აუდიტი: ნარჩენების გადამუშავებას, რომელიც ქუთაისის მერიამ ვერ უზრუნველყო, 1 მილიონზე მეტი მოხმარდა

531

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ნარჩენების გადამუშავებას, რომელიც ქუთაისის მერიამ ვერ უზრუნველყო, 1 მილიონზე მეტი მოხმარდა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

აუდიტის ინფორმაციით, 2019-2020 წლებში მერიამ საგრანტო პროგრამის − „მდინარეები ნარჩენების გარეშე – სუფთა შავი ზღვისათვის“ ფარგლებში, ნარჩენების საკომპოსტე ცენტრის მოწყობის მიზნით, გააფორმა 7 ხელშეკრულება, ღირებულებით − 1 006 900 ლარი.  ცენტრის შექმნის მიზანია სხვადასხვა ტიპის ორგანული ნარჩენების გადამუშავება და კომპოსტის
შექმნა. მიღებული კომპოსტი, თავის მხრივ, ორგანული სასუქია, რომელიც მერიამ, შესაძლებელია, გამოიყენოს, როგორც გამწვანების ღონისძიებებში, ასევე, გაუკეთოს რეალიზაცია და მიიღოს შემოსავალი.

როგორც აუდიტი წერს, საკომპოსტე ცენტრის მშენებლობა მერიამ 2019 წელს დაიწყო, მოაწყო შესაბამისი შენობა-ნაგებობა და შეისყიდა ყველა საჭირო ტექნიკა-დანადგარი. ცენტრის აღჭურვა დასრულდა 2021 წლის 4 აპრილს. მიუხედავად იმისა, რომ საკომპოსტე ცენტრში ადგილზე მიტანილია გადასამუშავებელი ნარჩენებიც, 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ცენტრი არ ფუნქციონირებდა.

აღსანიშნავია, რომ აუდიტის მიმდინარეობისას, საკომპოსტე ცენტრის სამართლებრივი სტატუსი ჯერ კიდევ არ იყო განსაზღვრული. მერიას შესყიდული აქტივები გადაცემული არ ჰქონდა მის მიერ დაფუძნებული რომელიმე იურიდიული პირისათვის. ტექნიკისა და მანქანა-მექანიზმების ნაწილს საგარანტიო ვადა ისე ეწურება, რომ 2021 წლის დეკემბრისთვის მათი გამოყენება არ მომხდარა. აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდგომ, საკომპოსტე ცენტრი 2022 წლის იანვრიდან გადაეცა ა(ა)იპ “სპეციალურ სერვისებს”, რომელმაც დაიწყო ნარჩენების გადამუშავების პროცესი.

ამასთან, აუდიტის ინფორმაციით, არსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს მერიამ, თანადაფინანსების სახით, ასევე, შეისყიდა 40.4 ათასი ლარის ღირებულების კონტეინერები პლასტმასის ნაკეთობების შესაკრებად. კონტეინერებში შეკრებილი პლასტმასის სარეალიზაციოდ მომზადებისთვის უნდა გამოეყენებინათ სპეციალური მოწყობილობები. 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, შეკრებილი პლასტმასის შერევა ხდებოდა ნაგავსაყრელზე სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან.

აუდიტის დასკვნით, საგრანტო პროგრამის მიხედვით, მერიამ 1 047 300 ლარი დახარჯა საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად. საკომპოსტე ცენტრი არ ფუნქციონირებდა და მისი სამართლებრივი სტატუსი არ იყო განსაზღვრული. მერია არ გადაამუშავებს არც მოსახლეობისაგან ცალკე შეკრებილ პლასტმასის ნარჩენებს. შედეგად, სისტემის გაუმჯობესებისთვის გამოყოფილი თანხები არაეფექტიანი ხარჯია.

აუდიტის რეკომენდაციაა მერიამ, საგრანტო პროგრამის ფარგლებში დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევის მიზნით, უზრუნველყოს საკომპოსტე ცენტრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა და გაატაროს სათანადო ღონისძიებები ცენტრის ფუნქციონირებისათვის. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას და მერიას საშუალებას მისცემს, მიიღოს დამატებითი სარგებელი ნარჩენების გადამუშავებით მიღებული
პროდუქტების რეალიზაციით.