მარნეულის თვითმმართველობამ 2019-2020 წლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად ვერ განახორციელა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
როგორც აუდიტი წერს, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებზე დაყრდნობით, 2019-2020 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა − 71 644.7 ლარი, ხოლო გადასახდელებმა 74 654.7 ლარი შეადგინა.
ინფორმაცია შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში №1
აუდიტის ინფორმაციით, ორივე საანგარიშო წლისათვის მუნიციპალიტეტმა არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი არასათანადოდ შეასრულა. კერძოდ, მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად წლის ბოლომდე ვერ აითვისა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო პროგრამით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები: ძირითადად, ვერ დასრულდა და დაგვიანდა სამედიცინო ცენტრების, სასმელი წყლისა და სანიაღვრე სისტემების, ხიდის მშენებლობა, სპორტული მოედნებისა და პარკების კეთილმოწყობა.
“გარდა დაგეგმილი და აუთვისებელი თანხებისა, მუნიციპალიტეტს 2019-2020 წლებში, თავისუფალი ნაშთის სახით, გააჩნდა არსებითი მოცულობის თანხები, კერძოდ:
2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 8 220.7 ლარი, მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 8 203.2 ლარის გამოყენება. მიუხედავად ამისა, 2019 წელს ნაშთის ცვლილებით გამოწვეულმა ფულადი სახსრების გამოყენებამ მხოლოდ 2 526.5 ლარი შეადგინა და წლის ბოლოს დაფიქსირდა 5 694.2 ლარის ნაშთი. აღნიშნული ფულადი სახსრებიდან 2 454.5 ლარი სხვადასხვა გარდამავალი და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად წარმოიქმნა, ხოლო დანარჩენი 3 239.7 ლარი თავისუფალი ნაშთია.
მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 2019 წლის ბოლოს დაგროვებული ნაშთიდან 5 674.7 ლარის გამოყენება. 2020 წელს ნაშთი შემცირდა და ნაშთის ცვლილების გამოყენებამ (კლებამ) 483.5 ლარი შეადგინა. შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრისთვის დაფიქსირდა 5 210.7 ლარის ნაშთი. აღნიშნული ფულადი სახსრებიდან 2 760.5 ლარი წარმოიშვა სხვადასხვა გარდამავალი და წლის ბოლომდე დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტის გამო, ხოლო დანარჩენი 2 449.8 ლარი თავისუფალი ნაშთია”, ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი). აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის განკარგვაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.
აუდიტის რეკომენდაციაა, ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად; ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიმართოს ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად.