ავტორი: რუსა მაჩაიძე
სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე “ქართული ოცნებიდან”, ნუგზარ ჯამბურია, ამ პოსტს 2014 წლიდან იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ, უკვე მესამე არჩევნებია, ის მმართველი პარტიისთვის უალტერნატივოა. ბოლო დეკლარაციის მიხედვით, ჯამბურია მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.
2022 წელს ჯამბურიას დეკლარაცია, ჯერჯერობით, არა აქვს შევსებული. 2021 წლის დეკლარაციის თანხმად კი, ის არის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურში 2001 წელს მემკვიდრეობით მიღებული 5 980 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის 20%-ის მფლობელი. ამ ქონების 20%-ს ფლობს მისი მეუღლე, ნანა ივანიშვილი, დანარჩენს კი – აკაკი ჯამბურია, სალომე ჯამბურია და ნატალია ჯამბურია, რომელთა წილობრივი მფლობელობა მითითებული არ არის. ამ მიწაზე განთავსებულია 2 შენობა, რომელთა საერთო ფართია 350,2 კვ.მ.
ზუსტად ამ მონაცემების მიწის ნაკვეთისა და სახლის მემკვიდრეობით მიღების თარიღად 2017-2020 წლების დეკლარაციებში 2004 წელი აქვს მითითებული, მანამდე, 2014-2017 წლების დეკლარაციებში კი, ამ ქონების მიღების ფორმაზე საერთოდ არაფერი წერია. განსხვავებული მონაცემებია წილების გადანაწილებაშიც – 33.4%- ჯამბურია, 33.3-33.3% კი – მისი მეუღლე და დედა.
2018 წლამდე შევსებულ დეკლარაციებში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთი 8 437,54 კვ.მ. იყო, 2018 წლიდან კი ის 2 457.54 კვ.მ-ით შემცირდა და 5 980 კვ.მ გახდა ისე, რომ არ არის მითითებული, სად წავიდა 2 457.54 კვ.მ. მიწა.
2014-2017 წლების დეკლარაციების თანახმად, 2001 თუ 2004 წელს (ერთნაირი მონაცემების სახლზე დეკლარაციებში ჯერ 2004 წელია მითითებული, შემდეგ კი 2001 წელი) სოფელ მელაურში მემკვიდრეობით მიღებული 154 კვ.მ ფართის სახლის 33.4%-ს თავად ნუგზარ ჯამბურია ფლობდა, 33.3-33.35%-ს კი მისი მეუღლე და დედა. 2018 წლის დეკლარაციაში ეს სახლი უკვე 350.2 კვ.მ. გახდა. ბოლო დეკლარაციებით, ნუგზარ ჯამბურია და მისი მეუღლე ამ სახლის 20-20%-ის მფლობელები გახდნენ, დანარჩენს კი აკაკი ჯამბურია, სალომე ჯამბურია და ნატალია ჯამბურია ფლობენ (მათი წილობრივი მფლობელობა მითითებული არ არის).
ნუგზარ ჯამბურია ასევე არის სოფელ მელაურში მდებარე 3 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 100%-იანი წილის მფლობელი, რომელიც 2012 წელს 2 000 ლარად უყიდია. სხვა უძრავ ქონებას სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე არ ფლობს, მაგრამ რამდენიმე უძრავი ქონების მფლობელია მისი მეუღლე, ნანა ივანიშვილი.
2014-2021 წლების დეკლარაციების თანახმად, ნანა ივანიშვილი დედაქალაქის ცენტრში, ისტორიულ უბანში, ამაღლების ქუჩაზე, 113.66 კვ.მ. ფართს ფლობს, საიდანაც მხოლოდ 49 კვ.მ-ის შესაძენად გადაუხდია თანხა.
უფრო დეტალურად კი ისტორია ასეთია: ბოლო დეკლარაციით, სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლეს 2002 წელს 7 500 აშშ დოლარად უყიდია თბილისში, სოლოლაკში მდებარე 43 კვ.მ ფართის ბინა. ამავე დეკლარაციით ირკვევა, რომ მას იმავე მისამართზე 2002 წელს – 3 კვ.მ., ხოლო 2017 წელს 55.16 კვ.მ და 12.5 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართები ნულ ლარად უყიდია. იქვე განმარტებულია, რომ ეს ფართები მას ბინასთან ერთად აქვს ნაყიდი. ამ ჩანაწერისგან სრულიად განსხვავდება წინა წლების დეკლარაციები: მაგალითად, 2014-17 წლების დეკლარაციებში ივანიშვილს მითითებული აქვს, რომ 43 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა და მასთან ერთად, 6 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, როგორც უკვე ვთქვით, 7 500$-ად შეუძენია. 2018 წლის დეკლარაციაში კი ჩნდება 67.66 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართი, შეძენის ფორმად “უფლების რეგისტრაცია” უწერია და 0 ლარი აქვს გადახდილი. სავარაუდოდ, სწორედ ეს ფართია დაყოფილი ბოლო დეკლარაციაში, მაგრამ ამჯერად მისთვისაც საცხოვრებელ ბინასთან ერთად ნასყიდობა მიუწერია, თუმცა, ამავე დეკლარაციით, 2017 წელს მას ბინა არ უყიდია.
ნუგზარ ჯამბურიას მეუღლესთან დაკავშირებით დეკლარაციებში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია: წლების განმავლობაში ის საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” ბენეფიციარი ყოფილა და 2014, 2015, 2016, 2017 წლებში სტაბილურ შემოსავალს – ჯერ 16 680, შემდეგ კი 16 800 ლარს იღებდა. 2019, 2020 და 2021 წლების დეკლარაციებში, მართალია, ფონდი “ქართუ” აღარ წერია, თუმცა, ნანა ივანიშვილი ყოველწლიურად ისევ იღებდა 16 800 ლარს, ოღონდ შემოსავლის სახეობად “შემწეობას” აფიქსირებდა. ვისგან და რა სახის შემწეობას იღებდა, მითითებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ის ამ წლებშიც “ქართუს” ბენეფიციარი იყო. ბოლო დეკლარაციაში, ასევე, წერია, რომ მან შვილს შარშან საკუთარი დანაზოგიდან 13 000 ლარი აჩუქა.
ბოლო, 2021 წლის დეკლარაციის შევსების დღეს ნუგზარ ჯამბურიას “ლიბერთი ბანკში” ჰქონდა 7805,57 ლარი, ანაბრის სახით. მის მეუღლეს კი, ასევე “ლიბერთი ბანკში” ჰქონდა 5 000 ლარი შემნახველი ანაბრის სახით და 103,03 აშშ დოლარი ანაბრის სახით.
ჯამბურიას, გარდა თანამდებობის პირის მიერ მიღებული შემოსავლებისა, 2013 წელს, როგორც ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, პარტიიდან 4900 ლარის შემოსავალიც მიუღია.
ნუგზარ ჯამბურია ფლობს 1998 წელს გამოშვებულ მერსედეს-ბენც ML 320 LU814UL1-ს, რომელიც 2009 წელს 9 000 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი. სხვა ქონება ან ფასიანი ქაღალდები არც მისი და არც მისი ოჯახის წევრების სახელზე დეკლარაციებში არ ფიქსირდება. არანაირი კავშირი არა აქვთ სამეწარმეო საქმიანობასთან. მათ არ მიუღიათ არც ფასიანი საჩუქარები, არ უყიდიათ დეკლარაციაში შესატანი ნივთები და არ ჰქონიათ ხარჯები.