ავტორი: ეკატერინე ბასილაია
ვახტანგ მაისურაძე “ქართული ოცნებიდან” კასპის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მეორე ვადით გახდა. პირველად ის ამ თანამდებობაზე 2020 წლის ნოემბერში რიგგარეშე არჩევნების გზით მოვიდა, მას შემდეგ, რაც წინა მერი, მანუჩარ მერებაშვილი, გადადგა.
მას ქონებრივი დეკლარაცია 5-ჯერ აქვს შევსებული. პირველი 2007 წელს შეუვსია, როცა ის კასპის გამგებლის თანამდებობაზე დაინიშნა, მეორე – 2008 წელს, უკვე, როგორც ყოფილ გამგებელს. შემდეგ წლებში, როგორც ჩანს, მაისურაძე საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე არ მუშაობდა. მესამე დეკლარაცია უკვე 2020 წელს აქვს შევსებული, რიგგარეშე არჩევნების გზით მერად არჩევის დროს და მას შემდეგ – უკვე ყოველწლიურად, მათ შორის ბოლო დეკლარაცია კი – 2020 წლის მაისში.
დეკლარაციაში ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს მეუღლე და ერთი არასრულწლოვანი შვილი. ფლობს 11 უძრავ ქონებას. მათ შორის, 8 ქონება თბილისში აქვს ნაყიდი, 3 ქონებას კი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში ფლობს.
ვახტანგ მაისურაძის ქონება ასე გამოიყურება: თბილისში, ნუცუბიძის ქუჩა N14ბ-ში 45 000 აშშ დოლარად უყიდია 116,5 კვ.მ ბინა. იქვე აღნიშნულია, რომ 2006 წელს იყიდა მშენებარე ბინა და 2011 წელს გაფორმდა საჯარო რეესტრში; ამავე მისამართზე 2015 წელს 15 000 აშშ დოლარად უყიდია 25 კვ.მ ავტოფარეხი;
თბილისში, იუნკერთა ქუჩის N34-ში (ყოფილი დოდაშვილის მოედანი) 2014 წელს 24 000 აშშ დოლარად ნაყიდი აქვს 42,1 კვ.მ ბინა; ამავე მისამართზე 2016 წელს უყიდია კიდევ ერთი ბინა, 44,2 კვ.მ – 23 700 აშშ დოლარად; 2016 წელს ასევე 16 820 აშშ დოლარად უყიდია 51 კვ.მ ბინა, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის N2-ში; ამავე მისამართზე ფლობს 44,8 კვ.მ კომერციულ ფართსაც, რომელიც 2018 წელს 8 300 ლარად აქვს ნაყიდი; თბილისში, ისნის რაიონში, აუქციონის წესით შეძენილი აქვს 2 მიწის ნაკვეთი: 2020 წელს – 1000 კვ.მ 94 300 ლარად და 336 კვ.მ – 32 532 ლარად – 2022 წელს;
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში 33%-იანი წილით ფლობს სამ უძრავ ქონებას. მათ შორის, 2008 წელს მემკვიდრეობით მიუღია 1478 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც დგას 272 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და კიდევ ერთი 53,85 კვ.მ შენობა-ნაგებობა. მეწილეები არიან მშობლები: ვალერიან მაისურაძე და ნანული გერმოზანაშვილი; მშობლებთან ერთად, სოფელ სასირეთში 33%-იანი წილით ასევე ფლობს 6001 კვ.მ და 1392 კვ.მ მიწის ნაკვეთებს, რომელიც 2021 წელს მიწის რეფორმის შედეგად აქვს მიღებული.
კასპის მერს საკუთარ სახელზე გაფორმებული ავტომანქანა არ ჰყავს. მოძრავ ქონებას ფლობს მეუღლე – ხათუნა ვარდოსანიძე, რომელსაც Nissan jike nismo 2021 წელს 6 500 აშშ დოლარად უყიდია.
კასპის მერი თავად სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული არ არის. ხოლო მეუღლე, ხათუნა ვარდოსანიძე 50%-იანი წილით ფლობს ოზურგეთში 2014 წელს დარეგისტრირებულ შპს “თვითმმართველობა საქართველოს”. მისი მეწილეა ფიქრია თავაძე. ამ შპს-ს შესახებ ინფორმაცია 2020 წლიდანაა აღნიშნული და ხათუნა ვარდოსანიძეს შემოსავალი არცერთ წელს არ აქვს მიღებული.
დეკლარაციის შევსების დღეს, ვახტანგ მაისურაძეს “თი-ბი-სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 1425,6 ლარი ედო, ამავე ბანკის ვიზა კლასიკ ოფსეტის ანგარიშზე – 11 016,58 აშშ დოლარი, ხოლო საბავშვო ანაბარზე – 8482,94 ლარი. გარდა ამისა, „საქართველოს ბანკის” საბარათე ანგარიშზე ედო 473,5 ლარი. მეუღლეს, ხათუნა ვარდოსანიძეს “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 188,8 აშშ დოლარი ჰქონდა, ხოლო ამავე ბანკის ანაბარზე – 2769 ლარი.
ვახტანგ მაისურაძეს „თი-ბი-სი ბანკიდან“ 2 იპოთეკური სესხი აქვს გამოტანილი. 48 000 აშშ დოლარის სესხი გამოუტანია 2015 წელს, რომელიც 2030 წელს უნდა დაფაროს. ამ სესხისთვის 2021 წელს 5 420,71 აშშ დოლარი გადაუხდია. მეორე, 2500 აშშ დოლარის სესხი, გამოტანილი აქვს 2016 წელს, რომელიც 2029 წელს უნდა დაფაროს და ვალის დასაფარად 2021 წელს 3135,92 აშშ დოლარი გადაუხდია.
