ავტორი: ეკატერინე ბასილაია
თორნიკე ჯანაშია “ქართული ოცნებიდან” მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მანამდე, 2017-2021 წლებში, ის მარტვილის საკრებულოს წევრი და ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე იყო. შესაბამისად, როგორც თანამდებობის პირს, დეკლარაცია, 2018 წლიდან, ყოველწლიურად, 5-ჯერ აქვს შევსებული.
მარტვილის მერი წალენჯიხაშია დაბადებული, დეკლარაციით ირკვევა, რომ ის მეუღლესთან და 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. შესაბამისად, დოკუმენტში მეუღლის ქონებრივი და ფინანსური მონაცემებიცაა შეტანილი. თუმცა, 2018 წელს შევსებული დეკლარაციით, ჯანაშიასთან ერთად ცხოვრობდა, ასევე, მისი დედა – ზეინაბ ჯანაშიაც. ამიტომაც მხოლოდ ამ წელს შევსებულ დეკლარაციაშია მითითებული, რომ ის თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე, ფლობს 380,57 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 162,43 კვ.მ საცხოვრებელ სახლს, რომელიც ზეინაბ ჯანაშიას მემკვიდრეობით 2009 წელს მიუღია.
მას შემდეგ, რაც თორნიკე ჯანაშია დეკლარაციებს ავსებს, მისი ქონება არ შეცვლილა. ყველა დეკლარაციის თანახმად, მარტვილის მერი 2011 წლიდან მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში 50%-იანი წილით ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ 3030 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთს, ასევე, ამავე მისამართზე არსებულ 201 კვ.მ საცხოვრებელ სახლსა და 100 კვ.მ დამხმარე ნაგებობას. ამ ქონების 50%-ის მეწილეა დედა, ზეინაბ ჯანაშია. გარდა ამისა, ამავე სოფელში თორნიკე ჯანაშიას 2013 წელს 5 000 ლარად აქვს ნაყიდი 7600 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ჯანაშიას არ შეუცვლია ავტომანქანაც – ის დღემდე ფლობს 2017 წელს 92 000 ლარად ნაყიდ “TOYOTA LAND CRUIZER”-ს. სხვა უძრავ თუ მოძრავ ქონებას კი ჯანაშია და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ, ისევე, როგორც არც მარტვილის მერი და არც მისი მეუღლე არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, არ მიუღიათ ისეთი საჩუქარი, რომლის აღნიშვნაც დეკლარაციაში იქნებოდა სავალდებულო.
ამასთან, თორნიკე ჯანაშია და მისი მეუღლე სამეწარმეო საქმიანობაში არიან ჩართულები. მათ სახელზე 3 კომპანიაა რეგისტრირებული. აქედან ორი კომპანიის მეწილე მარტვილის მერია, ხოლო ერთის მეწილე და დირექტორი – მისი მეუღლე.
თორნიკე ჯანაშია 2011 წლიდან 100%-იანი წილით ფლობს შპს “ტეხურას”, საიდანაც 2021 წელს შემოსავალი არ მიუღია. ასევე, 2015 წლიდან 33,33%-იანი წილით ფლობს მარტვილში დარეგისტრირებულ შპს “გეოვუდ კომპანის”, რომლის 33,33%-იან წილებს ასევე ფლობენ ტარიელ ხავთასი და გელა არობელიძე. ამ ბიზნესიდან მარტვილის მერს გასულ წელს 120 000 ლარის შემოსავალი მიუღია (ჯანაშიას შპს-დან შემოსავალი წინა წლებშიც აქვს მიღებული: 2020 წელს – 120 000 ლარი; 2019 წელს – 110 000 ლარი; 2017 წელს კი – 12 500 ლარის შემოსავალი მენეჯერის პოზიციიდან).
რაც შეეხება ჯანაშიას მეუღლეს, სოფიკო გეგიას სახელზეა გაფორმებული 2017 წელს თბილისში დარეგისტრირებული კომპანია, შპს “ვუდ პოინტი”, რომლის 100%-იან წილსაც ფლობს და ასევე არის დირექტორიც. ხუთივე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გეგიას ამ კომპანიიდან არასდროს არანაირი თანხა არ მიუღია, მათ შორის, არც დირექტორის პოზიციაზე ანაზღაურების სახით.
თორნიკე ჯანაშიას მარტვილის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გასული წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლთ 10 150,02 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. ხოლო მერად არჩევის შემდეგ, ერთ თვეში – 2 531,09 ლარი. ჯამში, 2017-2021 წლებში, ამ თანამდებობაზე ყოფნისას, მას 61 996 ლარი მიუღია.
2022 წელს შევსებული დეკლარაციით, ჯანაშიას სხვა დამატებითი შემოსავალი არ ჰქონია, თუმცა, მანამდე შევსებული დეკლარაციებით, მას 4 წლის განმავლობაში საოჯახო მეურნეობიდან დამატებითი შემოსავლის სახით 33 700 ლარი აქვს მიღებული.
დეკლარაციის შევსების დღეს თორნიკე ჯანაშიას “თი-ბი-სი ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 1905,75 ლარი, სახელფასო ანგარიშზე – 549,56 ლარი; “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე – 18,19 ლარი; საკრედიტო ანგარიშზე დავალიანება ჰქონდა 2 149,5 ლარი. მის მეუღლეს კი “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 928 აშშ დოლარი ედო.