„ახალი საქართველო’’ ინიციატივით გამოდის, მოსკოვის გამზირს სახელი გადაერქვას და მას საქართველოს გამზირი ეწოდოს

1038

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველო’’ ინიციატივით გამოდის, მოსკოვის გამზირს სახელი გადაერქვას და მას საქართველოს გამზირი ეწოდოს. პარტიის წევრებმა აღნიშნული ინიციატივით საკრებულოს მიმართეს და 1500-მდე ხელმოწერა და განცხადება შეიტანეს. როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, სიმბოლურია, რომ მოსკოვის გამზირის ნაცვლად საქართველოს გამზირი დაერქვას. მისივე თქმით, მოსკოვის გამზირი უნდა გახდეს საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი.

“უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა და გაკეთდეს ყველაზე გრძელი საფეხმავლო ბილიკი. ეს, კი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მოპირკეთდება სკვერები და მოეწყობა დასასვენებელი წერტილები. მნიშნელოვანია, რომ ამ ადგილას გაკეთდეს შემეცნებითი მუზეუმები, სადაც გაცოცხლდება საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტები. ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ ამ უბანს ახალი ფუნქცია ექნება, მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტი, რომ რუსეთის დედაქალაქის სახელდების ქუჩა არ უნდა გვქონდეს თბილისში და ზოგადად საქართველოში. რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და სიმბოლურია, რომ ამის ნაცვლად დაერქვას საქართველოს გამზირი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარტიის წევრები იმედოვნებენ, რომ საკრებულო აღნიშნულ ინიციატივას უახლოეს მომავალში განიხილავს და დადებით პასუხს გასცემს. მათი თქმით, ინიციატივის მხარდასაჭერად, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი