აუდიტი: ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 1 984 500 ლარის ღირებულების დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიბარა

525

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 1 984 500 ლარის ღირებულების დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიბარა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

აუდიტის ინფორმაციით, 2020 წელს ქუთაისში N1, N2 სამუსიკო სკოლებისა და ხელოვნების სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც ჯამში  763.7 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს TU-KA-მ და შპს „კოდორი – 2014“-მა შეასრულეს, ხოლო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებულია ი/მ ლერი ვერძაძისა  და შპს „იუნივერს-პალასის“ მიერ.

როგორც აუდიტი წერს, მშენებლობის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შესრულებული მშენებლობები უხარისხოა. ასევე, ობიექტის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ სამუშაოების ნაწილი დაზიანებულია, კერძოდ:

  •  N1 სამუსიკო სკოლაში დაზიანებულია კედლები, რის გამოც ზოგიერთ საკლასო ოთახში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი;
  • N2 სამუსიკო სკოლაში, დათვალიერების დროს, არ მუშაობდა გათბობის სისტემა. ახლად შეცვლილი კარები და საკეტები, რიგ შემთხვევაში, დაზიანებული იყო და არ ფუნქციონირებდა.
    სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა,35 რომ სკოლაში გადახურვის სამუშაოები სათანადოდ არ არის დაგეგმილი, რის გამოც წყალი შენობაში აღწევს და აზიანებს მას. ასევე, შშმ პირებისთვის ასასვლელი დაგეგმარებულია ისე, რომ არ ესაზღვრება გზას და სარგებლობა შეუძლებელია;
  • პროექტში არსებული ნაკლოვანებების გამო, სათანადოდ არ იყო შესრულებული სველი წერტილების სარემონტო სამუშაოები, რის გამოც მიმდებარე ოთახებიც ზიანდებოდა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებში 763.7 ათასი ლარია გადახდილი, თუმცა შესრულებულია უხარისხოდ; ასევე, უხარისხოა მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რაშიც შემსრულებლებმა ანაზღაურების სახით 20.8 ათასი ლარი მიიღეს. აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მიერ ჩაბარებულია სრულად. სამუშაოების მოცულობები და ხარისხი დადასტურებულია შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ დასკვნით, რომელმაც ობიექტების ინსპექტირებისთვის 17.7 ათასი ლარი მიიღო.

“გარდა აღნიშნული შემთხვევისა, დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ 9 ხელშეკრულების ფარგლებში, დაზიანებულია 1 220 800 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნაწილი.

აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მიერ ჩაბარებულია სრულად. სამუშაოების მოცულობები და ხარისხი დადასტურებულია შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ დასკვნებით. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურა, ზოგიერთ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას სამუშაოების ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. ობიექტების ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილი უხარისხობა, ძირითადად, სამუშაოების მიმდინარეობისას მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგია, რომლის გამოვლენაც საზედამხედველო და საექსპერტო დაწესებულებების
ვალდებულებაა. დაზიანებული ობიექტების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს, აღნიშნული ორგანიზაციების პასუხისმგებლობის შესახებ, არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.

აღსანიშნავია, რომ დათვალიერების მომენტისათვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა, რაც არსებული ნაკლოვანებების მიმწოდებლის ხარჯით გამოსწორებას ითვალისწინებს. მერიამ, ობიექტებზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით, მიმწოდებლებს მიმართა მხოლოდ აუდიტის ჯგუფის მიერ ხარვეზების გამოვლენის შემდეგ”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტში დანერგილი კონტროლის სისტემა, რომელიც მოიცავს, როგორც მერიის ინსპექტირების ჯგუფის საქმიანობას, ასევე, საექსპერტო მომსახურების შესყიდვას, რიგ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დადგენილ ხარისხს. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა 1 984 500 ლარის სამუშაოები, რომლებიც დაზიანებულია და საჭიროებს გამოსწორებას.

“მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო, დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გამოევლინა მათზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები”, – წერია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის რეკომენდაციაა, მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და მონიტორინგის წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები; რეგულარულად აწარმოოს შესყიდული ობიექტების მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, აამოქმედოს გარანტიის მექანიზმი ნაკლოვანებების/ხარვეზების დროულად აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვასა და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა.