რა ქონებას ფლობს ქარელის საკრებულოს თავმჯდომარე

457

წინა სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

ჯუმბერ შუბითიძე “ქართული ოცნებიდან” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მანამდე, 2014 წლიდან, ის ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაცია, 2014 წლიდან მოყოლებული, 8-ჯერ აქვს შევსებული, მათ შორის, ბოლო – 2021 წლის სექტემბერში, როცა ჯერ ისევ თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

ჯუმბერ შუბითიძეს ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს მეუღლე და შვილი. ოჯახი ფლობს 5 უძრავ ქონებას, მათ შორის, 4 ქონება თავად ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზეა გაფორმებული, ხოლო 1 – მეუღლის.

ჯუმბერ შუბითიძეს 2003 წელს 17 000 ლარად უყიდია 83 კვ.მ ბინა თბილისში, გლდანის I მიკრო/რაიონში. ეს ბინა ყველა დეკლარაციაში გვხვდება; მის სახელზეა ასევე 3 მიწის ნაკვეთი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძაში. მათ შორის, 3047 კვ.მ და 1420 კვ.მ მიწის ნაკვეთები მემკვიდრეობით 2016 წელს მიუღია, ამ ბოლო ნაკვეთზე დგას 252,90 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და ერთი დამხმარე ნაგებობა; ამავე სოფელში ფლობს 4719 კვ.მ ნაკვეთს, რომელიც მემკვიდრეობით 2021 წელს აქვს მიღებული. მეხუთე ქონება, 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში მეუღლის, ლიანა გოგიშვილის სახელზეა გაფორმებული და ის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში 2003 წელს აქვს მიღებული.

ოჯახს ავტომანქანა არ ჰყავს.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს “თი-ბი-სი ბანკიდან” 2019 წელს 17 000 ლარის სესხი გამოუტანია, რომელიც 2023 წელს უნდა დაფაროს. ამ სესხის დასაფარავად 2020 წელს 2446,64 ლარი გადაუხდია.

დეკლარაციის შევსების დღეს ჯუმბერ შუბითიძეს “თი-ბი-სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 867,02 ლარი ჰქონდა, ხოლო მეუღლეს ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე – 1489,64 ლარი.

ჯუმბერ შუბითიძეს ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან 2020 წელს 18 331,2 ლარის ანაზღაურება მიუღია.

მეუღლეს, სოფო შუბითიძეს, შპს “იუაის” აუდიტორის პოზიციიდან 2020 წელს 15 804 ლარის ანაზღაურება აქვს მიღებული.

ჯუმბერ შუბითიძეს პირველი დეკლარაცია 2014 წლის სექტემბერში აქვს შევსებული, მას შემდეგ, რაც ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ამ დროსაც ოჯახი 5 უძრავ ქონებას ფლობდა, თუმცა, მხოლოდ თბლისში არსებული 83 კვ.მ ბინაა, რომელიც ბოლო დეკლარაციაშიც უცვლელად გვხვდება. ასევე, ყველა დეკლარაციაშია აღნიშნული საცხოვრებელი სახლი სოფელ ბრეძაში, ერთი განსხვავებით, რომ პირველ დეკლარაციაში აღნიშნულია ცალკე და წერია, რომ 220 კვ.მ-ია, ხოლო ბოლო დეკლარაციაში ეს სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად ერთ ქონებადაა აღნიშნული და ფართობიც ცოტა შეცვლილია. გარდა ამ ორი ქონებისა, ოჯახი სოფელ ბრეძაში ფლობს 1000 კვ.მ და 7500 კვ.მ ნაკვეთებს; ასევე 1000 კვ.მ ნაკვეთ თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში. 2015-2016 წლებში ქონების ნაწილში ყველაფერი უცვლელია. 2017 წელს ქონება იგივეა, თუმცა, უკვე შეძენის წლები და ფასი ემატება. აღნიშნულია, რომ სოფელ ბრეძაში არსებული 3-ვე უძრავი ქონება მემკვიდრეობით აქვს მიღებული, თბილისის 83 კვ.მ ბინა 17 000 აშშ დოლარად უყიდია, ხოლო ასევე თბილისში 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი – 2000 ლარად. 2020 წლის დეკლარაციით ოჯახი მხოლოდ 4 უძრავი ქონებას ფლობს. თბილისში, დიღომში არსებული ნაკვეთი უკვე გამქრალია და სად წავიდა ეს ქონება, აღნიშნული არ არის. დარჩენილი 4 ქონებიდან კი 2-ზე ფართობებია გაზრდილი. ოჯახს უკვე 5 ქონება აქვს ბოლო დეკლარაციაში, მეუღლეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში 1500 კვ.მ ნაკვეთი აქვს ნაყიდი. სოფელ ბრეძაში არსებული ნაკვეთების ფართობები კი ისევ გაზრდილია და ადრინდელი 220 კვ.მ; 100 კვ.მ და 7500 კვ.მ ნაკვეთები ბოლო დეკლარაციით არის:  1420 კვ.მ; 4719 კვ.მ და 3047 კვ.მ ნაკვეთები.

რაც შეეხება შემოსავლებს. ჯუმბერ შუბითიძეს პირველ დეკლარაციაში შემოსავლის ნაწილში მხოლოდ სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი აქვს აღნიშნული და ვიგებთ, რომ მას 2013 წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით 8 000 ლარი მიუღია. 2014 წელს სოფლის მეურნეობიდან შემოსავალი მიღებული არ აქვს, 2015 წელს 2 500 ლარის შემოსავალი მიუღია, 2016 წლიდან კი სოფლის მეურნეობიდან შემოსავლები უკვე არცერთ დეკლარაციაში აღარ წერია.

ხელფასის გრაფა 2015 წლის დეკლარაციიდანაა შევსებული. აღნიშნულია, რომ ჯუმბერ შუბითიძეს 2014 წელს ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან 11 187 ლარის ანაზღაურება აქვს მიღებული; 2015 წელს – 24 875 ლარი; 2016 წელს – 26 950 ლარი; 2017 წელს – 24 200 ლარი; 2018 წელს – 18 240 ლარი; 2019 წელს – 17 755,2 ლარი; 2020 წელს – 18 331, 2 ლარი. ჯამში, შუბითიძეს 2015-2020 წლებში 141 538,4 ლარის ანაზღაურება აქვს მიღებული.