ყოველწლიურად, უფიქსირდება შემოსავლები. თუმცა, 2022 წლის დეკლკარაციაში მის შემოსავლად 0 ლარია მითითებული. 2018 წელს შევსებული დეკლარაციით კი, მას წინა წელს “აწარმოე საქართველოს” 5 000-ლარიანი გრანტი ჰქონდა მიღებული.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს ავტომანქანა TOYOTA ჰეჩბეკი PRIUS, რომელიც მისთვის შვილს 2020 წელს უჩუქებია. 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მანქანის გამოშვების წელი და ფასი მითითებული არ არის. 2021 წელს შევსებულში კი მანქანის ფასად 21 450 ლარია მითითებული. გამოშვების წელი არც აქ არ არის მითითებული. მანამდე, ჰყავდა ასევე შვილის მიერ 2019 წელს ნაჩუქარი მანქანა (ოპელ-ასტრა), რომლის ფასად 12 500 ლარი უწერია, მაგრამ არ წერია გამოშვების წელი. 2021 წლის დეკლარაციით კი 2020 წელს, როდესაც შვილმა მეორე, ზემოთნახენები მანქანა აჩუქა, მას ძველი მანქანა 10 824  ლარად გაუყიდია. 2021 წელს შვილს მანქანა opel kombo უკვე დედისთვის უჩუქებია, რომლის ფასად 9 240 ლარია მითითებული და იმავე წელს ეს მანქანა ისევ 9 240 ლარად გაუყიდიათ. შესაბამისად, 2022 წლის დეკლარაციაში ეს თანხა  – 9 240 ლარი, იოსებ რობაქიძის მეუღლის სახელზეა დაფიქსირებული. სხვა რაიმე საჩუქარი მათ არ მიუღიათ. ასევე, არ ჰქონიათ 2021 წელს გასავალი და ხარჯები. არა აქვთ ფასიანი ქაღალდები და ძვირფასი ნივთები.

2022 წლის დეკლარაციის შევსების დღეს იოსებ რობაქიძეს “საქართველოს ბანკში” სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 1 033.73 ლარი და ორ ანაბარზე, ჯამში, დაახლოებით, 223 ლარი. თუმცა, საკრედიტო ბარათიდან, დეკლარაციის შევსების დღეს, 2 901 ლარი ჰქონდა მინუსში. 2021 წელს რობაქიძეს ხელფასის სახით, ჯამში, აღებული აქვს 16 570 ლარი – იანვარ-ნოემბერში ტყიბულის მუნიციპალიტეტში კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის რანგში და დეკემბერში უკვე, როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.