მერვე დეკლარაციაში გამქრალი მიწები და სახლები – როგორია მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის ქონება

672

წინა სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

ლევან სურმავა “ქართული ოცნებიდან” მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა.

მარტვილში დაბადებული 35 წლის ლევან სურმავა 2014 წლიდან ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეა და დეკლარაცია ყოველწლიურად, ჯამში 8-ჯერ აქვს შევსებული. ბოლო დეკლარაცია მას 2021 წლის სექტემბერში შეუვსია, როდესაც ის ჯერ კიდევ ფრაქციის თავმჯდომარე იყო და ჯერჯერობით, ეს მისი ქონების შესახებ ბოლო მონაცემებია.

საკრებულოს თავმჯდომარის დეკლარაციას შეიძლება ცარიელიც კი ეწოდოს, რადგან ბოლო დეკლარაციის თანახმად, ლევან სურმავას არ ჰყავს ოჯახის წევრები, არ ჰყავს ავტომანქანა, არ ფლობს ფასიან ქაღალდებს, არ აუღია სესხი, არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში, არ მიუღია საჩუქარი, რომლის ასახვაც დეკლარაციაში იყო აუცილებელი.

უძრავი ქონების შესახებ წერია ის, რომ 100%-იანი წილით ფლობს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს თბილისში, სოფელ დიღომში, რომელიც 2005 წელს 3200 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი. ამ მიწის ნაკვეთზე წინა დეკლარაციებში მითითებულია, რომ 3600 აშშ დოლარადაა ნაყიდი. საკრებულოს თავმჯდომარეს ბოლო წელს გაახსენდა, რა თანხა ჰქონდა გადახდილი ქონებაში, თუ წერისას შეეშალა რიცხვები, ეს გაურკვეველია.

ბოლო დეკლარაციით, სურმავას სხვა არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ უფიქსირდება. რატომღაც, არც ისაა მითითებული, მარტვილში რა მისამართზე ცხოვრობს წლების განმავლობაში.

საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ბევრად მეტი ქონების პატრონი იყო საჯარო სამსახურში თანამდებობაზე მოსვლის დროს. 2014-2018 წლების დეკლარაციებით, ის მარტვილის სოფელ ნაგვაზაოში 100%-იანი წილით ფლობდა 2016 წელს მემკვიდრეობით მიღებულ 8000 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელზეც, უფრო ადრინდელი დეკლარაციებით, საცხოვრებელი სახლიც მდგარა. 2017 წლიდან, ბოლო 3 დეკლარაციაში, ეს ქონება აღარ ფიქსირდება, მაგრამ არსადაა მითითებული, სად წავიდა ეს მიწის ნაკვეთი და სახლი.

გარდა ამისა, 2014-2016 წლის დეკლარაციებით, სოფელ დიღმისა და სოფელ ნაგვაზაოს ნაკვეთების გარდა, ლევან სურმავა, 100%-იანი წილით, ასევე 5 უძრავ ქონებას ფლობდა: მარტვილში, თამარ მეფის ქუჩაზე, 1700 კვ.მ საცხოვრებელ სახლს, მარტვილის სოფელ ნაგვაზაოში – 7500 კვ.მ ნაკვეთს, ამავე სოფელში 200 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს და 4 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს, აგრეთვე, თბილისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, 60 კვ.მ ბინას.

2014-2016 წლების დეკლარაციებში სურმავას ოჯახის წევრებად მშობლებიც ჰყავდა მითითებული. 2017 წლიდან კი მშობლები ოჯახის წევრებად მითითებული აღარ არიან და მცირდება ქონებაც, მათ შორის, ქრება მემკვიდრეობით მიღებული ყველა უძრავი ქონება მარტვილის მუნიციპალიტეტში. ამდენად, დიდია ალბათობა, რომ მარტვილის სახლი, რომელშიც წლებია, ცხოვრობს, მშობლების (ან მშობლის) სახელზე გადააფორმა. ქონების ნაწილი კი, როგორც ჩანს, გაყიდა.

მაგალითად, წინა წლების დეკლარაციიდან ირკვევა, რომ სურმავამ სამი უძრავი ქონება გაყიდა, მათ შორის, 2020 წლის დეკლარაციით, 5 000 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა, რომელი ქონება გაყიდა, ეს აღნიშნული არ არის.

2017 წლის დეკლარაციით, მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარეს 7 000 აშშ დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული ქონების რეალიზაციით, 2019 წლის დეკლარაციით, მას 15 000 აშშ დოლარის შემოსავალი მიუღია, თუმცა, არცერთში არ არის მითითებული, რომელი ქონება გაყიდა.

ბოლო დეკლარაციის შევსების დღეს სურმავას “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 105,56 ლარი ჰქონდა. ასევე, აქვს დანაზოგი 8000 აშშ დოლარის ოდენობით.

ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის თანამდებობიდან 2020 წლის განმავლობაში 13 870,82 ლარი მიუღია. სურმავას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან, 7 წლის განმავლობაში, 2014-2020 წლებში, ჯამში 127 401 ლარი აქვს მიღებული. სხვა შემოსავალი მას არ უფიქსირდება.