ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ორდღიანი ძლიერი წვიმის შემდეგ, რამდენიმე საუკუნოვანი ხე წაიქცა. ის ფესვებიანადაა მოგლეჯილი. დაახლოებით, მეორე წელია ბოტანიკურ ბაღში უამინდობის შემდეგ წყალი დგება. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ დადიანების ისტორიულ ბაღში შექმნილი მდგომარეობა რეაბილიტაციის დროს დარღვეულ ნორმებს უკავშირდება – კერძოდ, ბაღში არ გაითვალისწინეს სადრენაჟო სისტემა, ამოაშრეს მანამდე არსებული არხები, შესაბამისად, წვიმის შემდეგ მთელ ტერიტორიაზე წყალი დგება.
საუკუნოვანი ხეები დაჭაობებულ ნიადაგს ვერ უძლებენ, ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით შვიდამდე ასეთი ხე წაიქცა. ბაღის რეაბილიტაციაზე 12 მილიონი დაიხარჯა.