ავტორი: რუსა მაჩაიძე
ვახტანგ ღამბაშიძე ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2017 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შემდეგ იჯავებს. ის ამ პოსტზე დატოვეს 2021 წლის არჩევნების შემდეგაც. 2014-2017 წწ-ში კი ზესტაფონის გამგებლის მოადგილე იყო.
2021 წლის სექტემბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ვახტანგ ღამბაშიძე მარტო ცხოვრობს, მანამდე კი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.
მის საკუთრებაშია ზესტაფონში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია 120 კვ.მ ფართის სახლი. მას ეს ქონება 2021 წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული. მანამდე ამ მისამართზე ამ ფართის მიწას და ცოტა – 9 კვ.მ-ით მეტი ფართის სახლს (129 კვ) ფლობდა მამამისი – აკაკი ღამბაშიძე, რომელსაც 2004 წელს ასევე მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული.
ვახტანგ ღამბაშიძეს, მანქანის გარდა, სხვა არანაირი მოძრავი და უძრავი ქონება არ გააჩნია და არც ჰქონია. 2014 წელს 7 300 ლარად უყიდია მანქანა, რომელიც შემდეგ დეკლარაციებში აღარ არის დაფიქსირებული. 2016 წელს კი 13 200 ლარად იყიდა 2006 წ-ს გამოშვებული Toyota Camry. 2018 წელს მანქანა 5 000 აშშ დოლარად გაუყიდია და ამავე წელს 6 000 აშშ დოლარად იყიდა ისევ Toyota Camry, ოღონდ 2013 წელს გამოშვებული. თუმცა, 2020 და 2021 წწ-ს შევსებულ დეკლარაციებში ეს მანქანაც აღარ ჩანს და უცნობია, ამ მას რა მოუვიდა.
ღამბაშიძეს არა აქვს ფასიანი ქაღალდები, არანაირი ფირმით არ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში, არავისგან არ მიუღია ფასიანი საჩუქარი და არ ფლობს არც ერთ ისეთ ფასიან ნივთს, რომელიც დეკლარაციაში უნდა იყოს ასახული. ასევე, არ აქვს არანარი დანაზოგი.
2020 წელს შრომის ანაზღაურების სახით ჯამში აღებული აქვს 27 014,4 ლარი. დეკლარაციის შევსების დროს კი მას სახელფასო ანაგარიშზე ჰქონდა 214,64 ლარი. თუმცა, 2020 წლის 28 იანვარს „საქართველოს ბანკში“ აღებული აქვს 19 000-ლარიანი სმომხმარებლო სესხი, რომელიც 2021 წლის 23 ივლისს დაასრულა. 2020 წელს კი ამ სესხის ვალდებულებების მომსახურებაზე მას 45 160,1 ლარი დაუხარჯია (ყოველ შემთხვევაში, გასავალში ეს თანახაა დაფიქსირებული). 2016 წელს „საქართველოს ბანკში“ აღებული ჰქონდა ერთი, 11440-ლარიანი სესხი, რომელიც 2020 წელს დაასრულა.