ფოთის თვითმმართველობის წევრებმა 2019-2020 წლებში 106.4 ტონა საწვავი დახარჯეს, – ნათქვამი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ინფორმაციით, ფოთის მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე. როგორც აუდიტი წერს, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტი თვითმმართველობებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი შესრულება.
“2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. კერძოდ, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 4 სამორიგეო ავტოსატრანსპორტო საშუალებით. საკუთარი ავტომანქანების გარდა, მუნიციპალიტეტი 2019 წელს საწვავს გასცემდა თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებულ 26 ავტომანქანაზე, ხოლო 2020 წელს − 31 ავტომანქანაზე. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 106.4 ტონა საწვავი”, – წერია ანგარიშში.
ამასთან, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის, აგაი სისტემის მონაცემები. საჯარო მოსამსახურეებზე გამოყოფილი საწვავის ყოველდღიური ხარჯვის პროცესის შესწავლისას გამოვლინდა, რომ 2019 წელს − 170, ხოლო 2020 წელს 160-ზე მეტ შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეებმა 9,500 ლიტრზე მეტი საწვავი ჩაასხეს სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილებისას (თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი და სხვ.). თუმცა, ფოთის მუნიციპალიტეტმა ვერ წარადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, რამდენად უკავშირდებოდა აღნიშნული საწვავის გამოყენება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.
“საკითხის შესწავლისას ასევე გამოვლინდა 27 შემთხვევა, როდესაც ავტორიზებულ ავტომანქანებზე ერთჯერადად ან დროის მცირე ინტერვალებით ჩასხმული საწვავის მოცულობა აღემატება ავტომანქანის ავზის მოცულობას. აღნიშნული შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც აგაი სისტემის ჩიპი მყარად არ არის დამაგრებული ავტომანქანაზე და შესაძლებელია მისი მეშვეობით სხვა არაავტორიზებული მანქანის გამართვაც. აღნიშნული გარემოება წარმოშობს რისკს, რომ საწვავი გამოიყენებოდა არასამსახურებრივი დანიშნულებით”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე.
ასევე, დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.
“ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. ასევე, აგაი სისტემის არსებული მეთოდით გამოყენება, მათ შორის, ავტომობილის ავზიდან დამაგრებული „ჩიპის“ მოხსნისა და გადაადგილების შესაძლებლობა, ერთჯერადად ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები, წარმოშობს არასამსახურებრივი ავტომობილების საწვავით გამართვის რისკებს”, – წერია აუდიტის დასკვნაში.
აუდიტის რეკომენდაციაა, მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიასთან შეთანხმებით შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა და განისაზღვრება საწვავის ხარჯვის კონტროლის მექანიზმები. საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია, მერიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები, მათ შორის, ალტერნატიულ პროცედურად შესაძლოა განხილულ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციისას უფლებამოსილი პირების მიერ, დამონტაჟებული საწვავის „ჩიპების“ მთლიანობის შემოწმება; სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა, განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა.