ავტორი: რუსა მაჩაიძე
დავით ბახტაძე “ქართული ოცნებიდან” სამტრედიის მერის პოსტს 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შემდეგ იკავებს. მანამდე, 2017 წლის არჩვნების შემდეგ, 4 წლის განმავლობაში, სამტრედიის მერის მოადგილე იყო, 2014-2017 წლებში – სამტრედიის გამგებლის პირველი მოადგილე. პირველი დეკლარაცია კი 2014 წელს ააიპ „სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნისას აქვს შევსებული.
დავით ბახტაძე, ცხრავე დეკლარაციის მიხედვით, მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად ცხოვრობს. შვილებიდან ერთი უკვე სრულწლოვანია. დეკლარაციების მიხედვით, ბახტაძის მეუღლე 2017 წლიდან სამტრედიის N11 საჯარო სკოლის პედაგოგია. მანამდე შევსებულ დეკლარაციებში არაფერია მითითებული. მისი ქალიშვილი კი 2021 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის ცესკო-ში 2 თვით ხელშეკრულებით იყო დასაქმებული.
ბოლო, 2022 წლის 29 მარტს შევსებული დეკლრაციის მიხედვით, არც დავით ბახტაძე და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი არანაირ უძრავ ქონებას არ ფლობს. თუმცა, წინა წლების დეკლარაციებში მის საკუთრებაში გარკვეული ქონება იყო და ბოლო დეკლარაციაში ისეა გამქრალი, რომ მითითებულიც არაა, ამ ქონებას რა მოუვიდა.
2021 წლის დეკლარაციით, დავით ბაქხტაძე ფლობდა სამტრედიაში მდებარე 2 მიწის ნაკვეთის და 1 ბინის 100-100%-იან წილებს. 98.6 კვ.მ ფართის ბინა 1995 წელს 7 000 ლარად ჰქონდა ნაყიდი, 600 კვ.მ და 5 000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთების პროვატიზირება კი 1997 წელს უსასყიდლოდ გაუკეთებია. ეს ქონება ფიქსირდება 2017-2021 წლების დეკლარაციებში და მიუხედავად იმისა, რომ ორივე მიწის ნაკვეთის პრივატიზება 1997 წელს აქვს გაკეთებული, 600 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი პირველ სამ, 2014-2016 წლების დეკლარაციაში მითითებული არა აქვს.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ბახტაძის მეუღლეს 2020 წელს 5 300 აშშ დოლარად უყიდია 2014 წელს გამოშვებული “ჰიუნდაი ელანტრა”, რომელსაც დღემდე ფლობს. სხვა არანაირი უძრავი ქონება, ან ფასიანი ნივთი ბახტაძის და მისი ოჯახის სახელზე დეკლარაციებში არ ფიქსირდება. ასევე, ამ წლებში მათ არანაირი ფასიანი საჩუქარი არ მიუღიათ. არ ფლობენ არც ფასიან ქაღალდებს და არანაირი ფორმით არ მონაწილეობენ სამეწარმეო საქმიანობაში.
დავით ბახტაძეს 2020 წლის ივლისში “საქართველოს ბანკში” აუღია 12 000-ლარიანი სესხი, რომელიც 2024 წლის ივლისში უნდა დაასრულოს. ამ სესხის მომსახურებისთვის 2021 წელს მისი გასავალი ყოფილა 4201,93 ლარი. სხვა არანაირი ხარჯი დეკლარაციაში არ არის დაფიქსირებული.