თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
დეპუტატის განცხადებით, მოსკოვის გამზირთან დაკავშირებით მსჯელობა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. თინათინ ნიბლოშვილი განმარტავს, რომ გამზირისთვის სახელის გადარქმევას შესაბამისი პროცედურების გავლა სჭირდება. მათ შორის, გასათვალისწინებელია იმ ათასობით ადამიანის პოზიცია, რომელიც აღნიშნულ გამზირზე ცხოვრობს.
„საკითხის სიმძიმიდან გამომდინარე, კიდევ უფრო აქტიურად ვმუშაობთ მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლაზე. გვაქვს გარკვეული ვერსიები. რაც შეეხება გმირებს, 2008 წლიდან დაწყებული, რუსულ აგრესიას ძალიან ბევრი ქართველის სიცოცხლე შეეწირა და თბილისში ამ გმირების სახელობის უკვე ათობით ქუჩა გვაქვს“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
Manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომელშიც მოქალაქეები დედაქალაქში მდებარე მოსკოვის გამზირისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭებას მოითხოვენ.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.