ქალაქ მარნეულის ცენტრალური ხიდის ქვეშ საღამოს საათებში გავლა მარნეულელების ნაწილისათვის პრობლემურია. ხიდის ქვეშ არ არის გარეგანათება, რის გამოც ღამის საათებში მოსახლეობის ნაწილი ამ ადგილზე გავლას თავს არიდებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მარნეულში დურმიშხან მაღალაშვილის ხიდის ქვეშ გარეგანათების მოწყობას ადგილობრივი თვითმმართველობა 5 922 ლარად გეგმავს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მაღალაშვილის ხიდის ქვეშ გარეგანათების მოწყობისათვის პროექტი ჯერ კიდევ 2021 წელს შეისყიდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ მარნეულში დარჩენილი ქუჩებისა და ჩიხების გარეგანათების მოწყობისთვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის 3 864 ლარიანი ტენდერი 2021 წლის მარტში გამოაცხადა. მაღალაშვილის ხიდის ქვეშ გარეგანათების მოწყობა დაგეგმილი იყო მერიის 2021 წლის ივლისში გამოცხადებულ 129 995 ლარის ღირებულების ტენდერშიც, რომლის მიხედვითაც ქალაქში დარჩენილი ქუჩებისა და ჩიხების გარეგანათების მოწყობის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო, მაგრამ ცენტრალური ხიდის ქვეშ გარეგანათება მაინც არ მოეწყო.
მაღალაშვილის ხიდის ქვეშ გარეგანათების მოწყობისათვის ტენდერი მერიამ 2022 წლის 18 აპრილს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 29 აპრილიდან 2 მაისამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხიდის ქვეშ გარეგანათება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.