ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში დასაქმებული პირები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ

436

ზუგდიდის ცენტრალურ ბაზართან საპროტესტო აქცია გაიმართა. ბაზრის შიდა ნაწილში მომუშავე პირები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. მათი თქმით, გარემოვაჭრეებისთვის ბაზრის ტერიტორიაზე დახლები მთავრობის მოთხოვნით რამდენიმეჯერ მოაწყვეს, თუმცა უშედეგოდ.

„ყველას უკიდურესი მდგომარეობა აქვს და არ ვეხებით. ადგილები გვაქვს, 5 ჯერ გავაკეთეთ მთავრობის დაკვეთით უბნები, ყველა ცარიელი დარჩა. შეგვყავდა ხალხი, ფულს არ ვახდევინებდით წლობით“, – განაცხადა ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნონა ნიჟარაძემ.

ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია. მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ორივე მხარის პოზიცია იყოს გათვალისწინებული. მისივე თქმით, გაიმართება კონსულტაციები და გარემოვაჭრეებს შესთავაზებენ ისეთ ადგილს, სადაც უფრო ორგანიზებული იქნება ვაჭრობა.

„მოგეხსენებათ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არის რეგულაციები, რომელიც მიღებულია საკრებულოს მიერ გარევაჭრობასთან დაკავშირებით. აქ არის მთავარი დავიცვათ ბალანსი ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით, როგორც ცენტრალური სუპერმარკეტის, ასევე გარემოვაჭრეების. აქ მთავარია, ჩვენ შევქმნათ ალტერნატივა, ბაზრის ტერიტორიაზე. გავმართავთ კონსულტაციებს, როგორც ბაზრის ადმინისტრაციასთან, ისე გარემოვაჭრეებთან, შევთავაზებთ მათ გადაინაცვლონ იმ ტერიტორიაზე სადაც ვაჭრობა უფრო მეტად ორგანიზებული იქნება, მოქცეული იქნება სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებში და რა თქმა უნდა, ეს ყველამ უნდა დავიცვათ. ჩვენ გავითვალისწინეთ ბევრი ფაქტორი, სოციალური პრობლემები მოვაჭრეების, ასე შემდეგ. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული საფუძველი აქვს დღეს გამოსული ადამიანების პროტესტს, იმის გამო, რომ ისინი იხდიან გადასახადებს, საიჯარო მოსაკრებელს, ექვემდებარებიან რეგულაციებს, მაგრამ გარკვეული კატეგორია, რომელიც გარეთ ვაჭრობს პერიმეტრზე ამ გადასახადისგან თავის არიდების პოზიციაშია, აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ ყველა მოექცეს ერთ სიტუაციაში”,- განაცხადა მამუკა წოწერიამ.