ქუთაისის მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი კონტროლის სისტემა, რომელიც უხარისხოდ შესრულებულ პროექტებს გამოავლენს, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ინფორმაციით, 2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, 148 ხელშეკრულების ფარგლებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეისყიდა. მშენებლობების პროცესის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მერიის მიერ გაფორმებულ 93 ხელშეკრულებაში, რომელთა ღირებულება 23 526 700 ლარია, განხორციელდა მინიმუმ ერთი ცვლილება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირების მიზნით, ხოლო 84 შემთხვევაში − ცვლილებები 2-ზე მეტია. იმ დოკუმენტაციაში, რომელთა კორექტირებაც საჭირო გახდა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, გადახდილია 423 500 ლარი.
“წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები, ხშირ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნების მიღებას შეძენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. პროექტების ხარვეზები, ძირითადად, გამოვლინდებოდა სამუშაოების შესრულების დროს. შედეგად, ხელშეკრულებებში ცვლილებები შედიოდა სისტემატურად”, – წერს აუდიტი.
ამასთან, ქუთაისის მერიამ აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინა ინფორმაცია, რა ღონისძიებები გაატარა იმ საპროექტო კომპანიების მიმართ, რომლებმაც მერიას უხარისხო პროექტები მიაწოდეს,
მაგალითად: 2020 წელს მერიამ შეისყიდა ავტობუსების საპარკინგე ადგილისა და მართვის
ცენტრის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ეკა დიზაინს“ აუნაზღაურდა 52.4 ათასი ლარი. 2020 წლის 7 აპრილს მერიამ, შესყიდული პროექტის საფუძველზე, ხელშეკრულება გააფორმა შპს „სქაიჰაუსთან“, ღირებულებით − 2,642.8 ათასი ლარი.
“სამუშაოების მიმდინარეობისას ხელშეკრულებაში შევიდა 16 ცვლილება, რაც
ძირითადად, პროექტში არსებულმა ხარვეზებმა გამოიწვია. მიწოდებული პროექტის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მნიშვნელოვანი ხარვეზებით იყო შედგენილი, კერძოდ:
- დაგეგმილ ადგილას, მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის ხაზების გამო, არ შეიძლებოდა ავტოპარკის მოწყობა, რის გამოც საპარკინგე ადგილი შეიცვალა;
- საკანალიზაციო სისტემის მოწყობა არასწორად დაიგეგმა, რადგან მილების დახრა არ შეესაბამებოდა სტანდარტს;
- პროექტით არ იყო გათვალისწინებული ყველა ვიდეოკამერის დაერთებისთვის საჭირო სამუშაოები და სხვ.
აღსანიშნავია, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის უხარისხობის გამო, სამუშაოების დასრულების ვადებიც გაიზარდა. კერძოდ, თავდაპირველი ხელშეკრულებით დაგეგმილი იყო მშენებლობის 2020 წლის 8 დეკემბერს დასრულება, მაგრამ ვადამ 2021 წლის 21 აპრილამდე გადაიწია.
მიუხედავად იმისა, რომ საპროექტო დოკუმენტაცია იყო უხარისხო და მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი პროექტის დროულად დამთავრებას, მუნიციპალიტეტს საპროექტო კომპანიის მიმართ სათანადო ღონისძიება არ გაუტარებია”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
გარდა ამისა, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ქუთაისში ავტობუსების საპარკინგე ადგილის
მოწყობა. რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 23.7 ათასი ლარის ღირებულების ვიდეოსამეთვალყურეო ქსელი არ არის დაკავშირებული ცენტრალურ მონიტორთან, რადგან პროექტი ვიდეოკამერების ერთიან ქსელში ჩართვას არ ითვალისწინებდა. შედეგად, ვიდეოსამეთვალყურეო ქსელის მონტაჟისთვის გადახდილი თანხები არაეფექტიანი ხარჯია. უხარისხოდ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება ქუთაისის მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოების მნიშვნელოვან დაგვიანებას იწვევდა. კერძოდ, პროექტის კორექტირების მიზეზით, ვადები გაიზარდა 83 ხელშეკრულებაში, რომელთა საერთო ღირებულება − 19,115.9 ათასი ლარია. აქედან, 100 დღეზე მეტად დაგვიანდა 4,971.5 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულებების შესრულება.
აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უხარისხოდ შესრულებული პროექტების გამოვლენასა და მათზე სათანადო რეაგირებას. ხარვეზებით ჩაბარებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მნიშვნელოვნად ზრდიდა მიწოდების ვადებს და აზიანებდა შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესებს. მიუხედავად ამისა, მერიას საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლების მიმართ სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.
აუდიტის რეკომენდაციაა, მერიამ დანერგოს დამატებითი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამოვლენას პროექტის მიღება-ჩაბარების ეტაპზე. ამასთანავე, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში, საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, პროექტის ავტორის მიმართ გამოიყენოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. გარდა ამისა, შეისწავლოს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ჩაიბარეს უხარისხოდ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და მათ მიმართ გაატარონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.