ხელშეკრულების გრაფაში აღნიშნულია, რომ კასპის მერს 2020 წლიდან 52 300 ლარად (18 000 აშშ დოლარი) დაგირავებული აქვს ბინა. ბინის შესახებ სხვა დეტალები ცნობილი არ არის. ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წელს ვახტანგ მაისურაძეს 3750 აშშ დოლარად გაუყიდია ავტომანქანა mitsubishi pajero io და ასევე, უძრავი ქონების იჯარით გაცემით 10 477 ლარის შემოსავალი მიუღია.
ვახტანგ მაისურაძეს კასპის მერის თანამდებობიდან 2021 წელს 23 572,19 ლარის ანაზღაურება მიუღია. ხოლო მის მეუღლეს, ხათუნა ვარდოსანიძეს სს “გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემის” კოორდინატორის პოზიციიდან – 33 000 ლარის შემოსავალი.
გარდა ანაზღაურებისა, კასპის მერს გასულ, 2021 წელს, სამჯერ ფულადი საჩუქარიც მიუღია. 9 282 აშშ დოლარი, 2 100 ევრო და 200 აშშ დოლარი მისთვის დედას უჩუქებია.
ვახტანგ მაისურაძეს პირველი ქონებრივი დეკლარაცია 2007 წელს აქვს შევსებული, როცა კასპის გამგებლის თანამდებობაზე დაინიშნა. დეკლარაცია ხელითაა შევსებული და ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს დედა და მამა. მაშინ ოჯახი 5 უძრავ ქონებას ფლობდა: სოფელ სასირეთში საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს, ასევე თბილისში, გამსახურდიას ქუჩაზე, 2 ბინას და ერთ ბინას თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე. ნუცუბიძის ქუჩაზე არსებული ბინა ვახტანგ მაისურაძის სახელზეა გაფორმებული, დანარჩენი ქონება – მამის სახელზე. ამ ქონებების ფართობები აღნიშნული არ არის.
ცალკე ფურცლებადაა საფინანსო დეკლარაცია, სადაც აღნიშნულია, რომ მამა, ვალერიან მაისურაძე, ფლობდა კასპში რძის ყოფილ ქარხანას. ასევე ის, რომ მამას გამსახურდიას ქუჩაზე ბინა 108 000 ლარად გაუყიდია.
მეორე დეკლარაცია 2008 წელსაა შევსებული, ყოფილი გამგებლის სტატუსით. უძრავი ქონების ნაწილში ოჯახს აკლდება წინა წელს გაყიდული ბინა თბილისში, გამსახურდიას ქუჩაზე და ემატება კასპში მდებარე ყოფილი რძის ქარხანა. შემდეგ გრაფაში აღნიშნულია, რომ მამამ თბილისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მეორე ბინაც გაყიდა 120 000 ლარად.
პირველ, 2007 წლის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ კასპის გამგებლად დანიშვნამდე ვახტანგ მაისურაძე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსად მუშაობდა და მას ამ პოზიციაზე 2006 წელს 7 000 ლარის ანაზღაურება მიუღია. ასევე წერია, რომ ამავე წელს დაინიშნა კასპის გამგებლად და ამ თანამდებობაზე 1 900 ლარის ანაზღაურება აქვს მიღებული. მეორე დეკლარაციაში ყოფილ გამგებელს აღარ ჩაუწერია, რა ანაზღაურება მიიღო წინა წელს გამგებლის თანამდებობიდან.
მესამე დეკლარაცია უკვე 2020 წელს არის შევსებული, როცა ვახტანგ მაისურაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ოჯახის წევრებად მეუღლე და შვილი ჰყავს მითითებული. ფლობს 7 უძრავ ქონებას თბილისში, რომელთა შორის მხოლოდ ერთი ქონებაა ისეთი, რომელიც ბოლო დეკლარაციაში არ გვხვდება – მეუღლის, ხათუნა ვარდოსანიძის სახელზე გაფორმებული 80,86 კვ.მ სხვენი თბილისში, ოსიაურის ქუჩაზე, რომელიც 2015 წელს 35 000 ლარად არის ნაყიდი. 2021 წლის დეკლარაციიდან ჩანს, რომ ეს ქონება ოჯახმა 2020 წლის ბოლო 105 000 ლარად გაყიდა.
2021 წელს ოჯახს ემატება მემკვიდრეობით მიღებული 1478 კვ.მ ნაკვეთი და 240,88 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელსაც კასპის მერი 33%-ით ფლობს. ეს ორი ქონება ბოლო დეკლარაციაში ერთ ქონებადაა ჩაწერილი. უკვე ბოლოს, 2022 წელს კი, ოჯახი დამატებით 4 უძრავ ქონებას ყიდულობს: თბილისში, ისნის რაიონში, აუქციონის წესით – 336 კვ.მ და 1000 კვ.მ ნაკვეთებს და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში – 6001 კვ.მ და 1392 კვ.მ მიწის ნაკვეთებს.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2020 წლის დეკლარაციაში ვახტანგ მაისურაძეს შემოსავლის გრაფა ცარიელი აქვს. 2021 წლის დეკლარაციით კი ვიგებთ, რომ კასპის მერად არჩევამდე მაისურაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 33 769,98 ლარის ანაზღაურება მიუღია; ხოლო კასპის მერის თანამდებობიდან 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში 2650 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, 2021 წელს კი – 23 572,19 ლარის შემოსავლი.