ფოთის მუნიციპალიტეტში დაგვიანებით დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშს აქვეყნებს, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების წლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით, შემოსულობებმა 2019-2020 წლებში − 51 827.4 ლარი, ხოლო გადასახდელებმა 50 074.4 ლარი შეადგინა.
ინფორმაცია შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში.
აუდიტის ინფორმაციით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი არასათანადოდ შეასრულა. კერძოდ, მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად წლის ბოლომდე ვერ აითვისა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო პროგრამით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები: ძირითადად, ვერ დასრულდა და დაგვიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, სპორტული ობიექტების, საბავშვო ბაღების, საჯარო სკოლებისა და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.
“საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტი ფლობდა მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს. კერძოდ, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ანგარიშზე ნაშთის სახით ერიცხებოდა 4 351.2 ლარი. 2019 წელს დაიგეგმა 4 177.8 ლარის ხარჯვა, თუმცა წლის განმავლობაში ნაშთის დაგროვებამ 72 400 ლარი შეადგინა. შესაბამისად, პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა 4,423.6 ათასი ლარის ნაშთი, საიდანაც 2 782.7 ლარი თავისუფალი ნაშთია. 2020 წელს მუნიციპალიტეტმა დაგეგმა ნაშთის გამოყენება 4 188.7 ლარის ოდენობით, მაგრამ წინა წლის მსგავსად დააგროვა 1 680.5 ლარი, შესაბამისად, წლის ბოლოსათვის საბიუჯეტო ნაშთმა 6 104.1 ლარი შეადგინა, საიდანაც 3 827.9 ლარი თავისუფალი ნაშთია”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის დასკვნით, ფოთის მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება, ამასთანავე, დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი). რაც აუდიტის ინფორმაციით, მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.
აუდიტის რეკომენდაციაა, ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად. ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიიმართოს ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად.