ზუგდიდის საკრებულოში ბოტანიკურ ბაღში უფასოდ შესვლის საკითხზე იმსჯელებენ

404

ფრაქცია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიაში განსახილველად ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე საფასურის გაუქმების განკარგულების პროექტი დაარეგისტრირა, – ამის შესახებ ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარემ მაია კალანდიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

როგორც კალანდია წერს, აღნიშნული ინიციატივით მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნას ასრულებენ, რადგან, როგორც ის ამბობს, ადგილობრივებს სურთ, რომ ქალაქის მასშტაბით არსებული ერთადერთი მწვანე სივრცით სარგებლობა თავისუფალი იყოს.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბაღში შესვლა 1 თებერვლიდან ფასიანი გახდა. კერძოდ, დაწესდა სააბონემენტო სისტემა და შეღავათებით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პირები სარგებლობენ. ბაღში შესვლაზე ფასის დაწესება რამდენჯერმე გააპროტესტეს ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა და მოძრაობა “ხმის” აქტივისტებმა. მათ საკრებულოს შესაბამისი პეტიციითაც მიმართეს, თუმცა, ზუგდიდის მერიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.