არაეფექტიანი რეორგანიზაცია, დაუსაბუთებლად გაზრდილი შტატები და საბიუჯეტო დაფინანსება – აუდიტი ფოთის მუნიციპალიტეტზე ანგარიშს აქვეყნებს

309

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ფოთის მუნიციპალიტეტში არაეფექტიან რეორგანიზაციზე, დაუსაბუთებლად გაზრდილ შტატებსა და საბიუჯეტო დაფინანსებაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშს აქვეყნებს, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

აუდიტის ინფორმაციით, 2019-2020 წლებში ფოთის მუნიციპალიტეტის სუბსიდიის ხარჯმა 13 032.3  ლარი შეადგინა, რაც ამ პერიოდის მთლიანი გადასახდელების 31%-ს შეადგენს. კერძოდ, 2019 წელს მერიამ 16 იურიდიული პირის დაფინანსებაზე − 6 312.8 ლარი, ხოლო 2020 წელს 17 იურიდიული პირის დაფინანსებაზე 6 719.5  ლარი დახარჯა.

“დაფუძნებული სუბიექტების ფუნქციონირების პროცესის შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო იურიდიული პირების ეფექტიანი მართვა, რის გამოც მათ საქმიანობაში გამოვლინდა ორგანიზაციული სახის ხარვეზები, კერძოდ:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფოთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული წინა პერიოდის აუდიტის ანგარიშში დაფიქსირდა ტურიზმისა და სოციალური მიმართულების ა(ა)იპ-ების საქმიანობის მართვის ხარვეზები, რაც გამოიხატებოდა მათი ფუნქცია-მოვალეობების დუბლირებით მუნიციპალურ და სახელმწიფო სამსახურებთან”, – წერს აუდიტი.

მათივე ცნობით, დაფიქსირებულ გარემოებებზე რეაგირების მიზნით, 2019 წელს მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება სპორტული და ტურისტული, ასევე, სოციალური პროფილის ა(ა)იპ-ების გაერთიანების შესახებ.

“პროცესის შესწავლით გამოვლინდა, რომ ჩატარებული აქტივობები მეტწილად ატარებდა ფორმალურ ხასიათს და არ იყო მიმართული მდგომარეობის გაუმჯობებისკენ, რადგან ლიკვიდირებული ორგანიზაციები იმავე ფუნქცია-მოვალეობებით, საშტატო რიცხოვნობითა და ხარჯით შეუერთეს სხვა მოქმედ ა(ა)იპ-ებს. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სათანადო არგუმენტებით ვერ დაასაბუთა, რა სარგებელი მიიღო ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციით. ამასთანავე, წარმოდგენილი ინფორმაციით, 2020 წელს წინა წელთან შედარებით ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 85-ით და შეადგინა 1254 ერთეული, ხოლო დაფინანსება გაიზარდა 406.6 ათასი ლარით, მაგალითად:

  • 2019 წლის სექტემბერში, მუნიციპალიტეტმა სპორტისა და ტურიზმის სფეროს ა(ა)იპ-იების გაერთიანების შედეგად, დააფუძნა ა(ა)იპ − ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრი. აუდიტის ჯგუფმა მოითხოვა ინფორმაცია და დოკუმენტური მასალები ა(ა)იპ-ის მიერ 2019-2020 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ. შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული ცენტრის ტურიზმის განყოფილებას აღნიშნულ პერიოდში არც ერთი ღონისძიება არ ჩაუტარებია. 2019-2020 წლებში ტურიზმის ცენტრზე დაიხარჯა 281 500 ლარი,
    რაც მთლიანად მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას შეადგენს. ამასთანავე, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა − 7 ერთეულით, ხოლო ხარჯები 22 200 ლარით გაიზარდა.
  • 2019 წელს მუნიციპალიტეტმა, ა(ა)იპ − ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური კვლევის ცენტრისა და ა(ა)იპ − სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის გაერთიანებით დააფუძნა ა(ა)იპ − ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრი. ამასთანავე, 2020 წელს ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა 5 ერთეულით, ხოლო ხარჯები − 203 000 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ-ის წლიურმა ხარჯებმა შეადგინა 818.7 ათასი ლარი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ − 83 ერთეული. 2020 წელს მიღებული 818.7 ათასი ლარიდან, უფასო სასადილოში კვებით უზრუნველყოფაზე ა(ა)იპ-ს დახარჯული აქვს 268 400 ლარი (33%). დანარჩენი 550 300 ლარით დაფინანსებულია წესდებით განსაზღვრული სხვა საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტმა ა(ა)იპ-ის მიერ 2019-2020 წლებში გაწეული სხვა საქმიანობის დასადასტურებლად რაიმე სახის დოკუმენტური მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. გარდა ამისა, პროცესის შესწავლით ირკვევა, რომ ზოგიერთი მიმართულება შინაარსობრივად დუბლირებულია სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალური სამსახურების ფუნქციასთან, მაგალითად, უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარების შესახებ ინფორმაციის მოძიება, დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამოქალაქო აქტების მოძიება და სხვა
  • 2019 წელს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ − ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრის რეორგანიზაციის შედეგად დაფუძნდა 4 ა(ა)იპ:

ა(ა)იპ − ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრი;

ა(ა)იპ − ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრი;

ა(ა)იპ − ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზი;

ა(ა)იპ − ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სამხატვრო
სასწავლებელი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ა(ა)იპ-ის წლიური საკასო ხარჯი შეადგენდა 488 000 ლარს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა − 131 ერთეულს. რეორგანიზაციის შემდეგ 2020 წელს საკასო ხარჯმა შეადგინა 707 300 ლარი (219.3 ათასი ლარით მეტი), დასაქმებულთა რაოდენობამ კი 140 ერთეული (9 ერთეულით მეტი)”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

როგორც აუდიტი წერს, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა ვერ დაასაბუთეს, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული იურიდიული პირის 4 დამოუკიდებელ ერთეულად დაყოფა და რამდენად პასუხობდა მუნიციპალიტეტის მიზნებს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგები.

აუდიტის დასკვნით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპ-ში განხორციელებული რეორგანიზაცია არაეფექტიანი იყო და არ ემსახურებოდა საქმიანობის გაუმჯობესებას. კერძოდ, დაუსაბუთებლად გაზრდილია საშტატო რიცხოვნობა და საბიუჯეტო დაფინანსება. რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია. გარდა ამისა, ზოგიერთი სუბიექტისა და დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობები დუბლირებულია ან მოსამსახურეები პრაქტიკულად არ არიან დატვირთულნი.

აუდიტის რეკომენდაციაა, მერიამ, საკრებულოსთან ერთად შეისწავლოს დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა და არსებული საკადრო პოლიტიკა; განსაზღვროს, რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია გაანალიზდეს ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობები და მათზე დახარჯული სახსრების შესაბამისობა. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვა ან საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, რაც ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვას.