ტყიბულის მერის დეკლარაციაში არჩაწერილი წილი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში  – რას ფლობს დავით ჩერქეზიშვილი

892

შემდეგი სტატია

ავტორი: რუსა მაჩაიძე

ტყიბულის მერი “ქართული ოცნებიდან” დავით ჩერქეზიშვილი ამ პოსტს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების შემდეგ იკავებს. მანამდე ის აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი იყო. შესაბამისად, დეკლარაცია მხოლოდ ერთხელ – მერის პოსტის დაკავების შემდეგ, 2021 წლის დეკემბრის ბოლოს აქვს შევსებული. თუმცა, დეკლარაციაში ინფორმაციები გამორჩენილია, ან – გამოტოვებული.

დეკლარაციის თანახმად, დავით ჩერქეზიშვილი ცხოვრობს მეუღლესთან, ორ სრულწლოვან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. დეკლარაციაში არ უწერია, თუმცა, სხვა ოფიციალური წყაროებიდან დასტურდება, რომ ტყიბულის მერის იურიდიული რეგისტრაციის მისამართზე – ქალაქ ტყიბულში, კოსტავას ქუჩაზე, ცხოვრობს ივანე ჩერქეზიშვილი, რომელიც განკარგავს დავით ჩერქეზიშვილის 7.12%-იან წილს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, თავადაც ფლობს 8%-იან წილს და ახლა უნივერსიტეტის გენერალური დირექტორიც თვითონვეა. 2021 წლის ოქტომბრამდე, ანუ თვითმმართველობის არჩევნებამდე კი, ამ უნივერსიტეტის დირექტორი დავით ჩერქეზიშვილი იყო. ტყიბულის მერს დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ ის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში წილს ფლობს, რაც კანონდარღვევაა. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციის შევსებიდან მეხუთე თვე დაიწყო, ეს ინფორმაცია მაინც არ არის ჩასწორებული.

აღსანიშნავია, რომ დავით ჩერქეზიშვილი წლების განმავლობაში ამ უნივერსიტეტის რექტორი იყო. მას დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2020 წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული აქვს  101 730,6 ლარი, მაგრამ არაფერია ნათქვამი, რა სამსახურის ხელფასია. მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე კი, დიდი ალბათობით, ეს სწორედ მისი რექტორობიდან და/ან შპს-ს დირექტორობიდან მიღებული შემოსავალია. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მუშაობენ მისი მეუღლე და ქალიშვილიც. მისი მეუღლე არის ამ უნივერსიტეტის საქმის წარმოების სამსახურის უფროსი და 2021 წლის 1 იანვრიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში აღებული აქვს 11 662 ლარი. მისი ქალიშვილი კი ამ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტია და იგივე პერიოდში – 2021 წლის 1 იანვრიდან 1 დეკემბრამდე – აღებული აქვს 8 378 ლარი (ორივეზე მითითებულია პერიოდი დეკემბრის გარეშე და ძნელი სათქმელია, დეკემბერში აღარ მუშაობდნენ, თუ ინფორმაციაა შეცდომით შეტანილი).

რაც შეეხება უძრავ ქონებას, დავით ჩერქეზიშვილი არის თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 400 კვ.მ მიწის ნაკვეთის და ამავე მიწაზე განთავსებული 173.96 კვ. მ საცხოვრებელი სახლის 100%-იანი წილის მფლობელი. ეს მიწა და სახლი მას 2019 წელს 83 000 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი. სოფელ ნატანებში (ოზურგეთი) კი ფლობს 401 კვ.მ ფართობის მიწას, რომელიც 2007 წელს 2 400 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი. მისი მეუღლე 2009 წლიდან ფლობს თბილისში, ქვიშხეთის ქუჩაზე მდებარე 75,63 კვ.მ ფართობის ბინას, რომელიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული. ამ ბინის მფლობელები, მასთან ერთად, არიან გიორგი ქიტიაშვილი, თამარ ქიტიაშვილი და ელისაბედ მარეხაშვილი (მათ შორის წილობრივი გადანაწილება არ არის მითითებული). ის, ასევე, ფლობს ზუსტად ამ მისამართზე რეგისტრირებული 73,12 კვ.მ ბინის 100%-ს, რომელიც 2012 წელს 31 000 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი.

დეკლარაციის თანახმად, დავით ჩერქეზიშვილს ჰყავს 2 მანქანა – მერსედეს-ბენც E, რომელიც 2019 წელს 17 500 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი და ნისან JUKE, რომელიც, ასევე, 2019 წელს 7 600 აშშ დოლარად უყიდია. მას ასევე აქვს 4 100 აშშ დოლარი დანაზოგი. დეკლარაციის შევსების დღეს, 27 დეკემბერს, სახელფასო ანგარიშებზე ჰქონდა 778 და 78 ლარი. სხვა არანაირ ქონებას, ან რაიმე ფასიან ნივთს ტყიბულის მერი, დეკლარაციის თანხმად, არ ფლობს. ასევე, არ აქვს ფასიანი ქაღალდები, არც მას და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრს არ მიუღია ფასიანი საჩუქარი, არ აქვთ არანაირი კრედიტი და 2020 წელს არ ჰქონიათ გასავალი.