ზესტაფონის მერის პირველი დეკლარაცია და 7 ჩასწორება – რა ქონებას ფლობს ვასილ გველესიანი

526

შემდეგი სტატია

ავტორი: რუსა მაჩაიძე

ვასილ გველესიანი ზესტაფონის მერი 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შემდეგ გახდა. ის პირველად იკავებს საჯარო სამსახურში თანამდებობას და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციაც ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ აქვს შევსებული.

2021 წლის დეკემბრის ბოლოს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის არის თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მდებარე, 110 კვ.მ ბინის 100%-იანი წილის მფლობელი, რომელიც 2005 წელს 33 000 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი. გარდა ამისა, 2014 წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული ზესტაფონში მდებარე 554 კვ.მ მიწის 25%, რომელზეც  300 კვ.მ ფართის სახლია განთავსებული. ამ ქონების მფლობელები, მასთან ერთად, ზურაბ გველესიანი და ზურაბი გველესიანი (მათი წილობრივი მფლობელობა არ არის მითითებული).

როგორც დეკლარაციაში მითითებული, მასთან ერთად მხოლოდ მისი მეუღლე, ნონა ძიძიგური, ცხოვრობს. ის არის ბათუმში მდებარე 48,55 კვ.მ ბინის მფლობელი, რომელიც 2020 წელს 35 000 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი.

ვასილ გველესიანს ჰყავს MERCEDES-BENZ GL 450-ის მარკის მანქანა, რომელიც  2021 წლის ოქტომბერში 10 251 ლარად უყიდია (გამოშვების წელი მითითებული არ არის).

ზესტაფონის მერი და მისი მეუღლე, დეკლარაციის თანახმად, სხვა ისეთ უძრავ და მოძრავ ქონებას არ ფლობენ, რომელიც დეკლარაციაში უნდა აისახოს.  ასევე, არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს. თუმცა, აქვთ დანაზოგი – ვასილ გველესიანს 15 000 ლარის ოდენობით და მის მეუღლეს – 10 000 ლარი.

დეკლარაციის შევსების დღისთვის კი გველესიანს  ორ სახელფასო ანგარიშზე  51 000 ლარამდე ჰქონდა, TBC ბანკში – 2295,49 ლარი და „საქართველოს ბანკში“ – 48344,93 ლარი. მის მეუღლეს კი TBC ბანკის სახელფასო ანგარიშზე ამ დღეს 43111,57 ლარი ჰქონია.  ასევე, TBC ბანკში ანაბრებზე ჰქონდა 6100 აშშ დოლარი და 5000 ლარი, TBC ბანკის შემნახველ ანგარიშზე  კი – 15001,19 აშშ დოლარი.  ამასთან, მას TBC ბანკში 2020 წლის ივნისში გახსნილი აქვს უვადო ანაბარი, თანხის შეუზღუდავი შეტანის პირობით. დეკლარაციის შევსების დროს ამ ანგარიშზე  მას 70 000 ლარი ჰქონდა (ანაბრიდან წინა წელს მიუღია შემოსავალი 36,44 ლარის ოდენობით).

გველესიანს TBC ბანკში აღებული აქვს სამი სამომხმარებლო კრედიტი  45 000-45 000 ათასი ლარის და 53 000 აშშ დოლარის ოდენობით. აქედან ორის (დოლარში აღებული და ერთი ლარში აღებული) თანამსესხებელი არის მისი მეუღლე. დოლარში კრედიტი აღებული აქვთ 2017 წლის თებერვალში და სრულდება 2024 წლის თებერვალში, მეუღლესთან ერთად ლარში კრედიტი აღებული აქვს 2017 წლის ივნისში და სრულდება 2022 წლის ივნისში. მესამე კრედიტი კი, რომელიც მხოლოდ მის სახელზეა, აღებული აქვს 2018 წლის ოქტომბერში და სრულდება 2023 წლის ოქტომბერში.  სამივე კრედიტის მომსახურებისთვის მათ ყოველწლიურად აქვთ გასავალი.

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, ვასილ გველესიანი 2007 წლის აგვისტოდან 2021 წლის 27 დეკემბრამდე იყო საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ დირექტორი, საიდანაც წინა წელს  არანაირი შემოსავალი არ მიუღია.  ის, ასევე, იყო შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორი 2007 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე და აქედან მისი შემოსავალი წინა წელს 320 093,81 ლარი იყო.

მას, ასევე, მითითებული აქვს, რომ შპს „ვუდენ არტ სტილის“ ანგარიშიდან 2020 წლის იანვარში ჩაერიცხა 102,55 ლარი და უკან დააბრუნა იმის გამო, რომ ამ კომპანიაში არასოდეს უმუშავია.

აღსანიშნავია, რომ ვასილ გველესიანს თავის პირველ დეკლარაციაში 7 შესწორება აქვს გაკეთებული. საბანკო/საკრედიტო დაწესებულებების გრაფაში არის 4 ცვლილება, საიდანაც ერთი დამატებულია და 3 – რედაქტირებული. სამეწარმეო საქმინობაში მონაწილეობის გრაფაში არის 2 ცვლილება, ორივე შემთხვევაში დამატებულია ინფორმაცია. 1 დამატება კი აქვს დადებული ხელშეკრულების გრაფაში, რომლის ღირებულებაც 10 ათას ლარს აღემატება.